არჩევნები აშშ-ში და საქართველო

        რაღაც უცნაურად დაგვებედა ეს 7 ნოემბერი. 1917 წლის 25 ოქტომბერს (ახალი სტილით, 7 ნოემბერს) რუსეთში კომუნისტური გადატრიალება მოხდა, რამაც დიდად განსაზღვრა საქართველოს ბედი შემდგომი 70-80 წლის განმავლობაში. მართალია, კომუნისტურმა რუსეთმა ჩვენი ქვეყანა მხოლოდ სამი წლის შემდეგ (1921 წელს) დაიპყრო, მაგრამ ბოლშევიკთა გამარჯვება რუსეთთან ერთად საქართველოშიც რომ გარდაუვალი იყო, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა.
        ამიტომაც არ მიიღეს საქართველო ერთა ლიგაში, რათა მის შემდგომ ბედზე პასუხისმგებლობა არ ეკისრათ.
        გუშინ, 2000 წლის 7 ნოემბერს, ანუ ნოემბრის პირველ სამშაბათს (როგორც განსაზღვრულია კონსტიტუციით), ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. ამ არჩევნებს მთელი მსოფლიო უდიდენსი ყურადღებით ადევნებდა თვალს. შეიძლება ითქვას, ამჟამინდელი «გლობალიზაციის» პირობებში სხვა არც ერთი მოვლენა არ იმოქმედებს პლანეტაზე ესოდენ მრავალგანზომილებიანად, როგორც ამერიკის პრეზიდენტის არჩევა.
        დღეს ხომ ამერიკის შეერთებული შტატები პლანეტისა და კაცობრიობის ეჭვმიუტანელი ლიდერია, ერთადერთი ზესახელმწიფოა, - ერებისა და ქვეყნების «ბედის განმსაზღვრელია», მოსწონს ამგვარი მდგომარეობა ვინმეს თუ არა.
        ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ბედი გვაინტერესებს, თორემ რა ზეგავლენას იქონიებს ამერიკის პრეზიდენტის შეცვლა ახლო აღმოსავლეთში არსებულ აბსურდულ სიტუაციაზე, ამაზე ებრაელებმა და არაბებმა იმტვრიონ თავი.
        თუმცა, ზოგადი, საერთო ტენდენციებიც თვალსაჩინო იქნება. თანაც, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამერიკული არჩევნების შედეგისათვის.
        ასეთი გაურკვეველი და აწეწილ-დაწეწილი ვითარება ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯერ არ ყოფილა. ალ გორი (ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი) და რესპუბლიკელთა კანდიდატი ჯორჯ ბუში თითქმის თანაბარი დისტანციით მიუახლოვდნენ ფინიშის სწორს. ამერიკის შესანიშნავი სოციოლოგიური სამსახურები (მათ შორის, გელაპის ინსტიტუტი) აფიქსირებდნენ, რომ ჯორჯ ბუში-უმცროსი ოდნავი უპირატესობით უსწრებდა ალბერტ გორს. მაგრამ ეს უპირატესობა არამყარია.
        რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყნისათვის გამარჯვებულის ვინაობას რაიმე განმსაზღვრელი, გადამწყვეტი, მით უმეტეს, სასიცოცხლო მნიშვნელობა არა აქვს. შტატების გეოპოლიტიკური ინტერესი და გავლენა კასპიის აუზის რეგიონისადმი (ენერგოშემცველთა დიდი ოდენგობის გამო) ობიექტური ფაქტორია და სუბიექტურ განწყობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.
        ამერიკა ჩვენი რეგიონით (მათ შორის, საქართველოთი) დაინტერესდა, ვინაიდან ეს დაინტერესება გამომდინარეობს მისი სასიცოცხლო ინტერესებიდან – XXI საუკუნე ხომ ნავთობის ამოწურვის საუკუნე იქნება!
        უკვე ამ საუკუნის მეორე ნახევრიდან, მსოფლიო იძულებული გახდება ეძებოს ენერგიის ალტერნატიული წყაროები. ერთი ინგლისური ანდაზისა არ იყოს «ამერიკელებს სურთ უკანასკნელი მარწყვი თავად მოწყვიტონ». და მაინც, მიუხედავად ამისა, ადმინიტსტრაციის შეცვლა საქართველოსათვის (რომლის მნიშვნელობა ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკურ იერარქიაში არცთუ ისე დიდია) თვით ამ რეგიონშიც კი ხელსაყრელი არ უნდა იყოს, ვინაიდან თუ კლინტონი წავიდა, იგი წავა თავის «გუნდთან», ადმინისტრაციასთან ერთად.
        არადა, მასთან საქართველოს ხელისუფლება წლობით აწყობდა ურთიერთობას. თუ ჯორჯ ბუში გაიმარჯვებს, მოვა ხალხი, რომელიც საქართველოს საერთოდ, არ იცნობს და შეიძლება არც იცოდეს, სად მდებარეობს ეს ქვეყანა. ვგულისხმობ მრჩევლებს, თანაშემწეებს და ა.შ.
        არადა, სწორედ ისინი «აკეთებენ» რეალურ პოლიტიკას, რომ აღარაფერი ვთქვათ, სახელმწიფო მდივანზე, ენერგეტიკის მინისტრზე და ა.შ.
        რა თქმა უნდა, ჯორჯ ბუში თითქოს უფრო რადიკალურად არის განწყობილი რუსეთის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ეს, ალბათ, წინასაარჩევნო რიტორიკაა.
        ნურც იმას დავივიწყებთ რომ რუსეთთან დაპირისპირება არ გამორიცხავს საქართველოს «ხურდაში დაბრუნებას». ბუშის განცხადების თანახმად, იგი დიდი ნავთობსადენის ირანზე გატარებას ანიჭებს უპირატესობას, ვიდრე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე.

მერიდიანი, 8 ნოემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე