მილიონდოლარიანი მრჩევლების შემოსევა საქართველოში

        გუშინ საქართველოში ჩამოვიდა პოლონეთის ლიბერალური რეფორმების მამა, «შოკური თერაპიის» ავტორი ლეშეკ ბალცეროვიჩი, რომელიც, ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით და ედუარდ შევარდნაძის თანხმობით, დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მთავარ მრჩევლად ეკონომიკური რეფორმების საკითხებში.
        ედუარდ შევარდნაძე მიიჩნევს, რომ ლეშეკ ბალცეროვიჩს შესწევს უნარი, ახალგაზრდა ქართველ რეფორმატორთა გუნდთან ერთად, მეორე სუნთქვა შესძინოს ქართულ რეფორმაციას.
        გუშინვე საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო ნავთობისა და გაზის საკითხებში საკუთარი მრჩეველი ედვარდ ჩოუ, რომელიც, აგრეთვე, ამერიკის ადმინისტრაციის რეკომენდაციით დაინიშნა ამ პოსტზე.
        პირველყოვლისა, ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ ორივე პირველხარისხოვან მრჩეველს ხელფასს ამერიკის ადმინისტრაცია გადაუხდის და თანხის ოდენობა წელიწადში მილიონ დოლარზე ნაკლები არ იქნება. ეს არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ ორივე ექსპერტის ავტორიტეტს და იმას, რომ პირველი კლასის ადვოკატებსაც კი, რომლებიც მსხვილ საპრივატიზაციო ტენდერებზე მუშაობენ, კონტრაქტების მომზადებისთვის საათში 10-15 ათას დოლარს უხდიან.
        ამრიგად, ლეშეკ ბალცეროვიჩისა და ედვარდ ჩოუს ესოდენ მაღალი ანაზღაურება გასაკვირი არ არის. რაც შეეხება ლეშეკ ბალცეროვიჩს, იგი მსოფლიოს ეკონომიკური თანამეგობრობისთვის ნიშანდობლივი ფიგურაა და გაილებით უფრო დიდი ავტორიტეტია, ვიდრე თუნდაც პოპულარული რუსი «ოქროს ბიჭუნები» - ეგორ გაიდარი და გრიგორი იავლინსკი, ვინაიდან ლეშეკ ბალცეროვიჩი უშუალოდ უკავშირდება პოლონეთის ანტიკომუნისტურ რევოლუციას 80-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მთელი დასავლური სამყარო იმედითა და სასოებით შეჰყურებდა პოლონეთს, როგორც კომუნიზმის დამანგრეველ ფორპოსტს.
        პოსტკომუნისტურ სივრცეში ჭეშმარიტად ლიბერალური რეფორმის პირველი წარმატებული მაგალითიც სწორედ ლეშეკ ბალცეროვიჩმა აჩვენა.
        მის რეფორმას შენიღბულმა კომუნისტებმა, რომლებმაც შემდგომში სოციალ-დემოკრატებისა და სამამულო წარმოების დამცველთა მანტია მოირგეს, «შოკური თერაპია» უწოდეს. თუმცა, სინამდვილეში ეს იყო ელემანტარული საღი აზრის გამარჯვება, როდესაც პიროვნების ენერგია პირველად გამოთავისუფლდა უკიდეგანო ტოტალიტარულ სივრცეზე და პოლონურმა რეფორმამ სწორედ იმიტომ გამოიღო ბრწყინვალე შედეგი, რომ ლეშეკ ბალცეროვიჩს, ისევე როგორც პოლონეთის მთავრობას, ეყო სახელმწიფოებრივი ნება, მტკიცე ნაბიჯები გადაედგა, ხოლო პოლონელებს აღმოაჩნდათ მძლავრი სახელმწიფოებრივი კულტურა, კბილების ღრჭიალით გაეძლოთ გარდაუვალი ტკივილისთვის.
        სამაგიეროდ, 3-4 წელიწადში პოლონეთის ეკონომიკამ ზრდის მყარი ტენდენცია შეიძინა და დღეს პოლონეთი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ეკონომიკური სისტემის სახელმწიფოა.
        რა თქმა უნდა, ლეშეკ ბალცეროვიჩის შოკური თერაპია დღეს საქართველოსათვის თვისებრივად ფუჭია. საქართველოს ეკონომიკამ უკვე გადალახა რუბიკონი და გასცდა იმ ზღვარს, რომლის წინაშეც პოლონეთი იმყოფებოდა «სოლიდარობის» ლიდერთა ეპოქაში.
        მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით, საქართველო არც ერთ პოსტსაბჭოურ ქვეყანას არ ჩამოუვარდება, მაგრამ ლეშეკ ბალცეროვიჩის ჩამოსვლა სხვა თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი.
        ბალცეროვიჩი არ ჩამოვიდოდა, საქართველოს ლიბერალური რეფორმის კურსი სწორად რომ არ ყოფილიყო განსაზღვრული. მსოფლიოს არაერთი ქვეყანა მიიწვევდა ლეშეკ ბალცეროვიჩს მთავარ ეკონომიკურ მრჩევლად არა იმიტომ, რომ იგი განსაკუთრებით სჭირდებოდა, არამედ დასავლეთში მისი იმიჯის გამო. ამ «იმიჯს» კი სავსებით კონკრეტული მატერიალური გამოხატულება აქვს. თვით ბალცეროვიჩს ეკუთვნის განსაზღვრება, რომ ყველაზე მსხვილი ინვესტორი მსოფლიოში არის ამერიკელი და ევროპელი დიასახლისი, რომელიც ნიშანდობლივი ფიგურების პატივისცემით და მათი რეკლამირებით იღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ქვეყანაში ინვესტირების შესახებ.
        ეს, რა თქმა უნდა, უტრირებაა, მაგრამ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის ამ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ეფექტებს სინამდვილეში გადამწყვეტი ძალა აქვს.
        ლეშეკ ბალცეროვიჩი საქართველოში მისი ყოფნით «მოუწოდებს» დასავლელ ინვესტორებს, ენდონ ჩვენს ქვეყანას, რომელიც, მიუხედავად უამრავი შეცდომის თუ გადაცდომისა, ეკონომიკური თვალსაზრისით, მაინც სწორი სტრატეგიული კურსით ვითარდება.
        რაც შეეხება ეკონომიკური რეფორმის მიმდინარეობას საქართველოში, შესაძლოა, ლეშეკ ბალცეროვიჩის რეცეპტები ფუჭი აღმოჩნდეს იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი ეკონომიკურ და საბიუჯეტო პრობლემატიკა (რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ) სცილდება წმინდა ეკონომიკური თეორიის ფარგლებს, ანუ დღეს საუბარი უნდა იყოს არა რაიმე გადაწყვეტილების მიღებაზე საკუთრივ ეკონომიკის სფეროში, არამედ სახელმწიფოებრივი სისტემების გაძლიერებაზე, რასაც უშუალო კავშირი აქვს ეკონომიკასთან.
        ლეშეკ ბალცეროვიჩის ჩამოსვლა სულაც არ იყო აუცილებელი საიმისოდ, რათა ნაკლებად პოპულარულ, მაგრამ არანაკლებ გათვითცნობიერებულ ქართველ ექსპერტებს კატეგორიულად ემტკიცებინათ, რომ დღევანდელი საქართველოს მთავარი ეკონომიკური პრობლემა არის სახელმწიფო ადმინისტრაციის სისუსტე, კორუფცია და საკანონმდებლო დამბლა, ანუ ის მდგომარეობა, როდესაც კანონი რეალურად არ ხორციელდება, ხოლო ადმინისტრაციას ეშინია სახელმწიფოებრივად აუცილებელი ნაბიჯების გადადგმისა ისეთი კარდინალური მიმართულებებით, როგორიცაა ეკონომიკური საზღვრების დაცვა, კონტრაბანდისა და ფალსიფიკაციის წინააღმდეგ უმოწყალო ბრძოლა.
        ლეშეკ ბალცეროვიჩის ბუნებრივი რჩევა ამ თვალსაზრისით აღიქმება, როგორც გარდაუვალი მკაცრი ნაბიჯების დადასტურება ობიექტური დასავლელი ექსპერტისგან, რაც, შესაძლოა, ხელისუფლებას არგუმენტებს შემატებს, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც მან უნდა მიიღოს და პასუხისმგებლობაც სწორედ მას დაეკისრება – ბოლოს და ბოლოს, ლეშეკ ბალცეროვიჩი მდუმივადაც არ აპირებს საქართველოში ცხოვრებას. იგი დროდადრო ჩამოვა, გამართავს კონსულტაციებს, ჩაატარებს სემინარებს და გამოაცხობს ისეთ რეცეპტებს, რომლებიც მასზე ნაკლებად სახელგანთქმული, მაგრამ არანაკლებ კომპეტენტური ქართველი ექსპერტების მიერ არაერთგზის დადასტურებულია, მაგრამ ქართველი საზოგადოების თავისებურებებიდან გამომდინარე, ჯობს, ეს ბანალური ჭეშმარიტებები უცხოელმა თქვას, ვიდრე დამოუკიდებელმა ქართველმა ექსპერტმა, მით უმეტეს, საქართველოს ხელისუფლებამ:
        ქვეყანამ უნდა იცხოვროს შემოსავლების შესაბამისად; ხოლო თუ სახელმწიფოს არ აქვს უნარი, კონფლიქტურ კერებში გადაკეტოს ეკონომიკური საზღვრები და დაიცვას ქვეყნის შიდა ბაზარი, იგი უბრალოდ ვალდებულია, გაამკაცროს პასუხისმგებლობა ეკონომიკური დივერსიისათვის.
        იმავდროულად, დაუშვებელია ყოველგვარი პროტექციონიზმი, ხოლო ისეთი ოდიოზური ცნებები, როგორიც არის «შეღავათიანი სახელმწიფო კრედიტი», არათუ ბალცეროვიჩის, არამედ მისი ქართველი კოლეგების ყურსაც ეხამუშება.
        აქვე უნდა ითქვას, რომ ლეშეკ ბალცეროვიჩი, ისევე როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყველა ექსპერტი, აუცილებლად გვირჩევს ბანალურ ჭეშმარიტებებს, რომელთა განხორციელება სინამდვილეში არც ისე ადვილია.
        მაგალითად, საქართველოს ექსპორტის მიმართულების შეცვლას რუსეთიდან (ანუ იმ ქვეყნიდან, რომელსაც საქართველოს მიმართ პოლიტიკური პრეტენზიები აქვს) სხვა ქვეყნებზე. საამისოდ ბალცეროვიჩის ჩამოსვლა სულაც არ იყო აუცილებელი. ეს მართლაც ბანალური ჭეშმარიტებაა, მაგრამ მისი განხორციელება არც ისე ადვილია.
        თუ ლეშეკ ბალცეროვიჩს საქართველოს რეფორმატორთა გუნდი მოეწონა და «ქართული მოდელის» წარმატებით დაინტერესდა, თუ საქართველოს ლიბერალური ეკონომიკური რეფორმა მისთვის დაახლოებით მაინც ისეთივე ახლობელი გახდა, როგორიც პოლონური რეფორმაცია (ნუ დავივიწყებთ რუსეთისადმი პოლონელთა ტრადიციულ დამოკიდებულებასაც), მაშინ ჩვენ ახლად შეძენილი პოლონელი მეგობარი უეჭველად შეგვაწევს ავტორიტეტულ სიტყვას საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში უნდა გაიმართოს.
        ამ სხდომაზე გადაწყდება საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის საკითხი. რასაკვირველია, არც ერთ ქართველ რეფორმატორს ვაშინგტონში არ მიიწვევენ. ლეშეკ ბალცეროვიჩის ავტორიტეტი კი საკმარისია საიმისოდ, რათა მან კატეგორიულად მოითხოვოს ამ სხდომაზე დასწრება, მკვახე სიტყვითაც გამოვიდეს და საქართველოს ინტერესები ყოვლისშემძლე «განმკარგულებელ დირექტორებთან» უშუალო პაექრობაში დაიცვას.
        ამის საშუალება კი, ჯერჯერობით, არც ერთ ქართველს არ ჰქონია. ეს არის სწორედ ამერიკის «პროტექციონიზმი». რაოდენ უცნაურად და ყბადაღებულად უნდა მოეჩვენოს მკითხველს, მას შემდეგ, რაც, ქალბატონ მადლენ ოლბრაიტის ჩლუნგი და სწორხაზოვანი პოლიტიკის გამო, ამერიკამ ცენტრალური აზია (უპირველესად, უზბეკეთი) დაკარგა და აზერბაიჯანშიც «ძია სემისათვის» საკმაოდ არასასურველი პროცესები დაიწყო, ვაშინგტონი მართლაც დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში პროცესების განვითარებას.
        პოლიტიკური რუბიკონი ამ მხრივ 1 აგვისტო გახდა, როდესაც დაიწყო საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის შეუქცევადი პროცესი.
