აბსურდის თეატრი

        ახლო (არცთუ მთლად კეთილად მოსაგონარ) წარსულში პოლიტიკოსები ამ ცნებით პოლიტიკური ვითარების უცნაურ და მათთვის მიუღებელ შინაარსს აღნიშნავდნენ.
        თუმცა, «აბსურდის თეატრი» თავისთავად თეატრალური ხელოვნების საკმაოდ «შინაარსიანი» ჟანრია. ანუ სრულებითაც არ არის «აბსურდული» შინაარსობრივად.
        ამ ჟანრში «აბსურდის» ილუზიის შექმნითა და ვითომც «აბსურდული ხერხებით» რეალობა აისახება და მისი ფილოსოფიური გააზრება ხდება. იმავე მეთოდის პროეცირებას თუ მოვახდენთ დღეს (წინასაარჩევნოდ) საქართველოში შექმნილ ვითარებაზე, უეჭველად დავასკვნით, რომ ქართველ პოლიტიკოსთა თითქოსდა «აბსურდული» ქმედებები ასეთად გვეჩვენება მხოლოდ პოლიტიკის (ჟანრის) კლასიკური კანონებიდან გამომდინარე, თორემ თვით პოლიტიკოსებისთვის მათი ქმედება სავსებით     ნორმალური და ლოგიკურია - მათი ინტერესების გათვალისწინებით. ამიტომ ის, რაც «კლასიკურ კანონთა» დარღვევაა გარეშე დამკვირვებლისათვის, ვინც სიტუაციას პირადი ანგარებისა და პიროვნული ვნების გარეშე აფასებს, თვით «აბსურდის თეატრის» მსახიობებისთვის აბსოლუტურად ბუნებრივია.
        ისინი ხომ ყოველთვის თამაშობდნენ – მათთვის ხომ საქართველო და ქართული პოლიტიკა ყოველთვის, დაწყებული 1987 წლის 24 დეკემბრიდან, როდესაც დიდუბის პანთეონში «ეროვნული მოძრაობის» პირველი აქცია გაიმართა – უპირველესად (და მხოლოდ) პიროვნული მსოფლაღქმისა თუ მსოფლხედვის დადასტურება-დაკმაყოფილების საშუალება იყო. ისევე, როგორც «მატრიცა» - აწ უკვე «ოსკაროსანი» ამერიკული ფილმიდან, სადაც მთელი ცხოვრება ვირტუალური აღქმის ნაყოფად არის მიჩნეული.
        ამიტომ ნუ გვიკვირს ჟანრის შეცვლა – გააჩნია, რა როდის აძლევთ ხელს: «მხატვრული ხერხი» ხომ ოდენ მხატვრულ ხერხად რჩება. გუშინ (8-10 წლის წინათ) ხელს აძლევდათ «მაძინიზმი» და «მაძინისტობა», ამიტომ კლასიკური მეთოდებით თამაშობდნენ. დღეს ვითარება «შეეცვალათ», «კლასიკური თეატრი» მოჰყირჭდათ, აღარც რაიმე გამოსდით ფასეული – რაღა გაეწყობა, აბა სცენიდან ხომ არ წავლენ?
        თუმცა, მაყურებელს რა ენაღვლება – სპექტაკლზე დასწრება ხომ მისი ნებაა.. ჩვენი უბედურება ის იყო, რომ «სოცრეალიზმის» საუკეთესო ტრადიციისამებრ, მოქმედების დარბაზში (პარტერში) გადმოტანის საშუალებას ვაძლევდით გაიძვერა რეჟისორებსა და მათ დაქირავებულ მსახიობებს. «ომობანას» თამაშის დროს კი (9 აპრილიდან დაწყებული 1991 წლის დეკემბრით დამთავრებული) – სისხლი რეალურად იღვრებოდა.
        საპრეზიდენტო არჩევნებამდე საქართველოში სულ რაღაც ორი კვირა რჩება. ვითარება კი საერთოდ არ არის გარკვეული - «გარკვეული» არა იმდენად გამარჯვებულის გამოვლენის მხრივ (შევარდნაძის საბოლოო გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარება), არამედ პოლიტიკური კონფიგურაციის თვალსაზრისით.
