იწყება ახალი მთავრობის ჩამოყალიბება

        გუშინ, კონსტიტუციით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე, პრეზიდენტმა პარლამენტს მთავრობის ახალი პერსონალური შემადგენლობა წარუდგინა.
        თავისთავად, ეს ფაქტიც ადასტურებს იმ ცნობას, რომ შაბათს გვიანობამდე გრძელდებოდა კონსულტაციები ედუარდ შევარდნაძესა და ზურაბ ჟვანიას შორის. თუმცა საბოლოოდ, ყველაფერი, როგორც ჩანს, შეთანხმებით დამთავრდა.
        კვირას დილით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა პარლამენტის ხელმძღვანელობას ოფიციალურად გადასცა პრეზიდენტის წინადადებები მინისტრთა კანდიდატურების შესახებ. მოულოდნელობები თითქმის არ არის. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილია ირაკლი მენაღარიშვილის კანდიდატურა (იგი ერთადერთი მინისტრია, ვისი საქმიანობაც პრეზიდენტმა მოიწონა და დადებითად შეაფასა), მშენებლობისა და სათბობ-ენერგეტიკის მინისტრად დავით მირცხულავა, საგადასახადო შემოსავლების მინისტრად – მიხეილ მაჭავარიანი, ლტოლვილთა და განსახლების – ვალერი ვაშაკიძე, განათლების – ალეკო კარტოზია, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის – ავთანდილ ჯორბენაძე, სახელმწიფო ქონების მართვის – მიხეილ უკლება, ეკონომიკისა და მრეწველობის – ვანო ჩხარტიშვილი, კულტურის – სესილი გოგიბერიძე, ფინანსთა – ზურაბ ნოღაიდელი, საგანგებო დავალებათა – მალხაზ კაკაბაძე, სოფლის მეურნეობის – ბაკურ გულუა, ტრანსპორტის – მერაბ ადეიშვილი, ბუნების დაცვის – ნინო ჩხეიძე.
        თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრთა კანდიდატურები საერთოდ არ განიხილებოდა. იმთავითვე ნათელი იყო, რომ დავით თევზაძე, კახა თარგამაძე და ვახტანგ ქუთათელაძე პოსტებს შეინარჩუნებდნენ. გარდა ირაკლი მენაღარიშვილისა, ედუარდ შევარდნაძეს პრეტენზიები არ გამოუთქვამს თითებზე ჩამოსათვლელი მინისტრების მიმართ. მათ შორის შეიძლება დავასახელოთ მხოლოდ ვალერი ვაშაკიძე და მერაბ ჩხენკელი (მშენებლობისა და ურბანიზაციის მინისტრი). ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ამ მთავრობაში (თავისი პოლიტიკური წარმომავლობთი) სრულიად უნიკალური ფიგურაა, ვინაიდან 1992-1995 წლების სახელისუფლებო და პოლიტიკური «კონფიგურაციის» უკანასკნელი «მოჰიკანია», ხოლო მერაბ ჩხენკელი სათავეში უდგას ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის (ტყიბულის თბოელექტროსადგურის) განხორციელებას და, ამდენად, აგრეთვე «შეუცვლელ ფიგურად» ითვლება.
        ბუნებრივია, თუ პრეზიდენტმა წარადგინა დავით მირცხულავა სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე. ჯერ ერთი, იგი ისედაც ახალი დანიშნული იყო ამ თანამდებობაზე, გარდა ამისა, დავით მირცხულავამ (პირველმა) «გაბედა» შეხებოდა საქართველოს გაუთავებელი «ენერგოკრიზისის» უმათავრეს მიზეზს: ელექტროენერგიის მიწოდებას არგადამხდელებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების «წაქეზებით» პროვოკატორებმა გზები გადაკეტეს – სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი, როგორც ჩანს, უკან დახევას არ აპირებს, რაც ნამდვილად დასაფასებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ელექტროენერგია ჩვენ ქვეყანაში კვლავ «სეზონურ მოვლენად» დარჩება.
        მიხეილ მაჭავარიანს ჯერჯერობით ნამდვილად ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა ბიუჯეტის შეუსრულებლობისათვის, თუმცა რაც უფრო მეტი დრო გავა დანიშვნიდან, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი გაიზრდება. მით უმეტეს, თუ პარლამენტმა არ მიიღო ერთადერთი გადაწყვეტილება, რამაც შეიძლება გააუმჯობესოს მდგომარეობა გადასახადების აკრეფის სფეროში და არ დააწესა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა თუნდაც მცირეოდენი კონტრაბანდისათვის.
