კორუფციის მეცხრე ტალღა

        გუშინ პარლამენტარმა ირაკლი ბათიაშვილმა სენსაციური განცხადება გააკეთა «სანაოსნოს გაძარცვის» თაობაზე. განცხადების სენსაციურობა ის კი არ არის, რომ მან მილიონობით დოლარის განიავების ფაქტები დაასახელა - ამ ფაქტებში ახალი არაფერია, მაგრამ «სენსაციურია» იგი იმ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ფონზე, რომელზეც გაიჟღერა.
        «სანაოსნოს თემა» შერბილდა არჩევნების შემდეგ იმის გამო, რომ «დათბა» ურთიერთობა თბილისსა და ბათუმს შორის. ორივე «ცენტრი» დარწმუნდა ერთმანეთს ვერაფერს დაუმტკიცებდა და ვერც ვერაფერს გაიტანდა. საგულისხმოა, რომ ირაკლი ბათიაშვილმა მთავარ დამნაშავედ ტრანსპორტის მინისტრი მერაბ ადეიშვილი დაასახელა და მისი იმპიჩმენტის საკითხი დასვა.
        განცხადება იმდენად მკვეთრი იყო, უკვე უეჭველია, ეს საქმე «იოლად» აღარ დასრულდა. თუმცა, მერაბ ადეიშვილმა, მცირე ხნის წინათ პოსტზე დანიშვნისას, დაახლოებით, სამი საათის განმავლობაში პასუხი გასცა კონკრეტულ ბრალდებებს.
        ასეა თუ ისე, «სანაოსნოს» თემამ გაიჟღერა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში, როგორც ჩანს, მართლაც დაიწყო ბრძოლა კორუფციის ზოგიერთი გამოვლინების წინაამდეგ. ყოველ შემთხვევაში, «ნელ-ნელა» მატულობს რეპრესიების ტემპი. უშიშროება, შინაგან საქმეთა სამინისტრო, გენერალური პროკურატურა, ცალ-ცალკე აკავებენ «საშუალო დონის» მოხელეებს. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამაზე არ შეჩერდებიან და უფრო «მაღლაც» წავლენ – სხვა ეშელონებისაკენ.
        არ არის გამორიცხული ყოფილი მინისტრების დაკავებაც. თანაც, ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივია იურიდიული არგუმენტაცია, რომელსაც ამ შემთხვევაში იყენებს უშიშროების სამინისტრო ამა თუ იმ პიროვნებას აპატიმრებენ არა მხოლოდ «მთავრობის» ბრალდებით, არამედ «გაფლანგვისა» და «ზარალისთვის», რომელიც მოხელემ (ვთქვათ, უნიათოდ შედგენილი კონტრაქტით) სახელმწიფოს მიაყენა.
        ასეთი ბრალდებით დაკავებულია, მაგალითად, სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ზოგიერთი მაღალჩინოსანი. სისხლის სამართლის ახალი კოდექსი კი სისხლის სამართლით დასჯად დანაშაულად განიხილავს არა მხოლოდ მითვისებას, არამედ არაკომპეტენტურობით მიყენებულ ზარალსაც.
        თუმცა, თავად გამომძიებლებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ყოველი ასეთი «არაკომპეტენტურობის» მიღმა ანგარება დგას. ხელისუფლება სხვა მიმართულებებითაც შედის «სიღრმეებში». «ენერგეტიკოსებთან» ერთად, ინვალიდთა ორგანიზაციების ამა თუ იმ ხელმძღვანელთა ბედიც, როგორც ჩანს, გადაწყვეტილია.
        ეს გარემოებაც ვითარების ცვლილებაზე მიუთითებს, ვინაიდან, არცთუ დიდი ხნის წინათ, ზოგიერთი ორგანიზაცია ფინანსთა სამინისტროსა და საგზაო ფონდს თანხებს ედავებოდა. დღეს საამისოდ ვიღას «სცხელა». სავარაუდოა, რომ დაპატიმრებულები ორ-სამ კვირაში ჩვენებების მიცემას დაიწყებენ და «მწკრივად» წაიყოლებენ სხვებს, ვინც თავდაპირველად არ ფიგურირებდა კორუფციულ სისხლის სამართლის საქმეებში.
        პროცესი იმდენად მაშტაბურ ხასიათს იძენს, შეუძლებელია, მან საზოგადოებრივ მიმართებებსა და განწყობაზეც არ მოახდინოს ზეგავლენა. უკვე გაისმა პირველი განცხადებებიც, რომ პროკურატურა «უფლება-მოსილებას აჭარბებს», «რეპრესიებს ახროციელებს» და ასე შემდეგ.
        მაგრამ ზედაპირული ანალიზიდანაც ჩანს სამი «ძალისმიერი» უწყება აშკარად სინქრონულად და შეთანხმებულად მოქმედებს – დიდ ხნის წინათ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ყველა შესაძლო კონტრარგუმენტისა თუ გართულების გათვალისწინებით.
        ასე რომ, «წრე გაფართოვდება» და ანტიკორუფციული რეპრესიები კიდევ უფრო მაშსტაბური გახდება, მაგრამ რაც უფრო «გაფართოვდება წრე», მით უფრო დაიძაბება ვითარება ისტებლიშმენტში, თანაც, არა მხოლოდ პოლიტიკურ ბომონდში, არამედ მთელ ისტებლიშმენტში. საქართველოში პირადი და ნათესაური ურთიერთობები წყვეტენ არათუ «ბევრს», არამედ «ყველაფერს» - ვერანაირი პოლიტიკური მოსაზრება ამას ვერ გადასწონის.
        მაშასადამე, 2001 წლის პირველივე თვეებში მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდება. ერთის მხრივ მოისპობა «ხელისუფლების უმწეობის» სტერეოტიპი, მაგრამ დაიწყება მუსირება სხვა, საპირისპირო სტერეოტიპებისა -სათანადო პოლიტიკური ანგაჟირებით, მაგრამ, რაც მთავარია, «რეპრესირებული სოციუმი», ალბათ, მაინც ვეღარ შეძლებს სახელისუფლებო გადატრიალების ორგანიზებას, ვინაიდან მარცვალი ნოყიერ ნიადაგზე მოხვდა.
        ქვეყანა მართლაც შეაშინა კორუფციის მეცხრე ტალღამ, ანუ «ვითარება მომწიფებული იყო». საქართველოში კი სხვაგვარად არ შეიძლება.

დილის გაზეთი, 22 ნოემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე