მიხეილ მაჭავარიანმა მოქალაქეთა კავშირს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა?!

        იანვრის ბოლოს, სახელმწიფო კანცელარიაში, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, «სამეურნეო აქტივის» მორიგი კრება გაიმართება, რომელზეც შეაჯამებენ 1999 წლის ეკონომიკური განვითარების შედეგებს.
        შევარდნაძემ უკვე განაცხადა, რომ მთავარი განსახილველი საკითხი იქნება ბიუჯეტი. თანაც, უფრო შარშანდელი, ვიდრე 2000 წლისა, ვინაიდან განვლილმა წელმა ამ თვალსაზრისით ქვეყნის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.
        საერთო (ორწლიანმა) «გარღვევამ» ბიუჯეტში სამას მილიონ ლარს გადააჭარბა და სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ძირითადი მიზეზი (ან მთავარი მიზეზი) ნამდვილად არ არის რუსეთის ფინანსური კრიზისი.
        რუსეთის საფინანსო სისტემის კრახმა მხოლოდ დააჩქარა და დაამძიმა უკვე განვითარებული ნეგატიური პროცესები საქართველოში, მაგრამ საკუთრივ საბიუჯეტო კრიზისის პირველი ნიშნები, თუ გახსოვთ, ჯერ კიდევ 1997 წელს გამოჩნდა, როდესაც ჩაიშალა «პრეზიდენტის საფინანსო პროგრამა».
        ეს პროგრამა ხელისუფლებამ მიიღო სავალუტო ფონდის ექსპერტთა სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, რომლებიც ხელისუფლებას (მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით) უკვე მაშინ აფრთხილებდნენ, რომ რაც უფრო სწრაფად განვითარდებოდა საბაზრო მექანიზმები საქართველოში, უფრო გაძლიერდებოდა ფინანსურ-სამრეწველო ჯგუფების წინააღმდეგობა გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით. ეს პროგნოზი საკმაოდ ზუსტი აღმოჩნდა.
        რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, 1999 წელს «საგადასახადო დეპარტამენტმა» გეგმა გადაჭარბებით შეასრულა ანუ ამ უწყებასთან ხელისუფლებას თითქოს პრეტენზიები არ შეიძლება ჰქონდეს. სამაგიეროდ, «საბაჟოს» თვალსა და ხელს შუა «დაუძვრა» ასი მილიონი (!) ლარი – სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი უმძაფრესი მიზეზი (განათლებისა და ჯანდაცვის არასაკმარისად დაფინანსებასთან ერთად), რომ მსოფლიო ბანკმა შარშან საქართველოს არ გამოუყო დაპირებული 30 მილიონი დოლარი, ხოლო სავალუტო ფონდმა უარი განაცხადა შეემუშავებინა ახალი სამწლიანი საფინანსო პროგრამა. ამას დაემატა სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან შემოსული თანხების ნაკლებობაც.
        შექმნილ ვითარებაში, ერთი შეხედვით თითქოს ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო «მოქალაქეთა კავშირმა», რომელმაც თავისი გენერალური მდივანი «განამწესა» ახალი «საგადასახადო» სამინისტროს ხელმძღვანელად.
        მაგრამ თუ ამ საკითხს ყურადღებით შევისწავლით, ცხადი გახდება, რომ მოქალაქეთა კავშირმა დაუშვა უმძიმესი პოლიტიკური შეცდომა. შეიძლება ითქვას, იგი წავიდა ყოვლად გაუმართლებელ რისკზე და გამოიჩინა მორიგი «დონკიხოტობა», რაც პოლიტიკური ძალისათვის სიკვდილის ტოლფასია.
        რისკის დონე იმდენად მაღალია, რომ აქ არავითარი რაციონალური გათვლა არ ჩანს – ემოციური «აფეთქების» გარდა: მიხეილ მაჭავარიანის დანიშვნა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის პოსტზე უეჭველად იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეთა კავშირმა იკისრა სრული პასუხისმგებლობა ამ სფეროში მოვლენათა შემდგომი განვითარებისათვის.
        არადა, როგორც უკვე ითქვა, საგადასახადომ შარშანდელი გეგმა შეასრულა. ანუ, ამ უწყების ხელმძღვანელმა გარკვეულწილად გამონახა «ოქროს შუალედი» და საერთო ენა ძირითადად გადამხდელებთან.
