კაკო ასათიანის ინტრიგას უმრავლესობის დეპუტატები ბავშვებივით წამოეგნენ

        პრეზიდენტმა შევარდნაძემ პარლამენტს წარუდგინა მთავრობის ახალი შემადგენლობა, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის «ახალი» არც ერთი თვალსაზრისით – შეიცვალა კულტურის მინისტრი, ვალერი ასათიანი, ვისი სახელიც დაუკავშირდა «ჟურნალისტურ გამოძიებებს». აგრეთვე ეკონომიკის მინისტრი ლადო პაპავა – თუმცა, ამ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტროში გაერთიანდა აგრეთვე მრეწველობისა და ვაჭრობის (საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების) სამინისტრო.
        მიუხედავად იმისა, რომ ვანო ჩხარტიშვილის კანდიდატურას «მრეწველები» სკეპტიკურად შეხვდნენ – ის უფრო «ლოგიკური» ფიგურაა ამ პოსტზე (დღევანდელ პირობებში), ვიდრე საბჭოური გამოცდილების მქონე ნებისმიერი «წითელი დირექტორი».
        ყველაზე მეტ ვნებათაღელვას, დამკვიდრებული აზრის მიუხედავად, გამოიწვევს არა ბაკურ გულუას, არამედ ზურაბ ნოღაიდელის კანდიდატურა.
        სოფლის მეურნეობის მინისტრის თაობაზე «უმრავლესობაც» და «უმცირესობაც» უკვე «ჩამოყალიბდა» - გულუას შეიძლება ეყოს მომხრეთა ხმები, შეიძლება არ ეყოს. რაც შეეხება ზურაბ ნოღაიდელს, მისი დამტკიცების დროს უეჭველად გაიმართება ცხარე პოლიტიკური დისკუსია, რადგან ფინანსთა მინისტრის პოსტი თითქმის ისევე პრინციპულია, როგორც სახელმწიფო მინისტრისა.
        შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზურაბ ნოღაიდელის კანდიდატურა ერთ-ერთი გამოხატულებაა იმ პოლიტიკური კონფიგურაციისა, რომელიც გამოიმუშავა მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდულმა ფრთამ და გულისხმობდა ზურაბ ჟვანიას პრემიერ-მინისტრობას.
        ცნობილი «ხელმოწერების» ინიციატორებს – დავით გამყრელიძესა და ლევან გაჩეჩილაძეს ეს არც დაუმალავთ, თუმცა, საეჭვოა ინიციატივა პარლამენტის თავმჯდომარისა ყოფილიყო.
        ამჟამად ზურაბ ჟვანიას (პოლიტიკური პერსპექტივის თვალსაზრისით) სულაც არ აძლევდა ხელს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეთა კავშირის გავლენიან ფრთას იგი «საუკეთესო შესაძლო პრემიერ-მინისტრად» მიაჩნდა და არც პრეზიდენტი იქნებოდა წინააღმდეგი.
        მაგრამ უმძიმესი შეცდომა, რომელიც დაუშვეს «ხელმოწერების» ინიციატორებმა უეჭველად ის იყო, რომ ჯერ ერთი, «კაბინეტის» საკითხი გადაეჭდო «მთავრობის პასუხისმგებლობის» საკითხს და «კეთილგანწყობილმა ენებმა» ედუარდ შევარდნაძეს შხამიანად ჩააწვეთეს, თითქოს პარლამენტში «იმპიჩმენტის» პრობლემა იხილებოდა.
        გარდა ამისა, მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება აუცილებლად მოითხოვდა ფაქტობრივად ახალი კონსტიტუციის მიღებას, რისთვისაც ქვეყანა არც ერთი თვალსაზრისით არ არის მზად.
        ძნელი მისახვედრი არც ის უნდა ყოფილიყო, რომ «ხელმომწერები» «ტრადიციონალისტთა» ლიდერმა, კაკო ასათიანმა «წამოაგო» საკმაოდ ოსტატურად შემოგდებულ პოლიტიკურ ანკესზე.
        «სამართლიანობისკენ მსწრაფი» გულმხურვალე პოლიტიკოსები, რომელთაც უდავოდ «კარგი» უნდოდათ (თუმცა დაავიწყდათ, რომ პოლიტიკაში «კეთილი სურვილებითაა» მოკირწყლული გზა ჯოჯოხეთისაკენ»), მთავრობის «გასამართლების» მოთხოვნას ხელს აწერდნენ არა პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ, არამედ მის სასარგებლოდ, რათა უმაღლესი სახელისუფლებო პირისთვის აეცილებინათ პასუხისმგებლობა საბიუჯეტო კრიზისის გამო, რომელიც სწორედ მინისტრთა უნიათობით შეიქმნა.
        მაგრამ ასეთი «მეხამრიდის» შექმნა საქართველოში ვერ მოხერხდებოდა და ვერც მოხერხდება მომავალში. ანუ ვერ მოხერხდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩამოყალიბდება მინისტრთა კაბინეტი. სულ ერთია, ქართული საზოგადოების მენტალური თავისებურებიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობა მაინც პრეზიდენტს დაეკისრება ყველაფრისათვის, - დაწყებული თბილისის რომელიმე რაიონში «ელექტროფიდერის» გაუმართაობიდან – დამთავრებული კრედიტების ხარჯვით.
        ასეთი «მენტალიტეტის» საზოგადოებაში პასუხისმგებლობის პირველი პირისგან «გაუცხოების» მცდელობა სრულებით ფუჭია. არა აქვს მნიშვნელობა, პრეზიდენტი თვითონ უშუალოდ ხელმძღვანელობს აღმასრულებელ ხელისუფლებას (როგორც «ამერიკულ მოდელში»), თუ ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, რომელიც შემდგომ არჩევს მინისტრებს და ა.შ. ვიმეორებ: სულ ერთია, პასუხისმგებლობა მაინც დაეკისრება პრეზიდენტს, ხოლო «კაბინეტი» ნამდვილად ვერ შეასრულებს «პოლიტიკური მეხამრიდის» ფუნქციას, როგორც მაგალითად რუსეთში, საფრანგეთში ან «დეგოლისტური დემოკრატიის» სხვა სახელმწიფოებში.
        აკაკი ასათიანი და თედო პაატაშვილი, როდესაც ამ «ანკესს ისროდნენ», ნამდვილად ვერ წარმოიდგენდნენ თუ ესოდენ «ხვავრიელ» შედეგს მიიღებდნენ და ამღვრეული წყლიდან საკმოად მსუქან «ღლავს» ამოათრევდნენ.
        ნიშანდობლივია, რომ ორივე დოკუმენტზე ხელმოწერები შეგროვდა პარალელურად (რაც ნამდვილად არ უნდა იყოს შემთხვევითი). თანაც, ზურაბ ჟვანიას თბილისში არყოფნის დროს. აქედანაც გარკვეული გათვლა გამოსჭვივის, ვინაიდან ძალზე საეჭვოა ჟვანიას (იგი სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან პოლიტიკოსად), ასეთი შეცდომა დაეშვა – იმთავითვე ნათელი იყო: «კაბინეტის» მოთხოვნა ამჟამად არ შეესაბამება პრეზიდენტის ინტერესებს.
        ცნობილი გამონათქვამია, რომ პოლიტიკაში «შეცდომა – დანაშაულზე უარესია». მმართველი პარტიის საპარლამენტო წარმომადგენლობამ ამ ინტრიგის განხორციელებისას სრული უნიათობა გამოამჟღავნა და ახალშობილი ბოჩოლასავით პირდაღებული «შებოჩიალდა» ოსტატურად დაგებულ მახეში. ახლა უკვე ძალიან ძნელია რაიმეს გამოსწორება მოსახდენი მოხდა. ერთადერთი «სწორი ტაქტიკა» უმრავლესობის მხრიდან იქნება პრინციპულობის გამომჟღავნება მინისტრების დამტკიცებისას, ხოლო პრეზიდენტის მხრიდან - «ბალანსირების პოლიტიკაზე» უარის თქმა: უმაქნისი მინისტრების (არა ყველასი ერთად, არამედ კონკრეტულად და პერსონიფიცირებულად) მთავრობიდან ადვილად გაძევება.
        საქართველოში მოქმედებს ხელისუფლებათა გამიჯვნის «ამერიკული სისტემა.» განა საოცრება არ არის, რომ ვეებერთელა ამერიკაში, რომლის ეკონომიკას (ასე ჩანს) არაფერი დაემუქრება უახლოესი 1000 წლის განმავლობაში – პრეზიდენტი მინისტრებს (არა ყველას ერთად, არამედ კონკრეტულ უნიჭო და უნიათო მინისტრებს) უფრო ხშირად ცვლის, ვიდრე საქართველოში?
        რაც შეეხება «კაბინეტურ» სისტემას – ამ სისტემის ოდიოზურობა თუნდაც იმაში მდგომარეობს, რომ მაგალითად (თუ ჩვენს პირობებზე მოვახდენთ პროეცირებას) ფინანსთა მინისტრის გამო, მასთან ერთად, თანამდებობიდან უნდა გადადგეს სასაზღვრო დეპარტამენტის თავმჯდომარეც და მშენებლობის მინისტრიც, რომელთაც ბიუჯეტის «ჩაგდებაში» შესაძლოა არანაირი წვლილი არ მიუძღოდეთ.
        «გუნდური პასუხისმგებლობა» ამერიკულ სისტემაშიც უზრუნველყოფილია პრეზიდენტის უმაღლესი (შეუზღუდავი) უფლებამოსილებით – კინწისკვრით გააგდოს ნებისმიერი მინისტრი და არაფერი ჰკითხოს პარლამენტს. პერსონალური (პრეზიდენტის) პასუხისმგებლობა კი ყოველთვის უფრო ქმედითია, ვიდრე კოლექტიური («ჯოგური») პასუხისმგებლობა.
        თუმცა, «მოქალაქეთა კავშირის» წევრები, რომლებიც ოპოზიციამ ასე ადვილად «გააბრიყვა» და პარლამენტის თავმჯდომარეც უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა (ისევე, როგორც პრობლემები შეუქმნა პრეზიდენტს), დღემდე ვერ ხვდებიან, რომ «კაბინეტის» შექმნის თაობაზე ხელმოწერების ინიციატორთა მთავარი მიზანი იყო საკონსტიტუციო სივრცის დესტაბილიზაცია, რადგან თამაშის არსებული წესებით ისინი შეიძლება კიდევ დიდხანს ვერ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ხოლო საკონსტიტუციო წყობის დესტაბილიზაცია შესანიშნავი საშუალებაა ხელისუფლების შესაცვლელად.

7 დღე, 17 მაისი, 2000 წელი

მთელ გვერდზე