        ასეა თუ ისე, «ისტორიული» ედპ-ს წევრები ვეღარასოდეს შეძლებენ გაემიჯნონ 9 აპრილს, ვინაიდან გარეგნულად ირაკლი წერეთლის წინასწარგანზრახული «საპროტესტო» აქცია ტყუპისცალივით ჰგავდა მათ მიერ ორგანიზებულ «ნოემბრის შიმშილობას». შინაარსობრივადაც (სამართლიანობა მოითხოვს, ეს ითქვას), «9 აპრილი» გახდა ლოგიკური და სისხლიანი «დაგვირგვინება» იმ პროცესისა, რომელიც 1988 წლიდან დაიწყო ჯერ «დავით გარეჯის» საბაბით (საბაბით!), შემდეგ – სულ უფრო და უფრო რადიკალური მოთხოვნებით.
        ასეთივე «საბაბი» გახდა აფსუა სეპარატისტთა თავყრილობა ლიხნში. თუმცა, ეს ყოველივე სხვა საუბრის თემაა.
        დავუბრუნდეთ ისევ 9 აპრილის წინასაარჩევნო კონფიგურაციას. თუმცა, აქვე კიდევ ერთ საინტერესო საკითხზე უნდა ითქვას ორიოდე სიტყვა: შეგნებულად «დაამთხვიეს» თუ არა საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს? - აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, არც ედუარდ შევარდნაძე, არც ზურაბ ჟვანია და საერთო, დღევანდელი მმართველი პარტია ამას აზრადაც არ გაივლებდა – იმ მარტივი მიზეზით, რომ, ნებისმიერი პოლიტიკოსის მენტალიტეტიდან გამომდინარე, მაშინ – 1995 წლის ზაფხულში – საქართველოში სულ სხვა ეპოქა იყო და 2000 წელი შორეულ, ძალიან შორეულ და არცთუ აქტუალურ მომავლად ჩანდა.
        გარდა ამისა, «შევარდნაძის გუნდისთვის» (ეს გუნდიც საკმაოდ განსხვავდებოდა დღევანდელი გუნდისგან) არ იქნებოდა ერთმნიშვნელოვნად ნათელი, მომგებიანი გახდებოდა თუ არა ედუარდ შევარდნაძისთვის 5 წლის შემდეგ არჩევნების ჩატარება სწორედ 9 აპრილს.
        შეუძლებელია იმთავითვე ცხადი ყოფილიყო, რომ ჯუმბერ პატიაშვილი 2000 წელსაც «ძირითადი კონკურენტი» იქნებოდა, სხვა კონფიგურაციის შემთხვევაში არჩევნების 9 აპრილს გამართვა სხვა კონკურენტს (გარდა პატიაშვილისა), შეიძლებოდა მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგაც გამოეყენებინა არგუმენტად.
        ამრიგად, მტკნარი სისულელეა, თითქოს 9 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნების გამართვა უკვე მაშინ (1995 წლის ზაფხულში) «შევარდნაძის გუნდმა ჩააწყო». ამას მაშინ იგი ვერ გათვლიდა და არც დაიწყებდა გათვლას - ეს საკითხი აქტუალური ნამდვილად არ იყო. ამგვარი ჩხირკედელაობა უფრო ახასიათებდათ იმდროინდელ «რესპუბლიკელებს» (განსაკუთრებით ვახტანგ ხმალაძეს), რომლებიც კონსტიტუციის შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობდნენ;
        ალბათ მხოლოდ მათ შეეძლოთ «გამოეთვალათ», რომ თუ კონსტიტუციაში ჩაიწერებოდა დებულება: «პრეზიდენტის მორიგი არჩევნები იმართება წინა არჩევნებიდან მეხუთე წლის აპრილის მეორე კვირა დღეს « - 2000 წელს არჩევნები სწორედ 9 აპრილს დაემთხვეოდა, ვინაიდან «აპრილის მეორე კვირა დღე» წელს სწორედ 9 აპრილია; ანუ, 9 აპრილი უკვე მესამედ ხდება პოლიტიკურად საკრალური შინაარსის მატარებელი.

