იეღოველების გამო საქართველო შეიძლება ევროსაბჭოდან გარიცხონ

        როგორც მოსალოდნელი იყო, «იეღოვას მოწმეებთან» დაკავშირებულ ისტერიკას კონკრეტული შედეგები მოჰყვა: ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოთა განცხადება მხოლოდ დასაწყისი იყო.
        სულ მალე დასავლეთის სახელმწიფოთა საგარეო-პოლიტიკური უწყებებიც გააკეთებენ შესაბამის განცხადებას, შემდეგ კი საკითხი ევროპის საბჭოში განიხილება.
        არ არის გამორიცხული, ჩვენი ქვეყანა უკვე წლის ბოლომდე ევროპის საბჭოდან გააძევონ, რაც გასაკვირი არ იქნება, ვინაიდან ევროპის საბჭოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ისეთი მარაზმი, რაც ხდება საქართველოში.
        საბერძნეთში, რუსეთსა და სომხეთში, აგრეთვე ზოგიერთ სხვა ქვეყვანაში «სექტების» წინააღმდეგ არანაკლებ მკაცრი კანონები მოქმედებს, მაგრამ ვერავინ დაასახელებს თუნდაც ერთი შემთხვევას, როცა ამ ქვეყნებში ან რომელიმე ევროპულ ქვეყანაში სექტები დაერბიოთ რელიგიურ ორგანგიზაციებს, გაენადგურებინოთ მათი ქონება, საჯაროდ დაეწვათ ლიტერატურა და ასე შემდეგ.
        თუ დასარბევია, ამას პოლიცია აკეთებს კანონის საფუძველზე, ოღონდ საქმეც სწორედ ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეშინია «რელიგიის შესახებ კანონის» მიღებისა და არცთუ უსაფუძვლოდ: ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ნებისმიერი საკამათო საკითი სამოქალაქო ომს იწვევს.
        თქვენ წარმოიდგინეთ, ლამის სამოქალაქო ომამდე შეიძლება მიიყვანოს საქმე დისკუსიებმა ისეთ თემაზეც კი, თუ როდის იწყება ახალი ათასწლეული: 2000 წლის 1 იანვარს, თუ 2001 წლის 1 იანვარს.
        რასაკვირველია, ასეთ ქვეყანაში შეუძლებელია დამუშავდეს ისეთი კანონი «რელიგიის» შესახებ, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს. ეს, პრინციპში შეუძლებელია, ვინაიდან საკითხი რთულია და მრავალგანზომილებიანი. მიუხედავად იმისა, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, სხვა გამოსავალი შექმნილი ამაზრზენი ვითარებიდან უბრალოდ არ არსებობს.
        საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი «რელიგიის» შესახებ, როგორი «კონფლიქტოგენურიც» არ უნდა აღმოჩნდეს ამ დოკუმენტის შემუშავების პროცესი.
        მეორე მხრივ, თუ პარლამენტმა ისეთი კანონი მიიღო, რომელიც ეწინააღმდეგება ფუძემდებლურ ევროპულ კონვენციებს და თვით საქართველოს კონსტიტუციას (ესეც შესაძლებელია), შედეგი კიდევ უფრო მძიმე და დამანგრეველი იქნება.
        რუსეთში დაახლოებით ასეთი რამ მოხდა: «გოსდუმამ» მიიღო კანონი «რელიგიის შესახებ», რომეილც ამკვიდრებდა რუსეთისათვის ოთხი ძირითადი ტრადიციული რელიგიის პრიორიტეტს: მართლმადიდებლობის, ისლამის, იუდაიზმისა და ბუდიზმის. სხვა რელიგიები კი (არათთუ სექტები, არამედ კათოლიციზმიც), ფაქტობრივად, კანონგარეშე ცხადდებოდა.
        ამას მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბილ კლინტონის უპრეცედენტო და მკვახე წერილი ბორის ელცინისადმი, ყოველგვარი თანამშრომლობის შეწყვეის მუქარით. ელცინი იძულებული გახდა (ამ ნაბიჯის აშკარა არაპოპულარობის მიუხედავად), ვეტო დაედო პარლამენტის გადაწყვეტილებისთვის.
        ანუ საკუთარი პარლამენტის აზრი მისთვის ნაკლებად ღირებული აღმოჩნდა, ვიდრე კლინტონის მუქარა - იმდენად შეურიგებელი იყო ამერიკის პოზიცია. ამერიკასთან ურთიერთობების გაფუჭება კი მაშინ ელცინს ხელს არ აძლევდა. ვითომ კლინტონს ეპიტნავებოდა რუსეთთან ძლივს აწყობილი ურთიერთობის სასწორზე შეგდება რაღაც სექტების გამო? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ამერიკაში რელიგიურ ოროგანიზაციათა გავლენა იმდენად დიდია, რომ მათი მოთხოვნით, კლინტონი იძულებული გახდა ისეთი ნაბიჯები გადაედგა, რაც პოლიტიკური გონიერების ზღვარსაც სცილდებოდა.
        ახლა წარმოიდგინეთ, რა ელის საქართველოს, თუ ამ საკითხში ამერიკა (დასავლეთი, ზოგადად), რუსეთსაც კი არ შეუშინდა? თავზე დაგვამხობენ ყველაფერს!!! ამიტომ თუ კანონი საკმარისად ლიბერალური არ იქნა, სჯობს იგი პარლამენტმა საერთოდ არ მიიღოს.
        ანუ, ვაის «გავეყრები, უის შევეყრები, უის გაეყრები,ვ აის შეეყრები»: კანონის მიუღებლობა დაუშვებელია, მაგრამ კანონის მიღება მწვავე რეაქციას გამოიწვევს დასავლეთში. ხოლო თუ ისეთი კანონს მიიღებს პარლამენტი, რაც დასავლეთისათვის მისაღებია, - იგი მიუღებელი იქნება საპატრიარქოსთვის, ფუნდამენტალისტური წრეებისთვის და მათი მწვავე რეაქციაც არ დააყოვნებს.
        ყველა შემთხვევაში, ოპოზიცია ჩასაფრებული იქნება, თავის დამოკიდებულებას არ გაამჟღავნებს და არავისთან ურთიერთობას არ გაიფუჭებს – დააბრალებს ყოველივეს ხელისუფლებას.
        ახლა ხელისუფლების (მოქალაქეთა კავშირის) მიერ ოპოზიციის ასეთი ქმედების «უნამუსობად» გამოცხადება სრული ილუზიაა. ოპოზიცია მოქმედებს სრულიად ლოგიკურად, რაკი არ სურს იკისროს პასუხისმგებლობა.
        აბა, როგორ გგონიათ? ხელისუფლების ფლობა მხოლოდ უფლებებს არ გულისხმობს – იგი, უეჭველად, გულისხმობს იმასაც, რომ პასუხისმგებლობაც უნდა იკისრო რთული გადაწყვეტილებების მისაღებად, თორემ ოპოზიციას ხელისუფლება არა აქვს და, ამდენად, არც პასუხი მოეთხოვება რაიმეზე.

მერიდიანი, 20 სექტემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე