ლეშეკ ბალცეროვიჩის გონიერი სქემატიზმი

        9 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი პირველად შეხვდა ახლად დანიშნულ მრჩეველს «ეკონომიკური რეფორმის» საკითხებში, პოლონელ რეფორმატორ ლეშეკ ბალცეროვიჩს. აღსანიშნავია, რომ ბალცეროვიჩი დღეს აპირებს პირველი პრესკონფერენციის გამართვას, მანამდე კი თავს იკავებდა ყოველგვარი კომენტარისაგან.
        პრეზიდენტთან შეხვედრისას ბალცეროვიჩმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი ლიბერალური კრედო, რომელიც იოტისოდენად არ შეცვლილა პოლონური რეფორმაციის შემდე. ის რეფორმაცია, სხვათა შორის, სრული გამარჯვებით დასრულდა - პოლონეთი, ეკონომიკური თვალსაზრისით, დღეს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა ჯანსაღი ეკონომიკით.
        აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მას ბევრი ვერაფერი დააკლო. არავითარი «საოცრება» და «ჯადოქრობა» აქ არ არის – იდიოტური «სოციალისტური» ეკონომიკიდან – ნორმალურ ლიბერალურ (საბაზრო) ეკნომიკაზე გადასვლისას არსებობს მრავალგზის აპრობირებული, ერთი შეხედვით, სქემატური, მაგრამ, სინამდვილეში, ძალზე გონიერი და რაციონალური გეგმა, რომლის რეალურად განხორციელება არც ისე ადვილია, ვინაიდან, უეჭველად, აწყდება, ჯერ ერთი, კომუნისტური ბიუროკრატიის და, მეორეც, იმ სოციალურ ფენათა წინააღმდეგობას, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში სისხლხორცეულად მიეჩვივნენ ისეთ საზოგადოებაში ცხოვრებას, სადაც შეიძლება ხელი რომც არ გაანძრიო, «გარანტირებული ულუფა» მაინც გექნება – ამასობაში, ეკონომიკა რომ ლპება და იხრწნება, არავის აინტერესებს.
        ლეშეკ ბალცეროვიჩის თქმით, მისი მთავარი პრინციპია «მეტი ლიბერალიზმი», ვინაიდან «მეტი ლიბერალიზმი», უეჭველად ნიშნავს «ნაკლებ კორუფციას».
        პოლონელი რეფორმატორი გულისხმობს (არცთუ უსაფუძვლოდ), რომ კორუფცია იწყება მაშინ, როდესაც სახელმწიფო ცდილობს ეკონომიკური პროცესების «რეგულირებას». ხოლო «რეგულირებისათვის» აუცილებელია ბიუროკრატია. კორუფცია კი სწორედ ბიუროკრატიის სენია და არა ლიბერალური ეკონომიკისა.
        ბალცეროვიჩის სხვა გამონათქვამები ზუსტ წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, თუ რას ურჩევს იგი საქართველოს ხელისუფლებას ეკონომიკური რეფორმების გადასარჩენად, რათა ამ რეფორმათა ზოგიერთი, დღეს უკვე არსებული დადებითი შედეგი წყალში არ ჩაიყაროს გარეწარი «პროტექციონისტებისა» და «პატერნალისტების» ანგარებიანი (სინამდვილეში, მათ საკუთარი შემოსავლები აღელვებთ და არა «ხალხის უბედურება») შემოქმედების შედეგად.
        შევარდნაძესთან შეხვედრისას, ბალცეროვიჩმა მორიდებით, მაგრამ მაინც საკმაოდ მტკიცედ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაისახოს ზუსტი მიზანი, როგორი საზოგადოების (და როგორი ეკონომიკის) აშენება სურს.
        მისი აზრით, განვითარებადი ქვეყნებისათვის (მათ შორის, რამდენიმე წლის წინანდელი პოლონეთიც მოიხსენია) ყველაზე მთავარია მიზნის ზუსტად განსაზღვრა. მიზანი კი ეკონომიკის სწრაფი აღმავლობა უნდა იყოს. ამას არა მხოლოდ ეკონომიკური (მათ შორის, საინვესტიციო), არამედ საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს. მაგრამ «სწრაფი ეკონომიკური» აღმავლობა შეუძლებელია თვალთმაქცური სოციალური პოლიტიკის გატარების პირობებში.
        ბალცეროვიჩი თვალთმაქცურს უწოდებს ისეთ სოციალურ პოლიტიკას, რომელიც დეკლარირებულად მიზნად ისახავს ვითომც «მოსახლეობის სოციალურ დაცვას», მაგრამ, სინამდვილეში, «ფსევდოსოციალური» სისტემების შენახვა და მათი ფუნქოციონირება ისევ მოსახლეობას აწვება კისერზე მძიმე ტვირთად.
        როგორც ჭეშმარიტი ლიბერალი და მონეტარისტი, ლეშეკ ბალცეროვიჩი წინააღმდეგია «დასავლურ ევროპული ტიპის» სოციალური სახელმწიფოს დაუყოვნებლივ დაფუძნებისა პოსტკომუნისტურ ქოვეყნებში, ვინაიდან საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და დასავლეთ გერმანიამ, ვიდრე დღევანდელ «სოციალიზმამდე» მივიდოდნენ – ათწლეულების განმავლობაში «ველური კაპიტალიზმი» გაიარეს და «გეგმიური ეკონომიკის» შხამიანი ჰაერით არ უსუნთქავთ აგრეთვე ათწლეულების განმავლობაში.
