მესხების საქართველოში დაბრუნება გარდაუვალი ხდება

        სახელმწიფო კანცელარიიდან და პარლამენტიდან მიღებული ცნობით, გრძელდება კონსულტაციები აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის ეგრეთ წოდებულ, «თურქი მესხების» პრობლემაზე. ამ პროცესის აფიშირება არ ხდება, მაგრამ არსებობს რამდენიმე მკაფიო ნიშანი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულადაა შეშფოთებული პრობლემის გამწვავებით.
        რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? – უეჭველად სტრასბურგიდან მიღებული «მესიჯი». სხვა ახსნა ასეთ «აფორიაქებას» არ აქვს. ორი წლის განმავლობაში პროცესი «ტაატით» მიდიოდა, ხოლო პარლამენტი არ ჩქარობდა (ან ვერ ჩქარობდა) ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
        შეგახსენებთ, რომ 2 წლის განმავლობაში მესხეთიდან გასახლებულთა რეპატრიაციის თაობაზე კანონის მიღება და 10 წლის განმავლობაში რეპატრიაციის რეალურად განხორციელება საქართველოს «ურყევი» პირობა იყო. წინაღმდეგ შემთხვევაში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აამოქმედებს სანქციათა მექანიზმს. ყველაზე მკაცრი სანქცია, რა თქმა უნდა, «ხმის უფლების ჩამორთმევა», ანუ იგივე გარიცხვა, რაც უკვე განხორციელდა რუსეთის მიმართ.
        ნუ გვექნება ილუზია – არავინ ამ საკითხს ევროსაბჭოში «ყურს არ მოუყრუებს». რასაკვირველია, შესაბამის «ლობიც» ამუშავდება, მაგრამ ეს არ არის მთავარი.
        როგორც ჩანს, სტრასბურგიდან მიღებული «სიგნალი» იმდენად სერიოზულია, რომ უკვე უახლოეს მომავალში «მაგიდაზე დაიდება» კონკრეტული კანონპროექტი. იგი მომზადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურაში. ვითარების სერიოზულობას ადასტურებს სახელმწიფო მინისტრის უშუალო ჩართვა პრობლემის განხილვასა და გადაწყვეტაში. გია არსენიშვილი ამ შემთხვევაშიც შეიძლება, ისევე პრინციპულად მოიქცეს, როგორც სოხუმში ხელმოწერილ ოქმთან დაკავშირებით: თუ იგი მიზანშეწონილად და აუცილებლად მიიჩნევს ამა თუ იმ ნაბიჯეს, აუცილებლად მიიღებს გადაწყვეტილებას ისე, რომ არ მოერიდება ოპონენტების განრისხებას.
        ოპონენტები კი ამ გადაწყვეტილებას მრავლად ეყოლება. ჯერ კიდევ 1988 წლიდან «მესხთა პრობლემა» უმწვავეს დისკუსიას იწვევდა. ერთნი მიიჩნევენ, რომ «უნდა ჩამოვასახლოთ მხოლოდ ქართული ორიენტაციის მესხები», ოღონდ ისინი არ ითვალისწინებენ, რამდენად შესაძლებელი და რეალური იქნება ამგვარი «დახარისხება» იმავე ევროსაბჭოს ძალზე მკაცრი მონიტორინგის პირობებში.
        მეორენი «უზნეობად» მიიჩნევენ ჩამოსახლებაზე უარის თქმას, ოღონდ, იმავდროულად, ცდილობენ, დაამტკიცონ, თითქოს არანაირ პრობლემას ეს საქართველოს არ შეუქმნის. არადა, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და თურქეთის ტერიტორიაზე 300 ათასამდე ეგრეთ წოდებული «თურქი მესხი» ცხოვრობს. ყველამ შეიძლება არ მოინდომოს დაბრუნება, მაგრამ მთლიანობაში ამ პრობლემის აქტუალიზება (ჯერჯერობით, იგი აქტუალური არ არის) მაინც ძალიან სერიოზულ სახელმწიფოებრივ პრობლემებს შექმნის.
        რაც მთავარია, ევროსაბჭოსთან ჩვენს «ეროვნულ პრობლემებზე» ლაპარაკს აზრი არა აქვს – ვერც კი გაიგებენ, რაზე ვსაუბრობთ. «თურქი-მესხები» ხომ მზად არიან, მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა. სხვა არგუმენტი «ეთნონაციზმად» ჩაითვლება, რაც სრულებით შეუთავსებელია ევროსაბჭოს წევრობასთან.
        ალბათ, საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა ძალიან ფრთხილი მუშაობა იმავე ევროსაბჭოსთან – ევროპელი ექსპერტების მოწვევითა და მათი დაინტერესებით, ანუ ერთგვარი «პასუხისმგებლობის გადანაწილებით».
        კანონის მიუღებლობა აბსოლუტურად გამორიცხულია. ასეთ შემთხვევაში, სჯობს, პირდაპირ დავტოვოთ «საკუთარი ნებით» ევროპის საბჭო, რომელშიც დიდი ზარ-ზეიმით შევედით.
        უფრო ჭკვიანური იქნებოდა ისეთი კანონის მიღება, სათანადო ტექნოლოგიით (ვთქვათ, მხოლოდ პირველი მოსმენით, შემდგომ გაჭიანურებით და სხვა), რაც ყურადღებას გადაიტანს განსაზღვრულ ვადაზე.
        10 წელი არც ისე მცირე პერიოდია. 2010 წლამდე ვითარება იმდენად შეიცვლება (ვიმედოვნებთ, უკეთესობისკენ), რომ დაბრუნებულები ქართულ სახელმწიფოებრიობას საფრთხეს ვერ შეუქმნიან.

დილის გაზეთი, 16 ოქტომბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე