ლეშეკ ბალცეროვიჩი: დახარჯეთ იმდენი, რამდენიც გაქვთ

        გუშინ საქართველოს პრეზიდენტი დახურულ კარს მიღმა შეხვდა პოლონელ ეკონომისტსა და რეფორმატორს ლეშეკ ბალცეროვიჩს, რომელიც, ამერიკის პრეზიდენტ ბილ კლინტონის თხოვნით, უკვე რამდენიმე თვეა ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის «ეკონომიკური მრჩევლის» ფუნქციას. თავად ბალცეროვიჩი თბილისში არ გადმოსახლებულა, იგი პერიოდულად სტუმრობს ჩვენს ქალაქსა და ქვეყანას. სამაგიეროდ, სახელმწიფო კანცელარიის შენობაში მუდმივად მუშაობს მისი მარჩევლების ჯგუფი – ძირითადად, პოლონელი ეკონომისტები და ამ ქვეყნის მთავრობაში ბალცეროვიჩის ყოფილი თანაშემწეები.
        პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრის «ტეტ-ა-ტეტ» გამართვა თვით ლეშეკ ბალცეროვიჩის კატეგორიული მოთხოვნა იყო. სარწმუნო წყაროთა ცნობით, საუბარს თარჯიმანიც კი არ ესაწრებოდა, ვინაიდან დიალოგი რუსულ ენაზე წარიმართა. საუბრის შინაარსის თაობაზე შეიძლება ვიმსჯელოთ ადრე გამოთქმული შენიშვნებისა და ამჟამად ბიუჯეტის გარშემო შექმნილი ერთობ დაძაბული ვითარების მიხედვით.
        ზოგიერთი ცნობით, დღეს, საღამოს 17 საათზე ლეშეკ ბალცეროვიჩი კიდევ ერთხელ შეხვდება პრეზიდენტ შევარდნაძეს, ოღონდ, ამჯერად, თანაშემწეთა და მთელი თავისი «გუნდის» (ისევე, როგორც ქართველი კოლეგების) თანდასწრებით.
        ხვალ კი პრეზიდენტთან ერთდროულად ორი საბიუჯეტო ღონისძიებაა დაგეგმილი: თავდაპირველად, შეიკრიბება «ვიწრო წრე» ბიუჯეტის პროექტის დასაზუსტებლად, მოგვიანებით გაიმართება მთავრობის სხდომა, რომელზედაც საბოლოოდ დაამტკიცებენ პროექტს.
        ბალცეროვიჩის ჩამოსვლაც სწორედ ამ საკითხებს უკავშირდება. ბიუჯეტის პროექტი ვარშავაში ჯერ კიდევ სამი თვის წინ გაიგზავნა. მაშინ ლეშეკ ბალცეროვიჩმა რამდენიმე პრინციპული მოსაზრება გამოთქვა. მათ შორის, «საგზაო» და «სოციალური» ფონდების გაუქმებასთან დაკავშირებით.
        ეს წინადადებები ხელისუფლებამ თითქოს გაიზიარა. «თითქოს», ვინაიდან ფინანსთა მინისტრ ნოღაიდელის ინიციატივა, ამ ფონდების შემოსავალთა ბიუჯეტში მობილიზებისა და ცენტრალიზებული წესით განაწილების შესახებ იმთავითვე «განწირული სულისკვეთება» იყო, იმდენად გააფთრებულ წინააღმდეგობას წააწყდა შესაბამის უწყებათა მხრიდან.
        სამაგიეროდ, ბალცეროვიჩის ამბიციაც დაკმაყოფილდა. თემურ ბასილიამ ერთ-ერთ სხდომაზე არცთუ უსაფუძვლოდ შენიშნა, რომ თუ «პოლონური რეფორმაციის» ავტორის რეკომენდაციები სისტემატურად არ იქნება გათვალისწინებული, - იგი, უბრალოდ, გადადგება თანამდებობიდან, ვინაიდან ბალცეროვიჩისათვის «სახელი» უფრო ძვირფასია, ვიდრე ის ხელფასი, რომელსაც მას ამერიკის ადმინისტრაცია უხდის საქართველოსათვის ტექნიკური დახმარების ფარგლებში.
        რაც შეეხება ახალ რეკომენდაციებს, ისინი უეჭველად ბიუჯეტს შეეხება. ეს ბიუჯეტი ერთდროულად იქნება «კატალიზატორიც» და «დეტონატორიც», ვინაიდან მასზე პირველად «მოისინჯება» ძალთა რეალური განლაგება პარლამენტში ცნობოილი კატაკლიზმების შემდეგ.
        თუმცა, ლეშეკ ბალცეროვიჩს ეს ყოველივე ნაკლებად აინტერესებს, მაგრამ მისი პოზიცია უეჭველად იქცევა არგუმენტად დაპირისპირებულ ძალთათვის. წინასწარი ინფორმაციით, ბალცეროვიჩი (ისევე, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი) საქართველოს ხელისუფლებას «ურჩევს» ხარჯვითი ნაწილის შემდგომ შემცირებას, რადგან მომავალი წელი ჩვენს ქვეყანას კარგს არაფერს უქადის: სავიზრო რეჟიმი რუსეთთან უეჭველად შეამცირებს შემოსავლებს. ყოველ შემთხვევაში, პირველ ეტაპზე, სანამ ექსპორტიორები ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე ახალ ბაზრებთან დაამყარებენ ურთიერთობას დასავლეთის სერიოზული დახმარების იმედი არ უნდა გვქონდეს: დასავლური (უპირველესად, ამერიკული) ისტებლიშმენტი შიშით ელის რეიგან-კლინტონის ეპოქათა «ოქროს ხანის» დასრულებას» და კრიზისულ ციკლში შესვლას.
        აქედან გამომდინარე, მთავრობას და, მთლიანად, აღმასრულებელ ხელისუფლებას (პრეზიდენტის ჩათვლით) უმძიმესი ბროძოლა ელით: ერთი მხრივ, «პრაგმატული და ძლიერი ბიუეტის შემუშავება აუცილებელია, რათა დეკემბრის შუა რიცხვებში სსფ-ის დირექტორთა საბჭომ მიიღოს ნანატრი გადაწყვეტილება საქართველოსთან ურთიერთობათა აღდგენის თაობაზე, ხოლო მეორე მხრივ, ხარჯვითი ნაწილის შემდგომი შემცირება პარლამენტში სათანადო «ლობისტური ჯგუფების» გამძვინვარებას გამოიწვევს.
        ლეშეკ ბალცეროვიჩი კი კაშინგტონში «საქმის ჩასაწყობად» არ გამოდგება. რაოდენგ დიდიცხ უნდა იყოს მისი ავტორიტეტი, «ფინალი» მისი თხოვნით (რომც სთხოვოს) თვით ძირითად პრინციპს არ უღალატებს: დახარეთ იმდენი, რამდენიც გაქვთ. ბალცეროვიჩი ამ პრინციპს თავად ყოველთვის იცავდა.

დილის გაზეთი, 15 ნოემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე