კოდორის ხეობა - დამოკლეს მახვილი საქართველოს თავზე
        კრიმინალური ბანდების თარეში ქვეყანას ძვირად დაუჯდება

        აფხაზეთის სვანეთი, ანუ კოდორის ხეობა, უკვე რამდენიმე წელია ითვლება სრულიად «თავისუფალ ტერიტორიად», სადაც არ ვრცელდება არც საქართველოს, არც სეპარატისტული აფხაზეთის იურისდიქცია.
        აფხაზეთის ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ იქ თავისი იურისდიქციის გავრცელება კი სცადა შარშან, მაგრამ ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს ადგილობრივმა «ბოევიკებმა» ცხვირ-პირი დაამტვრიეს, ვინაიდან შეეშინდათ, რომ ხეობაში «აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების» ხშირი გამოჩენის, მით უმეტეს, დაფუძნების შემთხვევაში, სეპარატისტები იქ იგივეს გაიმეორებდნენ, რაც შარშანწინ გალში მოაწყვეს. მათ კი სულაც არ უნდათ, იქცნენ ლტოლვილებად.
        იმავე «ბოევიკებმა» უკვე მერამდენედ გაიტაცეს გაეროს სამხედრო დამკვირვებლები. წინა შემთხვევაში, მათი გათავისუფლება უსისხლოდ მოხერხდა. ამჯერად რა იქნება – არავინ იცის. აფსუა «მთარგმნელის» მონათხრობით, «ადგილობრივმა» ბანდიტურმა ჯგუფმა ორი დანიელი და ორი ბრიტანელი მძევალი აიყვანა სოფელ ლათას მიდამოებში, როდესაც ისინი ფეხით მიემართებოდნენ ქართული სოფლებისაკენ.
        ევროპელები დაატყვევა 7-კაციანმა შეიარაღებულმა ჯგუფმა. ისინი გამოსასყიდის სახით დიდძალ თანხას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მძევალთა ლიკვიდაციით იმუქრებიან. გუშინ (კვირას) კოდორს უკვე გაფრინდნენ უშიშროების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. «სპეცრაზმების» გადაგზავნას აზრი არა აქვს, ვინაიდან ხეობა «სამხედრო დემოკრატიის» პრინციპებით ცხოვრობს და იქ ძალის გამოყენებას შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს. ამ შედეგებიდან 4 ევროპელის ლიკვიდაცია მხოლოდ «ერთად-ერთად» მიგვაჩნია.
        შაბათ-კვირას ევროპულ (განსაკუთრებით ბრიტანულ) მედიაში ნამდვილი ისტერიკა იყო ატეხილი ამ ფაქტთან დაკავშირებით. ქართველებმა კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ვართ ველური და არაცივილიზებულიო ხალხი. არავის აინტერესებს ჩვენი კულტურა, სვეტიცხოველი და ნიკორწმინდა – მსჯელობენ სწორედ ასეთი ფაქტების შესაბამისად. ვერც გაამტყუნებ. ვერც იმას ვიტყვით, გაეროს დამკვირვებლები რას მიძვრებოდნენო კოდორის ხეობაში. ეს «დამკვირვებლები» ხომ ჩვენვე მოვიწვიეთ, იმ ეპოქაში, როცა «სამშვიდობო პროცესში გაეროს ჩართვა» პანაცეა გვეგონა.
        კოდორის ხეობა კიდევ უფრო მეტად არის დამოკლეს მახვილი სულსმღაფავი საქართველოს თავზე ვიდრე სამურზაყანო. სეპარატისტებს ნებისმიერ დროს (მით უმეტეს, ასეთი საბაბი აქვთ) შეუძლიათ გაანადგურონ ოთხიოდე ქართული სოფელი და გამოაძევონ ქართული მოსახლეობა, რის შემდეგაც ისტორიული აფხაზეთის ტერიტორიის უკვე 100 პროცენტი სეპარატისტთა კონტროლს დაექვემდებარება.
        ნიშანდობლივია, რომ თბილისში კოდორის ინციდენტს გაცილებით ნაკლებ ყურადღებას აქცევენ (არა იმდენად ხელისუფლება, რამდენადაც ფართო საზოგადოება), ვიდრე პარლამენტში მიმდინარე ინტრიგებს. არადა, სწორედ კოდორში მწიფდება ახალი რეალობა, რამაც შეიძლება საქართველოს ახალ ომში ჩათრევა გამოიწვიოს. თუ საქართველომ დამკვირვებელთა განთავისუფლება ვერ მოახერხა ან, თუ (ღმერთმა ნუ ქნას) მოხდა მათი ლიკვიდაცია (ფულის გადაუხდელობის საბაბით), დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, გაეროს მისია შეწყვეტს ყოველგვარ მოქმედებას და საქართველოდან წავა! მას უკან მიყვებიან ე.წ. მეგობარი ქვეყნები – მით უმეტეს, რომ ორი მძევალი სწორედ ბრიტანეთის წარმომადგენელია.
        ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დაეკისრება სწორედ საქართველოს ხელისუფლებას, ვინაიდან აფხაზეთი ფორმალურად კვლავ საქართველოა, ხოლო კოდორის ხეობაში (ასევე ფორმალურად) უშუალოდ ვრცელდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია.
        არადა, მართლაც, როგორ უნდა ვიმართლოთ თავი – ფაქტია, რომ 1993 წლიდან დღემდე, იმ რეჟიმმა, რომელსაც ჩვენ «კრიმინალურ-ფაშისტური-სეპარატისტულს» ვუწოდებთ, არ დაუშვა გაეროს დამკვირვებელთა გატაცების, მათზე ძალადობის თუნდაც ერთი შემთხვევა მაშინ, როდესაც ჩვენ (საქართველომ) ვერ შევძელით სამი ასეთი ინციდენტის თავიდან აცილება?
        ეს იმაზე მეტყველებს, რომ სეპარატისტებს მართლა მეტი შეგნება აღმოაჩნდათ, ვიდრე ჩვენ. ამიტომ, გაეროს დამკვირვებლებთან დაკავშირებული ინციდენტი უაღრესად საშიში და ავისმომასწავებელია ყველა თვალსაზრისით.
        ალბათ (თუ სხვა გზა არ იქნა), საქართველოს მოუწევს მწირი ბიუჯეტიდან რაღაც თანხის გადახდა, რათა ყველაზე უარესი თავიდან აიცილოს.

მერიდიანი, 5 ივნისი, 2000 წელი

მთელ გვერდზე