მინისტრთა კაბინეტი პანაცეა არ არის

        დისკუსია ე.წ. მინისტრთა კაბინეტის დაფუძნების თაობაზე, როგორც ჩანს, საბოლოოდ მხოლოდ «აღმასრულებელი ხელისუფლების» მთლიანად დაკომპლექტების შემდეგ ამოიწურება. არანაირი «მინისტრთა კაბინეტი» ფორმალურად არ შეიქმნება – უმრავლესობა ამას არ დაუშვებს (და არც პრეზიდენტი დაეთანხმება), ვინაიდან შესანიშნავად უწყის, რომ კონსტიტუციის ესოდენ «ძირფესვიანად» შეცვლას კონკრეტული შედეგი არ მოჰყვება - «მინისტრთა კაბინეტი» პანაცეა არ არის.
        უბრალოდ სასაცილოა ისტერიული განცხადებები, თითქოს «მინისტრთა კაბინეტის გარდა, საქართველოს სხვა გზა აღარ დარჩენია, ეს არის ერთადერთი გამოსავალი» და ა.შ. არავითარი «გამოსავალი» ეს არ არის – უბრალოდ, ორი მუქთამჭამელის ნაცვლად გაჩნდება რამდენიმე (ვიცე-პრემიერები, მათი აპარატები, რეფერენტები, თანაშემწეები...), ხოლო გადაწყვეტილებათა მიღება გაიხლართება აურაცხელ ბიუროკრატიულ «მარწუხში».
        გაუგებარია, ეს «კაბინეტისტები» რამ გადარია – განა საქართველოში 1992 წლიდან - 1995 წლამდე «მინისტრთა კაბინეტი» არ იყო თავისი «პრემიერებითა» და «ვიცე-პრემიერებით»? მანამდე, 70 წლის განმავლობაში «ცეკასთან» ერთად ქვეყანას «მინისტრთა საბჭო» მართავდა, რაც, ფაქტობრივად, იგივე «კაბინეტია», ოღონდ პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, შესაბამის თანამდებობის პირს «მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე» ეწოდებოდა.
        კაცმა რომ თქვას, დიდი განსხვავება არც მაშინ იყო:. რასაც აკეთებდნენ 70 წლის განმავლობაში, იგივეს აკეთებდნენ 1992-95 წლებში, იგივეს აკეთებენ ამჟამად და გააკეთებენ სამარადჟამოდ, ვინაიდან არავითარი კავშირი (ამ შემთხვევაში) სახელისუფლებო სისტემასა და ამ საქმიანობას შორის არ არსებობს, ანუ «მინისტრთა კაბინეტის» შემოღებით, «ბევრი არაფერი შეიცვლება».
        სხვა საქმეა, თუ საუბარია თვით ინსტიტუტის «ფუნქციონირებაზე» - ამ მხრივ (თუ წმინდა თეორიული თვალსაზრისით მივუდგებით) დღევანდელი სისტემა მოიცავს ორივე სისტემის («ამერიკული მოდელის», ასევე «კაბინეტის») თვისებას - როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვალსაზრისით. ამჟამად პრეზიდენტი უშუალოდ ხელმძღვანელობს მთავრობას, რომლის წევრებს ამტკიცებს პარლამენტი პრეზიდენტის წინადადებით.
        სწორედ ეს არის «ამერიკული მოდელი»: ძლიერი პრეზიდენტი და ძლიერი პარლამენტი – მათი გაწონასწორების კონსტიტუციური მექანიზმებით. პარლამენტს არა აქვს მინისტრის გადაყენების უფლება (თუ სისხლის სამართლის დანაშაული არ დაუმტკიცდა) მხოლოდ იმის გამო, რომ მინისტრი უნიათოდ მუშაობს. სამაგიეროდ, პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობის გარეშე ერთ თეთრსაც ვერ დახარჯავს ბიუჯეტიდან.
        ეს სისტემა უზრუნველყოფს ხელისუფლებათა რეალურ გამიჯვნას, მაგრამ საქართველოს სინამდვილეში «ამერიკული მოდელი» შეივსო იმავე «კაბინეტების» თვისებებით. მაგალითად, «ამერიკულ მოდელში» მთავრობა არის უბრალოდ «სათათბირო ორგანო», ხოლო გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი, მინისტრებს მხოლოდ «სათათბირო « უფლება აქვთ ისეთ სფეროებში, რაც პრეზიდენტის პრეროგატივას განეკუთვნება.