        საგადასახადომ ცენტრალური ბიუჯეტის გეგმა შეასრულა 101 პროცენტით – ძველი საბჭოური ტრადიციისამებრ. «საბჭოთა ტრადიცია» კი ჭკვიან «ნომენკლატურულ მოხელეს» ასწავლის, რომ გეგმა ყოველთვის უნდა შეასრულოს სწორედ 101 ან 102 პროცენტით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში 120 და 150, ვინაიდან შემდეგ წელს («რაკი ამდენი შეგიძლია») გეგმად სწორედ იმ 120 და 150 პროცენტს დაუწესებენ.
        საეჭვოა ამ ნომენკლატურულ სიბრძნეს იცნობდეს მიხეილ მაჭავარიანი, რომელმაც მგონი, კომკავშირში შესვლაც ვერ მოასწრო, ვინაიდან «მოძრაობის» მრისხანე შეტევის შედეგად; 1999 წლისათვის, ალკკ საქართველოში დაიშალა.
        ალკკ (კომკავშირი) იქით იყოს და მთავარი პრობლემა (როგორც ვხედავთ) საბაჟო სფეროშია საძიებელი. თვით ამ პრობლემის ქვაკუთხედია არა კორუფცია (ეს მეტისმეტი გამარტივება იქნებოდა) არამედ ის ფაქტი, რომ ცენტრალური ხელისუფლება ფაქტობრივად ვერ აკონტროლებს ქვეყნის საზღვრებს რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მონაკვეთზე.
        რას შეცვლის ამ თვალსაზრისით მიხეილ მაჭავარიანი? – აბსოლუტურად ვერაფერს! უფრო მეტიც, რაკი მოქალაქეთა კავშირმა საკუთარი პარტიის გენერალური მდივანი დანიშნა ამ პოსტზე, მან თავად შეიზღუდა პოლიტიკური მანევრისათვის აუცილებელი სივრცე.
        ამიერიდან უშუალოდ საპარლამენტო უმრავლესობა ხდება პასუხისმგებელი ნებისმიერი გადაწყვეტილებისათვის, რომელიც არ ეპიტნავებათ რეგიონულ ლიდერებს.
        გარდა ამისა, მოქალაქეთა კავშირს უშუალოდ მოუწევს დაპირისპირება ამ მიზეზით სხვა პოლიტიკურ ძალებთან. თუკი ეს «საბაჟო პრობლემაა» - ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ «მთავარი იმპორტიორები» სწორედ ოპოზიციის ფრთებქვეშ აღმოჩნდნენ პარლამენტში, ხოლო ყველაზე წარმატებული მწარმოებლები «მოქალაქეთა» ფრაქციის წევრები არიან.
        ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი შეტევა «იმპორტიორების» წინააღმდეგ აღიქმება, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორება და შესაბამისი რეაქციაც მოჰყვება პარლამენტში. თუმცა, სამართლიანობა იმის თქმასაც მოითხოვს, რომ ყველაზე მსხვილი და ბობოლა იმპორტიორების აღმოჩენა სწორედ იმ ე.წ. «ოპოზიციის» საარჩევნო სიაში, რომელიც ყველაზე ხმამაღლა გაჰკივის «ადგილობრივი მწარმოებლების» უფლებების დაცვის თაობაზე – თავისთავად მრავლისმეტყველია.
        კიდევ ერთი, ძალზე სერიოზული პრობლემა, რისი გადალახვაც მოუწევს მიხეილ მაჭავარიანს მინისტრის პოსტზე (ამის ნიშნები უკვე იგრძნობა) – არის ორივე სისტემის კორპორაციული წინააღმდეგობა, როგორც «საგადასახადო», ასევე «საბაჟო», - მკაცრად სტრუქტურიზებული, მრისხანე «შიდა განაწესისა» და «თამაშის წესების» მქონე კორპორაციებს წარმოადგენენ.
        თამაზ მაღლაკელიძეცა და მიხეილ ჩიკვილაძეც ორივე უწყებაში მიიღეს, როგორც სისტემასთან «შეთავსებადი» ფიგურები, ამიტომაც არ ამოქმედებულა «უცხო სხეულის განადგურებისა და განდევნის» მექანიზმი.
        მაგრამ მიიღებენ თუ არა ასევე მიხეილ მაჭავარიანს? ყოველ შემთხვევაში თეორიულად მიხეილ მაჭავარიანი ორივე სისტემაში «უცხო სხეულია» და ზემოთ ხსენებული მექანიზმი სავსებით შეიძლება ამოქმედდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ «საგადასახადოსა» და «საბაჟოს» მუშაკები სახელმწიფო კანცელარიის წინ მიტინგებსა და მანიფესტაციებს მოაწყობენ – არსებობს სხვა, ბევრად უფრო ქმედითი ნომენკლატურული ტექნოლოგიები........მათ შორის საბოტაჟი.

7 დღე, 12 იანვარი, 2000 წელი

მთელ გვერდზე