«იტერა» წიხლს გვაჭერს

        რუსულ-ამერიკული კომპანია «იტერას» წარმომადგენელთა სტუმრობა საქართველოში და მათი კატეგორიული მოთხოვნა (დაფარეთ ვალი, თორემ შევწყვეტთ გაზის მოწოდებას) შემთხვევითი ნამდვილად არ არის.
        საარჩევნო პერიოდი შესანიშნავი მომენტია მევალისაგან ვალის მოსათხოვად, როდესაც მას სხვა გზა არა აქვს: ან ვალი უნდა გადაიხადოს, ან შეურიგდეს არჩევნებისას გართულებათა გარდაუვალობას.
        ბუნებრივია, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა ჯუმბერ პატიაშვილს ვერ გაამარჯვებინებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში (ასლან აბაშიძეზე საუბარი ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა), მაგრამ ხმების მნიშვნელოვან რაოდენობას მაინც დააკლებს მოქმედ პრეზიდენტს, რაც სერიოზულ არგუმენტად იქცევა შემდეგი 5-წლიანი მმართველობის პერიოდში.
        ამიტომ ხელისუფლება ჩიხშია მომწყვდეული, ხოლო «იტერა» ამით სარგებლობს. ბუნებრივია, რუსულ-ამერიკულ კომპანიას სხვა ინტერესი (ფულის გარდა) არც შეიძლება ჰქონდეს. მათთვის პოლიტიკური მოტივაცია სრულებით უცხოა, მაგრამ ეს მოტივაცია ნაკლებადაა უცხო «გაზპრომის» იმპერიისათვის, კიდევ უფრო ნაკლებად თვით რუსეთის, ანუ რუსეთის იმპერიისათვის, რომელსაც საქართველოში საკუთარი ინტერესები აქვს.
        აქედან გამომდინარე, «გაზპრომი» აწვება «იტერას», ხოლო თვით «გაზპრომისაგან» რუსული სახელმწიფო მოითხოვს გარკვეული «პატრიოტული» ვალდებულებების შესრულებას.
        «გაზპრომის» საკუთარი ინტერესი იმდენად საქართველოსთან მისაღებ რამდენიმე ათას დოლარს არ უკავშირდება (ვგულისხმობ მიმდინარე დავალიანებას), რამდენადაც საქართველოს გაზსადენი ქსელის დაუფლების სურვილს.
        მოსკოვში შესანიშნავად იციან იმ მოლაპარაკებათა თაობაზე, რომელიც თბილისში წარმოებდა «შაჰ-დენიზ კონსორციუმის» ხელმძღვანელობასთან, რომელიც აგრეთვე დაინტერესებულია საქართველოს გაზსადენით, ვინაიდან მისი მეშვეობით რამდენიმე თვეში შესაძლებელი იქნება თურქეთში ყოველწლიურად 3-4 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტი.
        ხუმრობა საქმე არ გეგონოთ: მთავარია, ვინ შეიჭრება პირველად აღმოსავლეთ თურქეთის «ოქროს ბაზარზე». ეს ბაზარი სავსებით გადახდისუნარიანია, მაგრამ საწვავის წყურვილით იხრჩობა. «გაზპრომს» სურს დაასწროს «შაჰდენიზ კონსორციუმს», ამიტომ სარწმუნო წყაროთა ცნობით, «იტერამ» ვალის ანგარიშში (ამჯერად საუბარი გვაქვს «ძირითად» დავალიანებაზე, რომელიც 40 მილიონ დოლარს აღწევს) საქართველოს გაზსადენის გადაცემა მოითხოვა, თუმცა საბოლოო პასუხი არ მიუღია. მთელ ამ პერიპეტიებში კი კრემლს (რუსეთის ხელისუფლებას) რუსული სახელმწიფოს პოზიციათა გაძლიერება აინტერესებს.
        რაც შეეხება «იტერას» - არა მგონია, მისი ინტერესი მიმდინარე დავალიანების ოდენობას აღემატებოდეს. «იტერა» ჩვეულებრივი «დისტრიბუტორია», ასეთი შვილობილი კომპანია რემ ვიახირევმა («გაზპრომის იმპორტიორმა) ათეულობით შექმნა ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე.
        თითქოს ხუმრობაა საქართველოს მიმდინარე დავალიანება «გაზპრომის» მილიარდებთან შედარებით, მაგრამ ამერიკელებმა (ბოლო დროს რუსებმაც) შესანიშნავად უწყიან, რომ თუ მილიარდს ერთი ცენტი დააკლდა – უკვე მილიარდი აღარ არის. «იტერაში» სულ 5-7 კაცი მუშაობს (ტექნიკურ პერსონალს არ ვთვლი), ალბათ ამიტომ საქართველოს მიმდინარე დავალიანების თუნდაც 15-20 პროცენტის გადანაწილება (როგორც კონტრაქტითაა განსაზღვრული) მათთვის ერთობ სარფიანი საქმეა.
        საქართველო კი (არა ხელისუფლება, არამედ ქვეყანა) საკმაოდ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა: თუ მიმდინარე დავალიანება უახლოეს დღეებში არ დაიფარა და «იტერამ» კუთვნილი არ მიიღო, თბილსრესს შეუწყდება ბუნებრივი აირის მიწოდება (მოსახლეობაზე, საერთოდ, აღარაფერს ვამბობ), რაც იმას ნიშნავს, რომ გაჩერდება მე-10 ენერგობლოკი და ნახევარი საქართველო (თბილისთან ერთად) «ელექტროგრაფიკის» გარეშე დარჩება, ვინაიდან ენერგოსისტემიდან საბოლოოდ «ამოვარდება» ენგურჰესი, სადაც წყლის მარაგი ისედაც კრიტიკულ ზღვარზე დაბლაა ჩამოსული.
        საეჭვოა, «აი-ი-ეს თელასმა» კიდევ გამოიჩინოს ალტრუიზმი და მსოფლიოს ბაზარზე მამასისხლად ქცეული მაზუთი იყიდოს, - იყიდოს, რათა ხელისუფლებას პრობლემები არ შეუქმნას არჩევნებში.
        არადა, რომ აღარც დათბა ეს ოხერი? თუმცა ეს შეძახილი უკვე ტრაგიკომიკურ შთაბეჭდილებას ტოვებს – ბოლოს და ბოლოს, როდემდე უნდა ვიყოთ ასეთ მდგომარეობაში? თითქოსდა ჩაკეტილ წრეში აღმოვჩნდით.
        თუმცა გამოსავალი ნამდვილად არსებობს: უნდა მოხდეს დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება, რისთვისაც აუცილებელია ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს წესი, რომლის შესაბამისად, ელექტროენერგიას მიიღებს მხოლოდ გადამხდელი და (რა თქმა უნდა, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე) არ მიიღებს არგადამხდელი.

მერიდიანი, 17 მარტი, 2000 წელი

მთელ გვერდზე