        თუმცა დღესაც ყველაზე ჯანსაღი ეკონომიკა იმ დასავლურ ქვეყანას აქვს (ამერიკის შეერთებულ შტატებს), რომელიც ყველაზე ნაკლებადაა დაავადებული ფსევდოჰუმანური ბიუროკრატიული სოციალიზმით.
        ამჟამად ამერიკის ეკონომიკა უპრეცედენტოდ სწრაფად იზრდება: ხურმობა ხომ არ არის, როდესაც ეს გრანდიოზული ეკონომიკა ყოველწლიურად 4-5 პროცენტით იმატებს, მაგრამ ზრდა 10-12 (!) პროცენტი იქნებოდა, ამერიკაში «სოციალური ბიუროკრატია» საერთოდ, რომ არ არსებობდეს – არ აგერიოთ «სოციალური დაზღვევის» სისტემაში, რომელიც თავისი არსით ლიბერალური კონცეფციიდან გამომდინარეობს და «ნამდვილ სოციალიზმთან» საერთო არაფერი აქვს.
        გასაგებია, რას გულისხმობდა ლეშეკ ბალცეროვიჩი «შრომის ბაზრის რეგულირების დაუშვებლობაშიც» და რატომ ანიჭებს უპირატესობას ბრიტანგულ-ამერიკულ მოდელს – გერმანულთან შედარებით.
        თუმცა, ბრიტანეთში ბლეერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბრიტანელი «ლეიბორისტები» სულ მალე შესანსლავენ იმ «ნამცხვარს», რომელიც კონსერვატორებმა რუდუნებით გამოაცხვეს 18 წლის განმავლობაში – დიდი მარგარეტ ტეტჩერის თაოსნობით.
        ლეშეკ ბალცეროვიჩის თქმით, საქართველოს აქვს შესანიშნავი მომავალი, თუ ლიბერალური რეფორმის მტკიცედ გატარების პერიოდში «ფეხი არ გადაგვიბრუნდა». მას განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიაჩნია ჩვენი ქვეყნის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობა, რომელიც, თავისთავად, დიდი კაპიტალია. გარდა ამისა, ლეშეკ ბალცეროვიჩის თქმით, «ისიც მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თქვენს მეგობართა შორისაა», ვინაიდან მხოლოდ ამერიკას შეუძლია გადაწყვიტოს საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციისა და ნაწილობრივი «ჩამოწერის» პრობლემა – საქართველოსა და კრედიტორთა «პარიზის კლუბს» შორის მომავალი მოლაპარაკებისას.
        «აღმოსავლეთ ევროპული» მოდელის ავტორს მიაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი სწორ პოლიტიკას ატარებს, როდესაც არ ეთანხმება ემისიის მოთხოვნებს.
        ლაპარაკიც ზედმეტია, რა თქმა უნდა, ე.წ. პროტექციონისტთა წინადადებების გაზიარებაზე, ვინაიდან მათი მიზანია როგორმე აიძულონ სახელმწიფო, გაზარდოს საბაჟო ტარიფები უცხოურ (ანუ ხარისხიან, უმრავლეს შემთხვევაში) საქონელზე, რათა უკვე შემდეგ მოსახლეობა აიძულონ იყიდოს მათი (უხარისხო) პროდუქცია.
        თავისი პროდუქციის გასაღება მათ შეუძლიათ ხარისხის ამაეღლებითაც, მაგრამ რატომ შეიწუხონ თავი. ეს ხომ რისკიან კაპიტალდაბანდებებსა და უდიდეს ძლაისხმევას მოითხოვს? თანაც, დააკვირდით: გადასახადების შემცირებას კი აღარ მოითხოვენ (რადგან მათი საქონელი ისედაც უცხოურზე იაფია), არამედ უცხოურის გაძვირებას (საბაჟო ტარიფით), რათა მოსახლეობისათვის იგი ხელმიუწვდომელი გახდეს და იძულებული აღმოჩნდეს, იყიდოს «ადგილობრივი წარმოების» საქონელი.
        აქ, რასაკვირველია, არის ისეთი, თითქოსდა «გამონაკლისი», რომელიც ადასტურებს წესს. მაგალითად, გოგი თოფაძის «პორტერი» ამ «ჟანრის» ლუდების საუკეთესო მსოფლიო ანალოგებს არ ჩამოუვარდება – ეს სხვა საქმეა, ამიტომაც არ სჭირდება «პორტერს» არანაირი «პროტექცია».
        ლეშეკ ბალცეროვიჩი მუდმივად საქართველოში ვერ იცხოვრებს, ვინაიდან პოლონეთში მას საქმე ჯერ დასრულებულიო არა აქვს. შესაძლოა, იგი სამ თვეში ერთხელ ჩამოვიდეს თბილისში რამდენიმე კვირით. სამაგიეროდ, გვპირდება, რომ შექმნის უცხოელ ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც მუდმივად იმუშავებს ჩვენს ქვეყანაში. ამან არ უნდა გაგვაღიზიანოს, ბოლოს და ბოლლოს, რა უნდა გვირჩიოს ლეშეკ ბალცეროვიჩმა ისეთი, რაც საღად მოაზროვნე ქართველმა ექსპერტებმა არ იციან?
        საქართველოში ათამდე შესანიშნავი ეკონომისტი-ექსპერტი მოიძებნება, რომელიც ბალცეროვიჩზე ასჯერ უკეთ იცნობს საქართველოს ეკონომიკას და ასჯერ უკეთ შეუძლია ჩამოაყალიბოს იგივე მარტივი სქემა, რაც ბალცეროვიჩმა მორიდებით, ყოველგვარი ამბიციის გარეშე შემოგვთავაზა.
        მაგრამ საქმეც სწორედ ის არის, რომ მარტივ სქემას მტკიცე და უმოწყალო განხორციელება სჭირდება – მხოლოდ მაშინ იქცევა იგი რეალობად.

მერიდიანი, 11 აგვისტო, 2000 წელი

მთელ გვერდზე