 

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - -
       

        ზემოთთქმულის მიუხედავად, განურჩევლად დაპირისპირებულ ძალთა არგუმენტირებული ურთიერთბრალდებებისა, მათ სულაც რომ არ ეხსენებინათ «9 აპრილი» - მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები მაინც ამ ფონზე ჩაივლიდა. ამიტომ «ბათუმური კოალიციის» მხრიდან ყველაზე ლოგიკური და ტაქტიკურად ზუსტი ნაბიჯი იქნებოდა, უკანასკნელ «წამს» პატიაშვილს მოეხსნა კანდიდატურა ასლან აბაშიძის სასარგებლოდ.
        ამ შემთხვევაში, «აღორძინების ბლოკის» წინასაარჩევნო «მიეთმოეთი» ლოგიკურობის ელფერს შეიძენდა, თუმცა, ბლოკის კანდიდატი მაინც ვერ დაჯაბნიდა ედუარდ შევარდნაძეს, რომელსაც დღეს «ალტერნატივა არ ჰყავს». იმ აზრითაც, რომ მას ვერც ერთი კონკურენტი (თვით ყველაზე დემოკრატიული არჩევნების პროცესშიც კი) ვერ დასჯაბნის – თუ რატომ, ესეც სხვა საუბრის თემაა, მაგრამ საქმეც სწორედ ის არის, რომ ასეთი რამ უკვე გამორიცხულია; «უკანასკნელ წამს» (იგულისხმება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე) ჯუმბერ პატიაშვილი კანდიდატურას არ მოხსნის, ვინაიდან ასლან აბაშიძე მოხსნის თავის კანდიდატურას და არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
        სწორედ ეს არის საკვანძო მომენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პოლიტიკური კონსტრუქცია დაინგრევა და მართალია, «წინასაარჩევნო ვითარებას» მოგვიანებით მაინც მიენიჭება ლოგიკურობა, მაგრამ ეს ყოველივე ამომრჩეველს ისე გააღიზიანებს, რომ ასლან აბაშიძე, ალბათ, მხოლოდ საკუთარ ავტონომიაში თუ მიიღებს ხმებს.
        გარეგნულად თითქოს მაინც ლოგიკურია: აჭარის ლიდერი საქართველოს დანარჩენ რეგიონებში საარჩევნო კამპანიისთვის არ ჩამოდის, «მის ნაცვლად» კამპანიას ატარებდა პატიაშვილი, უკანასკნელ «წამს» კი როლები გაიცვლება, მაგრამ რეალურად, ამგვარ საარჩევნო «ყირამალას» ხელს უშლის სულ უფრო გამწვავებული და სულ უფრო და უფრო ძნელად დასაფარი დაპირისპირება «აღორძინების ბლოკის» შიგნით – რაც ყველაზე ტრაგიკომიკურია, სწორედ პატიაშვილის კანდიდატურასთან: დაკავშირებით.
        მაგალითად, რამდენიმე «ნორჩმა ამღორძინებელმა» (რა თქმა უნდა, ასლან აბაშიძის განწყობის გათვალისწინებით) უკვე განაცხადა, რომ «ვერ დაეხმარებიან პატიაშვილს, ვინაიდან მას «პროკომუნისტური» ძალები უჭერენ მხარს ავთო მარგიანისა და პანტელეიმონ გიორგაძის სახით».
        ეს არგუმენტი უბრალოდ გამაოგნებელია – აბა რა პატიაშვილის ბრალია, თუ მას ვინმე უჭერს მხარს? გარდა ამისა, ასეთი ლოგიკით, ჯუმბერ პატიაშვილი დაუყოვნებლივ უნდა «გადაირჩიონ» საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის პოსტიდან – აბა როგორ შეიძლება იგი იყოს იმ ფრაქციათა კოალიციის ხელმძღვანელი, რომლის რამდენიმე სუბიექტი მას არჩევნებში მხარს არ უჭერს «პრინციპულად ანტიკომუნისტური» მოსაზრებებით?
        მაგრამ ამგვარი აბსურდი ნუ გაგვაკვირვებს - ეს ხომ იმავე სპექტაკლის ნაწილია! ჯუმბერ პატიაშვილი კი ამ სპექტაკლში არცთუ საპატიო როლს ასრულებს. მისი მხარდაჭერით არც «მოძრაობის» წიაღიდან მოსული «ზვიადისტები» და «ტრადიციონალისტები» იკლავენ თავს იმავე სასაცილო არგუმენტით.
        კი მაგრამ, ეს როგორ: ჯუმბერ პატიაშვილი მათთვის საპარლამენტო ლიდერად მისაღებია, ხოლო პრეზიდენტად – არა?
        საინტერესოა, აგრეთვე, დავაკვირდეთ იმ ფიგურათა პოზიციას, რომლებიც ჯუმბერ პატიაშვილთან ერთად ხელმძღვანელობდნენ საქართველოს 1985-1989 წლებში და მანამდეც.
        მაგალითად, ყოფილი გენერალური პროკურორი ვახტანგ რაზმაძე. არც ის არის, როგორც ჩანს, დიდად აღფრთოვანებული ჯუმბერ პატიაშვილის კანდიდატურით; სხვათა შორის, რაზმაძე ცენტრალური ფიგურა იყო იმ საქმეებში, რომელთა «გადაწყვეტას» იმდროინდელ ცკ-ს პირველ მდივნებს აბრალებდნენ და აბრალებენ.
        თვით ვახტანგ რაზმაძემ არაერთგზის განაცხადა, რომ, ეგრეთ წოდებულ «თვითმფრინავის საქმესთან» დაკავშირებით, მღვდელ ჩიხლაძის მიმართ გადაწყვეტილება სწორედ მან მიიღო. ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს ვერაფრით შეაგნებინებ და ვერ დაარწმუნებ (რამდენიც უნდა ეცადო), რომ ედუარდ შევარდნაძე არაფრის დიდებით არ იტვირთებდა პასუხისმგებლობას და «არ შეუკვეთავდა» თვითმფრინავის გამტაცებელთა «მოძღვრის» დახვრეტას რაზმაძეს. ისევე, როგორც პატიაშვილი «არ შეუკვეთავდა» მას სოლიკო ხაბეიშვილის დაპატიმრებას, რის გამოც პატიაშვილმა მთელი ქართული ელიტარული ინტელიგენცია «გადაიმტერა».
        ორივე შემთხვევაში რაზმაძე მოქმედებდა საკუთარი მოსაზრებებით და შეხედულებებით. ჩვეულებრივი ადამიანი პროკურორის (თუნდაც, საბჭოთა ეპოქის დროინდელი პროკურორის) მენტალიტეტს ვერ გაიგებს. ეს მენტალიტეტი ჰარმონიულად ეწერებოდა იმდროინდელი იერარქიულ სისტემაში, როდესაც ნებისმიერი ჩინოვნიკი თავად ქმნიდა «აურას» - გამომდინარე საკუთარი უფლებამოსილებიდან და საერთო ატმოსფეროდან.
        მაგრამ 1988-89 წლებში, როდესაც (დარწმუნებული ვარ) ჯუმბერ პატიაშვილი კატეგორიულად მოითხოვდა იმავე «მოძრაობის» ლიდერთა ალაგმვას», ვახტანგ რაზმაძემ (ისევე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა შოთა გორგოძემ და უშიშროების მინისტრმა გივი გუმბარიძემ) კატეგორიულიო უარი «სტკიცა» - 1989 წლის 9 აპრილამდე (ფორმალურად) არანაირი საფუძველი არ არსებობდა «ლიდერთა» დაპატიმრებისათვის, - 9 აპრილის შემდეგ კი დააპატიმრეს, მაგრამ (პატიაშვილის გაგებით) «რაღა დროს».
        მთელი ეს ამბავი ჯუმბერ პატიაშვილს «დღესაც წვავს» - როგორც უნდა ცდილობდეს თავის მოკატუნებას, თითქოს ძველებურად «ტკბილი ურთიერთობა» აქვს ყოფილ ხელქვეითებთან.
