კვლავ ბნელი ზამთარი გველის

        მიუხედავად «ქართველ ენერგეტიკოსთა» არაერთგზის დაპირებისა, მომავალ ზამთარში, როგორც ჩანს, კვლავ ვერ გავექცევით ბნელ და ცივ საღამოებს.
        ისევ განმეორდება ის მარაზმი, თბილისში რომ ხუმრობენ: ტანსაცმლით ვწევარ და გვერდზე სანთელი მინთია - ნეტავ, ცოცხალი რით მეთქმისო?!
        კვლავ ბინებში კოცონის დანთება გასათბობად, აფეთქებული გაზქურები, ხანძრები და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, ეს ბნელი და ცივი მარაზმი ჩვენი თაობის ბედისწერაა, რომელსაც ვერა და ვერ გავექცევით.
        ჭკუათმყოფელი ადამიანი ვერ ირწმუნებს დაპირებას, თითქოს თბილისში (თბილისშიც კი) 12-14 საათიანი გრაფიკი დაწესდება. სინამდვილეში, 6-8 საათიანზეც მადლობა უნდა ვთქვათ უკვე ნოემბრიდან.
        ისიც არასტაბილური, ე.წ. მცოცავი გრაფიკით, როდესაც შუქს მაშინ ჩაგირთავენ, როცა არ გჭირდება და მაშინ გამოგირთავენ, როდესაც მართლა ძალიან გესაჭიროება – პატარა ადამიანური ბედნიერებისათვის.
        ისევ დაიწყება «მიზეზისა» და «დამნაშავის» ძიება და კვლავ (როგორც გასულ წლებში) არ დასახელდება ნამდვილი, მთავარი მიზეზი იმისა, რატომ ვართ უკვე მეშვიდე წელია ბნელ და ცივ ზამთარში, რატომ ვერ გადავლახეთ, ბოლოს და ბოლოს, ეს კრიზისი, რა უბედურება გვჭირს ასეთი? იქნებ, რესურსი აკლია საქართველოს? - არავითარ შემთხვევაში! საკუთარი რესურსებიც და ის გარემოებაც, რომ თავისუფლად შეგვიძლია შევისყიდოთ ელექტროენერგია სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, გერმანიაშიც კი (თურქეთის გავლით) უეჭველად, ადასტურებს – აქ სხვა მიზეზია საძიებელი: რეალურად საქართველოში, რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, არავითარი «ელექტროდეფიციტი» არ არსებობს. ეს ხომ ელემენტარული ეკონომიკური კანონია: დეფიციტი ეწოდება სიტუაციას, როდესაც არის მოთხოვნა და არ არის (ან არასაკმარისია) მიწოდება. საქმეც სწორედ ის არის, რომ «მოთხოვნაში» იგულისხმება, მხოლოდ და მხოლოდ, გადახდისუნარიანი მოთხოვნა და არა მოთხოვნა ზოგადად. ეს არის მიზეზი შექმნილი ვითარებისა, ხოლო მიზეზთა-მიზეზი კი ის გარემოება, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეშინია გავლენიანი ფინანსურ-სამრეწველო ჯგუფების, აგრეთვე მოსახლეობის გაღიზიანებისა და უფასოდ, უსასყიდლოდ აწვდის ელექტროენერგიას იმ მომხმარებელს, ვინც არ იხდის დახარჯული ელექტროენერგიის საფასურს.
        მადლობა ღმერთს, თბილისში ვითარება შეიცვალა მას შემდეგ, რაც თელასი ამერიკულმა კომპანია «აეს»-მა იყიდა. ამ კომპანიამ 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა (როდის შეძლებდა ამას საქართველოს სახელმწიფო?) და აღრიცხვის მოწესრიგებაც დაიწყო.
        ამჟამად თბილისში გადახდის მაჩვენებელმა 70 პროცენტს მიაღწია, ვინაიდან მრიცხველების 70 პროცენტია გარეთ გამოტანილი. გადახდის მაჩვენებელი 100 პროცენტს მიაღწევს, როცა 100 პროცენტით მოწესრიგდება აღრიცხვა, ანუ ეს მხოლოდ დროის საკითხია, მაგრამ თბილისში ასპროცენტიანი გადახდა სულაც არ ნიშნავს, რომ ქალაქს არათუ 24 საათით მიეწოდება ელექტროენერგია, არამედ თუნდაც 12-საათიანი გრაფიკით; ვერც თბილსრესის მე-9 და მე-10 ელექტრობლოკების პრივატიზება შეცვლის ვითარებას, ვიდრე (ეს არის ყველაზე მთავარი) მთელი საქართველოს მაშსტაბით მოხმარებული ელექტროენერგიის გადახდის მაჩვენებელი 16 პროცენტს არ აღემატება, ხოლო ქვეყნის ენერგოსისტემის მართვა კვლავ სახელმწიფოს (ანუ კორუფცირებული ბიუროკრატიის) ხელშია, საუკეთესო გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან ის იქნებოდა, იმავე აეს-თელასს შეესყიდა მთელი საქართველოს სადისტრიბუციო სისტემა. მე თუ მკითხავთ, გენერაციასთან ერთად, ენგურჰესის ჩათვლით!
        რასაკვირველია, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი გარანტიები, შეღავათები (როგორც, მაგალითად, თბილისში დაწესდა უფრო მაღალოი ტარიფი, ვიდრე სოფლად) და ა.შ. მაგრამ, რაც მთავარია, კერძო მეპატრონე არავის მიაწვდიდა ელექტროენერგიას უფასოდ – ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. მით უმეტეს, ქრთამის საფასურად, როგრც ამჟამად ხშირად ხდება.
        ერთადერთი პრობლემა, რაც ნამდვილად შეიქმნება ასეთ შემთხვევაში, იქნება აფხაზეთსა და ცხივნალში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, რაც ისევ საქართველომ უნდა გადაუხადოს კერძო მფლობელს.
        წინააღმდეგ შემთხვევაში, აფსუა სეპარატისტები უბრალოდ გააჩერებენ საბერიოში მდებარე ჰიდროელექტროსადგურს, საპასხუოდ, ქართული მხარე დაცლის კაშხალს, ანუ ელექტროენერგია არც ჩვენ გვექნება, არც სეპარატისტებს.
        მაგრამ აქაც შეიძლება მოიძებნოს კომპრომისი. ბოლოს და ბოლოს, თუ «აეს»-მა თბილისის დისტრიბუციის შესყიდვაში 25 მილიონი დოლარი გადაიხადა, მთელი საქართველოს ელექტროგამანაწილებელ სისტემაში (გენერაციის გარეშეც კი) 100 მილიონ დოლარს არ გადაიხდის? ეს კი უფრო მეტია, ვიდრე რუსეთისადმი დავალიანება სოჭიდან-გუდაუთაში მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურად. «აეს»-ი მზად იყო ეყიდა «რელასი» (რუსთავის დისტრიბუცია), მაგრამ ხსენებული 16 პროცენტის პატრონმა ბიუროკრატიამ «ბრძნული» წინაპირობა წაუყენა. მოგყიდით, მხოლოდ ქარხნების გარეშეო. ე.ი. 60-70 პროცენტის გარეშე. ასე ვინ გიჟი იყიდის?!
        ვერც ვერანაირი გვალვა, ვერც თუნდაც რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა, ვერ შეუშლის ხელს «აეს-თელასს» ასეთ შემთხვევაში, გამოასწოროს თბილისში ვითარება. თბილისშიც და საქართველოს მაშსტაბითაც. მაგრამ ამაზე ბიუროკრატია, რასაკვირველია, არ წავა. მათ ურჩევნიათ სიბნელესა და სიცივეში ამყოფონ ხალხი, ვინც იხდის პატიოსნად ელექტროენერგიის საფასურს, ოღონდ კი არ გაუშვან ხელიდან ბიუროკრატიული ქონება. თანაც, უსინდისოდ აბრალებენ ყოველივეს იმავე ამაერიკულ ფირმას, რომელმაც მდგომარეობის ნაწილობრივ გამოსწორება მაინც შეძლო, თუ მეტი ვერა.

მერიდიანი, 2 ოქტომბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე