იქნება თუ არა მეორე ტური?

        «საპრეზიდენტო მარათონზე» შემორჩენილი სამი სერიოზული კანდიდატიდან ორი (პატიაშვილი და აბაშიძე) უცნაურადაა «დაწყვილებული».
        აღსრულდა ყველაზე ფანტასტიკური, დაუჯერებელი და, იმავდროულად, კომიკურობამდე აბსურდული ვარაუდი: ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ორი კანდიდატი (!) წამოაყენა საპრეზიდენტო არჩევნებში. ასეთი აბსურდი მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი. თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასლან აბაშიძე უკანასკნელ მომენტში მოხსნის თავის კანდიდატურას ჯუმბერ პატიაშვილის სასარგებლოდ (გვაინდელი მინაწერი: მოხსნა, მაგრამ . . . . . . შევარდნაძის სასარგებლოდ!!!) . თუმცა, არც ისაა გამორიცხული, მან, უბრალოდ, მოხსნას კანდიდატურა - არა ვინმეს სასარგებლოდ, არამედ... არავის სასარგებლოდ. მოხსნას და მორჩა! აი, მაშინ ნახეთ კომედია!
        შეუძლებელია ასლან აბაშიძემ მონაწილეობა მიიღოს ჯუმბერ პატიაშვილთან ერთად არჩევნებში. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ხმების 95 პროცენტს იგი აჭარაში მიიღებს, რითაც დადასტურდება, რომ მისი გავლენა, სინამდვილეში, აჭარას შორს ვერ სცილდება. გარდა ამისა, აჭარის ლიდერს სულაც არ ეპიტნავება საქართველოს მაშტაბით არა მხოლოდ ედუარდ შევარდნაძესთან (რაც უეჭველია), არამედ ჯუმბერ პატიაშვილთანაც დამარცხება.
        არ არის გამორიცხული, ასლან აბაშიძეს საქართველოს მასშტაბით ჯუმბერ პატიაშვილმაც აჯობოს - რაც პირველისთვის დაუშვებელია.
        ამიტომ, ასიდან ოთხმოცდაცხრამეტის ალბათობით, ასლან აბაშიძე თავის კანდიდატურას მოხსნის. როგორ, რა ფორმით – სხვა საკითხია. მთავარია, რომ 9 აპრილს მხოლოდ ორი «მარადი მოწინააღმდეგე» შერჩება ერთმანეთს: ედუარდ შევარდნაძე და ჯუმბერ პატიაშვილი.
        მოქმედი პრეზიდენტი მოწინააღმდეგეს დაახლოებით 30-40 პროცენტით უსწრებს, თუმცა არჩევნების მოახლოების კვალობაზე ვითარება უფრო დაიძაბება. დღევანდელი მონაცემების თანახმად, ედუარდ შევარდნაძე იმარჯვებს, დაახლოებით ასეთი თანაფარდობით - 45-20თან (ეს იმ შემთხვევაში, თუ აბაშიძე ხსნის კანდიდატურას), მაგრამ ასეთ შემთხვევაში, მეორე ტური გარდაუვალია.
        გასათვალისწინებელია, რომ გამოკითხულთა 25 პროცენტს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, ამიტომ პირველივე ტურში ედუარდ შევარდნაძემ შეიძლება ხმათა 60-70 პროცენტი მიიღოს. მეორე ტურის ალბათობა ძალიან მცირეა, ვინაიდან ეს 25 პროცენტი, უეჭველად, ერთ-ერთი კანდიდატის – ედუარდ შევარდნაძის ან პატიაშვილის სასარგებლოდ გადაიხრება. წარმოუდგენელია, დანარჩენმა თხუთმეტმა კანდიდატმა თუნდაც 2 პროცენტი მოაგროვოს ჯამში, ანუ მოქმედი პრეზიდენტი 50 პროცენტს გადასცილდება.
        ამჟამად გასარკვევი მხოლოდ ის არის, რამდენ პროცენტიანი და რამდენად ფართო იქნება მისი «მანდატი», რომელსაც იგი 9 აპრილის შემდეგ მიიღებს. ეს არის 5-წლიანი მანდატი! - 2005 წლამდე.
        «ბათუმური კოალიციის» დამარცხებაში კი (წინასწარ შეიძლება ითქვას) ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქაოსმა და გაურკვევლობამ ბლოკის შიგნით: აშკარა შეუთანხმებლობამ, წინააღმდეგობრივმა გადაწყვეტილებებმა. რა საჭირო იყო, მაგალითად, ადამიანების მოტყუება, რომ ბლოკს ეყოლებოდა ერთიანი კანდიდატი (სხვათა შორის, ასლან აბაშიძე უფრო მეტად არის მისაღები ფსიქოლოგიურად პროტესტული ელექტორატისათვის, ვიდრე ჯუმბერ პატიაშვილი, რომელიც უკვე იყო ხელისუფლებაში), თუ შემდეგ ორი კანდიდატის წამოყენება მოხდებოდა ერთი ბლოკიდან (?) ხოლო თავდაპირველი კანდიდატი ბოლოს საკუთარ კანდიდატურას მოხსნიდა?
        თუ არ მოხსნის, მით უარესი – ვის მისცეს ხმა პროტესტულმა ელექტორატმა? ეს ყოველივე უკვე ძვირი დაუჯდა «აღორძინებას» ისედაც მყიფე კოალიციას, რაც, უეჭველად, გამოვლინდება უახლოეს «თვითმმართველობის» არჩევნებში.
        2002 წლის «თვითმმართველობის» არჩევნები «აღორძინების ბლოკის» აღსასრულად იქცევა, ვინაიდან ასლან აბაშიძე უეჭველად უარს იტყვის ავტონომიის «სიებში» ჩასვას სოციალისტების, ტრადიციონალისტებისა და «ზვიადისტების» წარმომადგენლები. 2003 წლის მოლოდინში ეს პარტიები ამას რომც შეურიგდნენ, - მოსახლეობა მაინც გაღიზიანდება: რას გვამასხარავებენო.
        ერთადერთი პრობლემა, რაც ნამდვილად აქვს შევარდნაძეს 9 აპრილის არჩევნებთან დაკავშირებით, არის ელექტორატის აქტივობა; მოსახლეობა გადაიღალა ამდენი დაძაბულობით და დავიდარაბით – ამიტომ, ვინაიდან «შედეგი ისედაც გარკვეულია», ორივე მხარის წარმომადგენლები მეტისმეტად არ იაქტიურებენ, ანუ მოსახლეობის მონაწილეობის დონე 9 აპრილის არჩევნებში უფრო დაბალი იქნება, ვიდრე 31 ოქტომბერს იყო.
        პასიურობა შეეხება როგორც შევარდნაძის, ასევე პატიაშვილ-აბაშიძის მომხრეებს, მაგრამ შედეგად «აქტიურობის კოეფიციენტი» დაიწევს და, შესაბამისად, გამარჯვებულის «მანდატიც» ნაკლები ქნება.

მერიდიანი, 28 თებერვალი, 2000 წელი

მთელ გვერდზე