        გივი გუმბარიძის (იმდროინდელი უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის) გაუთავებელი კრიტიკა მხოლოდ იმით არის განპირობებული, რომ გუმბარიძემ იგი შეცვალა პირველი მდივნის პოსტზე, თორემ გენერალური პროკურორის (ან ზოგადად, პროკურატურის) გარეშე ვერც იმდროინდელი «უშიშროება» (ნუ გაიკვირვებთ), ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერაფერს გახდებოდნენ; თავის მხრივ (ბოდიში კალამბურ-ტავტოლოგიისთვის) ვახტანგ რაზმაძემაც იცის, რომ ჯუმბერ პატიაშვილმა ეს იცის და იქნებ ამიტომ არ ჩანს მის მხარდამჭერ მიტინგებსა თუ ღონისძიებებზე?
        თავის მხრივ, რთული დილემის წინაშე აღმოჩნდა ასლან აბაშიძეც. მან შესანიშნავად უწყის, რომ ჯუმბერ პატიაშვილის სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნისა და პატიაშვილის დამარცხებისას პოლიტიკურად წააგებს და წააგებს საკმაოდ ბევრს. ამიტომ ასლან აბაშიძისთვის მიუღებელია ასოცირდებოდეს «დამარცხებულ კანდიდატთან».
        იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატურას მოხსნის პატიაშვილის სასარგებლოდ, ამით «გადაინაწილებს» დამარცხების პასუხისმგებლობასაც. ხოლო გაუთავებელი ლაპარაკი «გაყალბების» შესახებ ისევე ფუჭი იქნება, როგორც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
        აქედან გამომდინარე, უფრო ლოგიკურია (საკუთარი მონაწილეობის გამორიცხვის შემთხვევაში), რომ ასლან აბაშიძემ უბრალოდ მოხსნას კანდიდატურა, არავის სასარგებლოდ, «მარკირების» უარყოფის საბაბით.
        მივაქციოთ ყურადღება - «უცნაურად ჭიანურდება «აღორძინების ბლოკის პოლიტსაბჭოს» სხდომის ჩატარება, სადაც (როგორც არაერთგზის ითქვა) «საბოლოოდ უნდა გადაწყდეს»... და ასე შემდეგ.
        ჭიანურდება იმიტომ, რომ ასეთი სხდომის ჩატარების შემთხვევაში (თუ სწორედ ამ სხდომაზე «გადაწყდებოდა» პატიაშვილის «დარჩენა» და აბაშიძის «მოხსნა») - მაინც დაფიქსირდება, რომ აჭარის ლიდერი კანდიდატურას ხსნის სწორედ პატიაშვილის სასარგებლოდ, რაც მისთვის, როგორც ჩანს, სასურველი არ არის.
        არასასურველია იმ მიზეზით, რასაც ბევრი მისი მომხრეც ვერ აცნობიერებს ჯერჯერობით: «აჭარის ავტონომიის ლიდერს» არ სურს, რაიმე თვალსაზრისით, რაიმე ფორმით ან რაიმე დოზით «ვალდებული» იყოს საქართველოს პრეზიდენტობის ნებისმიერი კანდიდატისადმი. ამიტომ, რაც უფრო ნაკლებია ჯუმბერ პატიაშვილის შანსი, გაიმარჯვოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, მით მეტია ალბათობა იმისა, რომ ასლან აბაშიძე მაინც ღიად დაუჭერს მას მხარს, ან (ყოველ შემთხვევაში) პირადად ღიად არ დაუპირისპირდება ან კიდევ ზემოთ ხსენებულ «ნორჩ ამღორძინებელთა» განცხადებებს იკმარებს და პირიქით – რაც უფრო მეტია ნებისმიერი (ვინც უნდა იყოს) პრეზიდენტობის კანდიდატის შანსი, მართლა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, – მით მეტია ალბათობა ასლან აბაშიძის მხრიდან მისი კრიტიკის და მისგან გამიჯვნისა.
        ესეც თითქოს ერთგვარი პარადოქსია, თუმცა, სინამდვილეში არანაირი პარადოქსი აქ არ არის. ყველაფერი სწორედაც ლოგიკურია. «მეტ-ნაკლები ლოგიკა» კი თავისთავად აბსურდია.

დილის გაზეთი, 27 მარტი, 2000 წელი

მთელ გვერდზე