        მაგრამ, მიუხედავად ამ გეოპოლიტიკური დაინტერესებისა, ამერიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდში მის მიერვე დაწესებულ თამაშის წესებს ვერ დაარღვევს, ამიტომ მან შეიძლება მხოლოდ კულისებს მიღმა იმოქმედოს, მაგალითად, ისეთი ფიგურების მეშვეობით, როგორიც ლეშეკ ბალცეროვიჩია.
        კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დასავლეთში, აღქმის თვალსაზრისით, ბალცეროვიჩის დანიშვნა ამ პოსტზე გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ეგორ გაიდარის ან გრიგორი იავლინსკის ჩამოსვლა საქართველოში პრეზიდენტის მრჩევლებად ეკონომიკური რეფორმების დარგში.
        სხვა საქმეა, ისინი ჩამოვიდოდნენ თუ არა. აქ საუბარი გვაქვს დასავლეთისეულ აღქმაზე, უპირველესად ფინანსურ ისტებლიშმენტში. ხოლო საქართველოში გაიდარი და იავლინსკი უფრო სკანდალურად აღიქმებოდნენ და უფრო დიდ რეზონანსს გამოიწვევდნენ, ვიდრე ბალცეროვიჩის გადაწყვეტილება, საკუთარი მართლაც უმწიკვლო რეპუტაცია და მეცნიერული ავტორიტეტი დაუკავშიროს საქართველოში მიმდინარე ლიბერალურ ეკონომიკურ რეფორმებს.
        სხვათა შორის, ეს რეფორმა არ მომკვდარა, მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, ზოგადი პრინციპების თვალსაზრისით, იგი კვლავ გრძელდება, ანუ სტრატეგიული კურსი (სურს თუ არა ეს ხელისუფლებას, უჩნდებოდა თუ არა მას ცდუნება მისი შეცვლისა), მაინც გრძელდება.
        რაც შეეხება ედვარდ ჩოუს, რომელიც დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად ნავთობისა და გაზის საკითხებში, იგი ამერიკის ადმინისტრაციის იმავე პოლიტიკური დაინტერესების გამოხატულებაა.
        რასაკვირველია, ამერიკელები ჩვენი ქვეყნისადმი გულმხურვალე სიყვარულით არ ხარჯავენ მილიონებს და «მრავალჟამიერით» ან სვეტიცხოვლით აღტაცებულნი არ დგამენ საკმაოდ სარისკო გეოპოლიტიკურ ნაბიჯებს «რუსეთის გავლენის სფეროში» (გავიხსენოთ, თუნდაც, ჯარების გაყვანის დაფინანსება ამერიკული ბიუჯეტიდან) – როგორც ჩანს, საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობას ქართული სახელმწიფოს ამჟამინდელი შინაარსი და პოლიტიკური ვექტორი მსოფლიოს ერთადერთ ზესახელმწიფოს ძალიან მძლავრ კოზირებს ანიჭებს ევრაზიის დიდ საჭადრაკო დაფაზე გაშლილი თამაშისას.
        პოლიტიკა კი ინტერესთა თანხვედრის ხელოვნებაა.
        რასაკვირველია, ამ გეოპოლიტიკურ დაინტერესებას კონკრეტული მატერიალური მნიშვნელობა აქვს. მათ შორის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-სუფსა, შაჰდენიზი-თბილისი-ყარსი და ზოგიერთი სხვა პროექტი, რომელიც მალე სენსაციას გამოიწვევს.
        «ენერგეტიკული მრჩეველი» ედვარდ ჩოუ სწორედ ამ გეოპოლიტიკური რეალობის დადასტურებაა. შესაძლოა, საბოლოოდ საქართველოს ახალი გეოსტრატეგიული სტატუსი სექტემბრის დასაწყისში გაფორმდება, როდესაც ნიუ-იორკში, ამერიკის პრეზიდენტის პატრონაჟით, თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის ლიდერები შეხვდებიან ერთმანეთს.
        «მცირე სამიტი» ათასწლეულის სამიტის დროს მხოლოდ კერძო ინტერესების განსახორციელებლად არ დაიგეგმებოდა, თუ, რასაკვირველია, ამ კერძო ინტერესებში გლობალური ზესახელმწიფოს ინტერესებიც არ არის სრულად გათვალისწინებული.

დილის გაზეთი, 9 აგვისტო, 2000 წელი

მთელ გვერდზე