ლუკინი გამოღმა გვედავება

        გუშინ თბილისში ჩამოვიდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დელეგაცია ვიცე-სპიკერ ლუკინის ხელმძღვანელობით. იმთავითვე უნდა ითქვას, რომ საქართველოში «აქტიურად» ელოდნენ თვით სპიკერ სელეზნიოვს, მაგრამ ეს ვიზიტი კვლავ გადაიდო, რაც სავსებით ბუნებრივია, ვინაიდან ორი ქვეყნის ურთიერთობა ბოლო დროს შესამჩნევად დაიძაბა.
        თანაც, ელემენტარული სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას: ამ შემთხვევაში საქართველო ნამდვილად არ არის დამნაშავე, რადგან რუსეთს ჯიუტად არ სურს, მიიღოს ორმხრივ ურთიერთობათა მოწესრიგების ფორმულა, რასაც მას საქართველოს სთავაზობს: «გადმოდგით თუნდაც ერთი ნაბიჯი ჩვენსკენ აფხაზეთში!»
        სარწმუნო წყაროთა ცნობით, ვლადიმირ ლუკინი ზურაბ ჟვანიასთან შეხვედრისას თავს იმით იმართლებდა, რომ «რუსეთს არ შეუძლია მეორე ფრონტი გააჩაღოს აფხაზეთში, მაშინ, როდესაც ჩეჩნეთისთვის ვერ მოუვლია». მერედა, ვინ მოსთხოვს ომის გაჩაღებას? თუნდაც სიტყვიერად პოზიციის დაფისქირებას რა უშლიდა ხელს: სინამდვილეში რუსეთს, უბრალოდ, ხელს არ აძლევს სამხრეთ კავკასიაში ძლიერი და სტაბილური სახელმწიფოს არსებობა. ეს გრძელვადიანი ინტერესია, რომლის შეცვლას საქართველო ვერ შეძლებს, თუ, რასაკვირველია, 90-ე სუბიექტად არ გაწევრიანდება რუსეთის ფედერაციაში.
        ნიშანდობლივია ჭკუასელის სკანდალური სტატიის შემდეგ სწორედ ლუკინის წარმოგზავნა საქართველოში «სტრატეგიული ელჩად». ვლადიმირ ლუკინი მართლაც სერიოზული ფიგურაა. ყოველ შემთხვევაში, მის აზრს კრემლშიც ანგარიშს უწევენ. შემთხვევითი არ არის, რომ სტამბოლის ისტორიულ სამიტზე რუსეთის ოფიციალური დელეგაციის ოთხი წევრიდან (ელცინი, ივანოვი, სერგეევი) – მეოთხე სწორედ ვლადიმირ ლუკინი გახლდათ. იგი საერთაშორისო ურთიერთობათა ერთ-ერთ საუკეთესო ექსპერტად ითვლება.
        გარდა ამისა, საყოველთაო აზრით, ვლადიმირ ლუკინი ამერიკის შეერთებულ შტატებში «ახალი რუსეთის» ყველაზე წარმატებული ელჩი იყო.
        მან დიდი როლი შეასრულა სოლჟენიცინის სამშობლოში დაბრუნების საკითხის გადაწყვეტაში, თუმცა, ეს ყოველივე სულაც არ ნიშნავს, თითქოს ვლადიმირ ლუკინი, რაკი «ლიბერალია» - უეჭველად საქართველოს მეგობარია.
        «ლიბერალობა» არ გამორიცხავს «შოვინიზმსა» და «დერჟავნიკობას». ზოგიერთ შემთხვევაში უფრო პირიქითაც კია. გარდა ამისა, «იაბლოკოს» ლიდერი გრიგორი იავლინსკი, პროგრესული ეკონომიკური შეხედულებების მიუხედავად, არაერთგზის გამოსულა აშკარად ანტიქართული მოთხოვნებითა და წინადადებებით სახელმწიფო სათათბიროში. განსაკუთრებით, აფხაზეთთან და, ეგრეთ წოდებულ «სამხრეთ ოსეთთან» დაკავშირებით.
        რაკი სტამბულის დაუვიწყარი სამიტი ვახსენეთ, ისიც აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ვლადიმირ ლუკინმა სამიტის წინ ედუარდ შევარდნაძეს ერთ-ერთ ინტერვიუში შეურაცხყოფა მიაყენა, რისთვისაც, საპასუხო ინტერვიუში რეზო ადამიამ იგი გვარიანად გამოლანძღა და, რაც ყველაზე საინტერესოა, რუსულმა სააგენტოებმა ეს განცხადებაც გაავრცელეს – დღევანდელ მოსკვში ხომ პირადი ურთიერთობები წყვეტენ ბევრ რამეს. თუმცა, დიპლომატიურობას არც ადამიასთვის უღალატია და არც ლუკინისათვის – სტამბოლში მათ, რასაკვირველია, მუშტიკრივი არ გაუმართავთ, ერთად მუშაობდნენ ცნობილ ხელშეკრულებაზე «ბაზების» შესახებ, თუმცა, ორივეს ესმოდა, რომ ამ ხელშეკრულების «სხვადასხვაგვარად წაკითხვა» გარდაუვალი იყო.
        მეორე მხრივ, ლუკინი ჟვანიას მოწვევის გარეშე საქართველოში ვერ ჩამოვიდოდა. ზოგიერთმა დამკვირვებელმა ამ ვიზიტთან დაკავშირებით ისიც კი ივარაუდა, რომ «საქართველომ კვლავ შეცვალა ორიენტაცია და ისევ ჩრდილოეთისაკენ გაიხედა», რაც აშკარად გადაჭარბებული შეფასებაა, ვინაიდან თბილისშიც და მოსკოვშიც შესანიშნავად ესმით მთავარი: საქართველომ უკვე გადალახა რუბიკონი და მიაღწია პოზიციას, საიდანაც უკანდასახევი გზა აღარ არსებობს. ამის უტყუარი ნიშანი გახდა პრეზიდენტის გუშინდელიო (საკმაოდ მკვეთრი) განცხადება «სავიზრო რეჟიმთან» დაკავშირებით. ფაქტობრივად, ედუარდ შევარდნაძემ გააფრთხილა რუსეთი, რომ სავიზრო რეჟიმის შემოღებისა და საქართველოს მოქალაქეთა დისკრიმინაციის შემთხვევაში საქართველო მიიღებს «ადეკვატურ ზომებს» საქართველოში მცხოვრებირუსეთის მოქალაქეების (მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრების) მიმართ.
        უკან დასახევი გზა აღარ არსეობს, აგერთვე, ბაზების საკითხშიც. გუდაუთის გადაკეთება «სარეაბილიტაციო ცენტრად» უკანასკნელი მიჯნაა. თავის მხრივ, არც რუსეთი აპირებს საქართველოში პოზიციათა დათმობას და ბლოკადისათვის ემზადება.
        ამ სიტუაციაში ლუკინმა «იქით შედავების» ტაქტიკა აირჩია და, რაც მთავარია, იგი ოსტატურადაც განახორციელა – ისე გამოვიდა, რომ საქართველოში ქართველები იმართლებენ თავს, ხოლო რუსები «ბრალმდებლების» როლში გვევლინებიან.
        მაგალითად, ლუკინი უვაროვის «დერჟავული ტრიადის» მსგავს «პრორუსული პოლიტიკის» ტრიადას გვიყენებს პირობად და გვემუქრება, რომ თუ გონს არ მოვეგებით, ტერიტორიულ მთლიანობას დაგვირღვევს» - თითქოს უკვე დარღვეული არ იყოს, სწორედ რუსეთის ძალისხმევით.

დილის გაზეთი, 14 ნოემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე