ქართული კონსტიტუციის პირველი ხუთწლეული

        გუშინ საქართველოში ოფიციალურად აღინიშნა ქვეყნის ძირითადი კანონის მიღების «საიუბილეო თარიღი» - 5 წლისთავი. თუმცა, ეს მოვლენა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ნამდვილად იმსახურებს «საერთო სახალხო» აღნიშვნას - სავსებით გულწრფელად, ყოველგვარი ფორმალიზმისა და ძალდატანების გარეშე.
        განურჩევლად ხელისუფლება-ოპოზიციონერობისა, ამჟამინდელი კონსტიტუცია ქვეყნის სტაბილურობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია და აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებას: ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველა პარტიას, «მოქკავშირის თამადობით», მაგრამ რა შუაშია, აქ კონსტიტუცია? იგი იცავს ქვეყანას ნგრევისა და ქაოსისგან, იგი სახელმწიფოებრიობის საფუძველია და მას ვერც ერთი პარტიის თუ ხელისუფლების პოლიტიკური ანგარება ვერ შერყვნის: კონსტიტუცია აწესებს «თამაშის წესებს» - როგორ «ვითამაშებთ», უკვე მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.
        სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის მიღებამ დაასრულა ხუთწლიანი მარაზმატული სამოქალაქო ომი და, ასე თუ ისე, შექმნა პირობები ქვეყნის ნორმალური განვითარებისათვის, მათ შორის, იგულისხმება კრიმინალური ბანდების განადგურება და სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოყალიბება.
        ამაში უდავოდ დიდია პირადად შევარდნაძის დამსახურება – ალბათ, მხოლოდ მისი მოქნილობითა და ეშმაკობით თუ მოხერხდებოდა იმდროინდელ პარლამენტში «არსებული» 27 პარტიის ამბიციათა შეჯერება, საბოლოოდ კი, ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით კონსტიტუციის მიღება. «დემოკრატმა ელცინმა» ახალი კონსტიტუცია ტანკებითა და ქვემეხებით მოახვია თავს რუსეთს. რაოდენ დემოკრატიულიც უნდა იყოს კონსტიტუცია, თუ იგი ასეთი მეთოდებით მკვიდრდება, ვერანაირად ვერ შეასრულებს «დიდი საზოგადოებრივი შეთანხმების» ფუნქციას. საქართველოს ამჟამინდელი კონსტიტუცია კი, მისი ზოგიერთი ნაკლის მიუხედავად (კერძოდ, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის განუსაზღვრელობა), ნამდვილად არ არის «თავსმოხვეული» - იგი ურთულესი კომპრომისის შედეგია.
        ალბათ, შევარდნაძის გარდა იმ პირობებში ამას ვერავინ მოახერხებდა და არავინ იცის კიდევ რამდენ ხანს ვიქნებოდით საერთოდ კონსტიტუციის გარეშე. არადა, კონსტიტუციის მიუღებლად საქართველოში სამოქალაქო ომი დაუსრულებელი იქნებოდა. თანაც (ისევ და ისევ განურჩევლად ხელისუფლების ვინაობისა), მოქმედ კონსტიტუციას ორი დადებითი თვისება აქვს. ჯერ ერთი, ხსენებული კომპრომისის მიუხედავად (იქნებ სწორედ მისი წყალობითაც), მოქმედი კონსტიტუცია სულაც არ არის ეკლექტური – იგი ეფუძნება, ეგრეთ წოდებული «ამერიკული მოდელის» კონცეფციას (უმნიშვნელო სახეცვლილებით), რომელიც ითვალისწინებს ხელისუფლებათა მკაცრ გამიჯვნას.
        მეორე ფაქტორი კი ის არის, რომ კონსტიტუცია (განურჩევლად ისევ და ისევ ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებისა) მართლაც იქცა «საზოგადო შეთანხმებად» იმ აზრით, რომ ქართული სოციუმი, ქართული პოლიტიკური სპექტრი დიდწილად აღიარებს ამ კონსტიტუციას, ანუ იღებს და ცნობს მის მიერ დამკვიდრებულ «თამაშის წესებს». დღეს საქართველოში, უმცირესი მარგინალური გამონაკლისის გარდა, ყველა ლეგიტიმურად მიიჩნევს კონსტიტუციას და მზად არის, იმოქმედოს მის საფუძველზე. ამას აღიარებენ თვით ექს-პნრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეები, რომლებიც გმობენ «დეკემბერ-იანვრის გადატრიალებას».
        თუმცა, ეს გადატრიალება მოქმედი კონსტიტუციის ლეგიტიმურობას ჩრდილს ვერ მიაყენებს, ვინაიდან იგი ლეგიტიმურმა ორგანომ მიიღო.
        ფაქტობრივად, ეს არის საქართველოს პირველი კონსტიტუცია, რადგან დღემდე გვიმალავენ, რომ 1921 წლის კონსტიტუციის მიღება დამფუძნებელმა კრებამ ვერ მოასწრო.

დილის გაზეთი 25 აშვისტო, 2000 წელი

მთელ გვერდზე