«გავლენიანი ფიგურების» გასვლით მოქკავშირის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეიზღუდება

        პარლამენტის თავმჯდომარის სენსაციურმა განცხადებამ იმის თაობაზე, რომ სულ მალე რამდენიმე ცნობილი მოღვაწე დატოვებს «მოქალაქეთა კავშირის» რიგებს, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თუმცა საოცარი არაფერი მომხდარა: რაღაც მსგავსი მოსალოდნელი იყო, რადგან, მართლაც, დიდი ხანია საუბრობენ განხეთქილების შესახებ «მოქალაქეთა კავშირში». მაგრამ სწორედ «რაღაც მსგავსი» იყო მოსალოდნელი, ანუ «მოქკავშირელი» პროტესტანტების სენსაციური პრესკონფერენცია, კარების გაჯახუნება და არა ის, რაც მოხდა, ზურაბ ჟვანიამ მოვლენებს დაასწრო და «სენსაცია გააფუჭა», ანუ წინასწარ თვითონ განაცხადა პარტიიდან მნიშვნელოვანი ფიგურების გასვლის შესახებ.
        ოღონდ აქ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ნიუანსია დასაზუსტებელი: ერთმანეთისაგან უნდა გავარჩიოთ პარტიის ან ფრაქციის «დაშლა» და «პარტიიდან წევრთა ნაწილის გასვლა», რაც ერთი და იგივე სულაც არ არის. მაგალითად, როდესაც მოხდა განხეთქილება «ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში», პარტია გაიყო ორ ნაწილად (მიუხედავად სახელწოდებისა) და ორივე ნაწილი ყველა თვალსაზრისით, თანაბარზომიერი იყო - რაც დაადასტურა 1998 წლის ადგილობრივმა და 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებმა.
        საეჭვოა ასეთი რამ მოხდეს მოქკავშირში. «გავლენიანი ფიგურების» (ნიკო ლეკიშვილის და მისი «ახალი ქართველების»)- გასვლა მმართველი პარტიიდან და თუნდაც ახალი საპარლამენტო ფრაქციის ჩამოყალიბება, არ აღიქმება, როგორც მოქალაქეთა კავშირის დაშლა, თუმცა, რასაკვირველია, ამის შემდეგ პარტიის შესაძლებლობები (როგორც პარლამენტში, ისე მის ფარგლებს გარეთ) მნიშვნელოვანწილად შეიზღუდება.
        ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მოქალაქეთა კავშირს საკანონმდებლო ორგანოში აღარ ექნება კვალიფიციური (მით უმეტეს, კონსტიტუციური) უმრავლესობა.
        აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არც კვალიფიციური, არც საკონსტიტუციო უმრავლესობა მოქკავშირს არაფერში გამოადგა (ვერც გამოიყენებდა), ვინაიდან ქვეყანაში არსებული ვითარების და რეალობის გათვალისწინებით იგი, სულ ერთია, მაინც ვერ გაბედავდა მიეღო ერთპიროვნულად (სხვა პარტიათა წინააღმდეგობის პირობებში) გადაწყვეტილება (ვთქვათ) კონსტიტუციასთან დაკავშირებით – თუნდაც საამისოდ ხმები და მანდატები საკმარისად ჰქონოდა.
        თავის დროზე მოქკავშირში სრულიად საპირისპირო მიმართულებისა და მოტივაციის ხალხი გაერთიანდა. ფაქტობრივად, მოქალაქეთა კავშირი დათო ბერძენიშვილის განსაზღვრებით იყო «სახელმწიფო პარტია», რომელიც ეყრდნობოდა მმართველობით სტრუქტურებს. ისევე, როგორც თვით «საარჩევნო სიით» პარლამენტში მოხვედრილთა მნიშვნელოვანი სეგმენტი ამ პარტიაში მოხვდა არა რაიმე «მსოფლმხედველობრივი» ან თუნდაც «პოლიტიკურად მერკანტილური», არამედ სულ სხვა მოტივებით, მათ შორის, კონიუნქტურული და მატერიალური მოსაზრებებით.
        როგორც ჩანს, «სახელმწიფო პარტიის» შენარჩუნება საქართველოში უპერსპექტივოა – ახლოვდება 2001 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც საბოლოოდ დაუსვამს წერტილს «სახელმწიფო პარტიების» ეპოქას – იმ აზრით, რომ მოქალაქეთა კავშირი ვეღარ შეინარჩუნებს ამ პოზიციას, ამიტომ ჟვანიასთვის სრულიად ფუჭია ბრძოლა პარტიის ძველი სახით შესანარჩუნებლად.
        იწყება ნორმალური საპარლამენტო, პოლიტიკური ცხოვრება, ნორმალური პაექრობა «კლასიკურ პოლიტიკურ პარტიებს» შორის. მოქკავშირის ელიტას იმედი აქვს, რომ ამ ბრძოლაში მის პარტიას კარგი შანსი ექნება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ასლან აბაშიძესთან კომპრომისის შედეგად მოხერხდა ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის განსაზღვრა.
        ვნახოთ, ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს.

მერიდიანი, 2 ივლისი, 2000 წელი

მთელ გვერდზე