        სამაგიეროდ, მინისტრი თავის დარგში ფაქტობრივად, პრემიერ-მინისტრია. მაგრამ საქართველოში «ეროვნული სპეციფიკა» არსებობს. ამ სპეციფიკიდან გამომდინარე კი, მივიღეთ უცნაური ნაზავი: გადაწყვეტილებებს იღებს პრეზიდენტი, მაგრამ მინისტრები ყოველნაირად ცდილობენ მათი «ვიზის» გარეშე დოკუმენტმა პრეზიდენტამდე ვერ მიაღწიოს.
        ფაქტობრივად, ეს «კაბინეტის» უმთავრესი თვისებაა, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება კოლეგიურად იღებს გადაწყვეტილებებს. ამ აზრით, საქართველოში მინისტრთა კაბინეტი უკვე არსებობს – მინისტრებმა მიაღწიეს იმას, რომ მათი «ვიზა» ამა თუ იმ დოკუმენტზე, ფაქტობრივად, პრეზიდენტის ხელმოწერის ტოლფასი გახდა, ანუ ერთის ნაცვლად თვრამეტი «მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე» გვყავს. ეს სიტუაცია კიდევ უარესია, ვიდრე ნამდვილი «მინისტრთა კაბინეტი», ვინაიდან «არაფორმალური სისტემა» კონსტიტუციურად გაფორმებულზე ასგზის ცუდია. E
        ესე იგი, «მინისტრთა კაბინეტის» შემოღების მომხრენი, ფაქტობრივად, ანუ არაფორმალურად არსებული სისტემის ლეგალიზებას მოითხოვენ. სინამდვილეში, «ამერიკული მოდელი» გულისხმობს კოლეგიალურობას მხოლოდ თათბირის დონეზე, ხოლო გადაწყვეტილება, უეჭველად, პერსონიფიცირებული უნდა იყოს – ისევ და ისევ საქართველოს სპეციფიკიდან გამომდინარე.
        «კოლექტიური პასუხისმგებლობა» შეიძლება საფრანგეთში ნიშნავდეს მართლაც «კოლექტიურ პასუხისმგებლობას», მაგრამ საქართველოში ეს «კოლექტიურ უპასუხისმგებლობას» ნიშნავს.
        გარდა ამისა, პრეზიდენტმა სახელმწიფო მინისტრს, ფაქტობრივად, ისეთი უფლებები დააკისრა, რაც ზოგიერთ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრსაც კი არა აქვს.
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, საქართველოში «მინისტრთა კაბინეტი», მართლაც არსებობს და მხოლოდ პიროვნულად სახელმწიფო მინისტრზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებს ამ უფლებებს. თუ სახელმწიფო მინისტრი მზად იქნება იმოქმედოს გადაწყვეტილებათა «პოპულარობის» მიუხედავად, მაშინ სისტემა ქმედითად იმუშავებს.
        რაც შეეხება მთავრობის შიგნით სტრუქტურულ ცვლილებებს, რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება უკვე შეთანხმებულია. მაგალითად, ერთიანდება ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტრო, ეკონომიკისა და მრეწველობის სამინისტრო, უკვე გაერთიანდა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროები.
        აქედან ორი ალბათ, შეინარჩუნებს «ძველ» მინისტრებს – მერაბ ადეიშვილსა და ავთანდილ ჯორბენაძეს, ხოლო ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრების საკითხი კვლავინდებურად გაურკვეველია, ვინაიდან პარლამენტის თავმჯდომარემ ერთ-ერთ შეკრებაზე ძალიან მწვავედ გააკრიტიკა ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრი ლადო პაპავა.
        მინისტრთა შემცირებაც სრულიად ბუნებრივია თუ გავითვალისწინებთ, რომ სამინისტროთა ფუნქცია საბაზრო ეკონომიკის პირობებში «სახელმწიფო მენეჯმენტს» არ უნდა სცილდებოდეს.
        მთლიანობაში, საქართველოს უბედურება «ამერიკული მოდელი» კი არ არის, არამედ ის, რომ ეს მოდელი რეალურად ჯერ არ ამოქმედებულა.

მერიდიანი, 12 მაისი, 2000 წელი

მთელ გვერდზე