        რაც შეეხება ზურაბ ნოღაიდელს – იგი არ არის ფინანსისტი და ჩვენს შემთხვევაში ეს არც არის აუცილებელი. «პროფესიონალი ფინანსისტი» პრობლემას ვერ გადაწყვეტს – აქაც გადამწყვეტი ფაქტორია პარლამენტის მხარდაჭერა და არაპოპულარულ გადაწყვეტილებათა მიღების უნარი, ანუ პოლიტიკური ნება. ზურაბ ნოღაიდელმა ეს თვისებები შეიძლება კიდეც გამოამჟღავნოს – «ფულის დათვლას» კი მისი მოადგილეებიც მოახერხებენ, ყველა ყველა და ეს ნამდვილად არ ეშლებათ.
        სრულიად ახალი ფიგურაა სესილი გოგიბერიძე – იგი საბჭოურ პერიოდში საქართველოს კომკავშირული ლიდერი იყო, თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ სტანდარტული «კომკავშირული აქტივისტი» ნამდვილად არ ყოფილა და ჩვეულებრივ ადამიანობას, აგრეთვე «არაჩაციკლული» აზროვნების უნარს ამჟღავნებდა – გოგიბერიძე მაშინ ჩაუდგა სათავეში საქართველოს კომკავშირს, როდესაც «ეროვნული ხუროთმოძღვრების ძეგლების აღდგენაზე» მუშაობა უკვე კარგ ტონად ითვლებოდა და ბევრის გაკეთებას მოასწრებდა ამ მიმართულებით (არც განათლება აკლია) «მოძრაობის» გამძვინვარებას რომ არ შეწირვოდა.
        სრულიად უეჭველი კანდიდატურაა აგრეთვე ავთანდილ ჯორბენაძე, ვისაც პრეზიდენტი ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს.
        მეორე მხრივ, საპარლამენტო მხარდაჭერა (მოქალაქეთა კავშირის მხრიდან) ექნება სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრს მიხეილ უკლებას.
        რაც შეეხება «საგანგებო დავალებათა მინისტრს,» მალხაზ კაკაბაძეს, რაკი თანამდებობა ახალია, და მისი დაწესება უმრავლესობამ აუცილებლად მიიჩნია, - მალხაზ კაკაბაძესაც, ალბათ, მხარს დაუჭერს, რათა თავისივე გადაწყვეტილების დისკრედიტაცია არ მოახდინოს.
        აქვე უნდა ითქვას, რომ ძალზე ნიშანდობლივი იქნება, თუ ვის დანიშნავენ რუსეთში საქართველოს ელჩად. ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, ყველაზე აქტიურად განიხილება დსთ-ში საქართველოს წარმომადგენლის, ზურაბ ხონელიძის კანდიდატურა.
        უფრო პრობლემურია სხვა კანდიდატთა ბედი. ბაკურ გულუას, ნინო ჩხობაძეს, მერაბ ადეიშვილსა და ალეკო კარტოზიას კანდიდატურები პარლამენტში არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს.
        რაკი პრეზიდენტმა ეს კანდიდატურები მაინც დაასახელა, მაშასადამე, საკითხი ნაწილობრივ შეთანხმებულია პარლამენტის თავმჯდომარესთან. ოღონდ «ნაწილობრივ შეთანხმება» იმას ნიშნავს, რომ «მოქკავშირი» ამ საკითხზე გამოაცხადებს «თავისუფალ კენჭისყრას» და დეპუტატები არ იქნებიან შეზღუდულნი «ფრაქციული დისციპლინით».
        განსაკუთრებით დამაინტრიგებელია ბაკურ გულუას ბედი. სოფლის მეურნეობის მინისტრი აპირებს «ბოლომდე იბრძოლოს» - «თავისუფალი კენჭისყრის» შემთხვევაში (სხვა შესაძლებლობა გამორიცხულია – მაშინ პრეზიდენტი უბრალოდ არ წარადგენდა ბაკურ გულუას კანდიდატურას) გულუას მხარს დაუჭერს «მოქალაქეთა» ფრაქციის ნაწილი და მრეწველთა ნაწილი. აგრეთვე მაჟორიტართა უმრავლესობა. «აღორძინების» უმრავლესობა «სამინისტრო კენჭისყრებში», საერთოდ არ მიიღებს მონაწილეობას და ამ ფორმით გაერიდება პასუხისმგებლობას.
        საკმარისი იქნება თუ არა «თავისუფალი კენჭისყრისას» მმართველი პარტიის (აგრეთვე ოპოზიციის ნაწილის) ხმები «საერთო კანდიდატებისათვის» _ დღეს ძალზე ძნელად გასათვლელია.

მერიდიანი, 15 მაისი, 2000 წელი

მთელ გვერდზე