უკრაინული მასპინძლობა ჟამიანობისას

        გუშინ იალტაში შეიკრიბნენ «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის» პრეზიდენტები. ყირიმში ჩასვლა ვერ მოახერხეს მხოლოდ უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ ქარიმოვმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა საფარმურად ნიაზოვმა, უზბეკეთში იმდენად რთული ვითარებაა, რომ ეს არც არის გასაკვირი.
        თავდაპირველად სამიტი ჩაფიქრებული იყო, როგორც არაფორმალური და ნახევრადგასართობი. დსთ-ის ლიდერები ადრეც არაერთგზის შეკრებილან ყირიმში არაოფიციალურ ვითარებაში. მაგალითად, 1998-1999 წლებში ჯერ ლეონიდ კუჩმას დაბადების დღეზე, შემდეგ «შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის» ლიდერთა არაფრისმომცემ შეხვედრაზე.
        მაგრამ «თანამეგობრობის» ამჟამინდელი სამიტი მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ვინაიდან ვლადიმირ პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ ვითარება ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე თანდათანობით იძაბება. ამას მეტყველებს როგორც ცენტრალურ აზიაში, ასევე კავკასიაში განვითარებული მოვლენები. ამ ვითარებაში საქართველოს პრეზიდენტი, ბუნებრივია, აუცილებლად უნდა გამგზავრებულიყო ყირიმში. თუნდაც იმიტომ, რომ მას რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის პრეზიდენტთან.
        თუმცა ყირიმის სამიტი შინაარსობრივად მაინც შეცვალა ბარენცის ზღვაში დატრიალებულმა ტრაგედიამ, რომელიც შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს ვლადიმირ პუტინს. რუსული პრესა უკვე ადანაშაულებს მას ელემენტარულ უსინდისობაში: როდესაც ატომურ წყალქვეშა ნავზე ათეულობით რუსი ახალგაზრდა იღუპება, ჩვენი პრეზიდენტი სოჭში ბანაობსო.
        ამიტომ, პუტინის მოთხოვნით, ყირიმის სამიტის ორგანიზატორებმა უარი თქვეს რამდენიმე გასართობ-ცერემონიულ ღონისძიებაზე. მაგალითად, აღარ გამართულა გასეირნება ზღვაში თბომავალ «ტარას შევჩენკოთი», სადაც აგრეთვე, ბანკეტი იყო დაგეგმილი. უფრო ზუსტად, რაკი პუტინმა (ისევ და ისევ ბარენცის ზღვის მოვლენათა მომიზეზებით) უარი თქვა ზღვაში გასვლაზე, სხვა პრეზიდენტებმაც სოლიდარობის ნიშნად გადაწყვიტეს, ხმელეთზე დარჩენილიყვნენ.
        დსთ-ს ლიდერები, აგრეთვე, აღარ დაესწრნენ უკრაინის ფოლკლორულ ფესტივალს «იალტა 2000» და კონცერტს, რომელიც უკრაინის ტელევიზიის პირველი არხით გადაიცემოდა.
        სამაგიეროდ, დაგეგმილზე უფრო დიდხანს გაგრძელდა ორმხრივი შეხვედრები. ვლადიმირ პუტინისა და ედუარდ შევარდნაძის შეხვედრაზე ძირითადად განიხილეს რუსეთ-საქართველოს ამჟამინდელ ურთიერთობათა ორი საკვანძო მომენტი: ბაზების ლიკვიდაცია და სავიზრო რეჟიმის შემოღება.
        ეჭვს არ იწვევს, რომ ეს ორი საკითხი ერთმანეთთან დაკავშირებულია. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რუსული ჯარი გაიყვანოს ქვეყნის ტერიტორიიდან.
        ამ თვალსაზრისით შევარდნაძის პოზიცია ურყევი იყო. გუდაუთისა და ვაზიანის სამხედრო ბაზებმა ფუნქციონირება უნდა შეწყვიტონ 2001 წლის 1 ივლისამდე, (როგორც ეს განსაზღვრულია სტამბულის შეთანხმებით), ხოლო ახალქალაქისა და ბათუმის ბაზებმა – 2003 წლის ბოლომდე.
        ეს ვადა თავისთავად შეიძლება ჩაითვალოს გარკვეულ კომპრომისად, ან დათმობად საქართველოს მხრიდან _ თბილისი არ მოითხოვს ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას. სხვა საქმეა, რომ რუსებს ამგვარი კომპრომისი არასაკმარისად მიაჩნიათ. მაგრამ იმავდროულად მოსკოვს არაფრის შეცვლა არ სურს აფხაზეთში.
        ამიტომ ქართულ ისტებლიშმენტში და, შესაბამისად ხელისუფლებაში, თანდათანობით იწურება ილუზია, თითქოს რუსეთისადმი გეოპოლიტიკური დათმობების ფასად საქართველო შეძლებს აფხაზეთის დაბრუნებას.
        რასაკვირველია, პუტინმა პასუხად კვლავ წამოჭრა სავიზრო რეჟიმის თემა. მისმა გარემოცვამ იგი დაარწმუნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას სავიზო რეჟიმის ძალიან ეშინია. რასაკვირველია, ეს ნაწილობრივ ასეც არის. მაგრამ მაინც არა იმდენად ეშინია, რომ ამის გამო ჯარების გაყვანაზე უარი თქვას. თუ არ ჩავთვლით სომხეთს, რომელმაც რუსეთის ჯარების მეშვოებით ყარაბაღში «თურქებზე» ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია – საქართველო ერთადერთი პოსტსაბჭოური ქვეყანაა, სადაც დისლოცირებულია რუსული სამხედრო კონტინგენტი.
        თქვენ წარმოიდგინეთ, ბელორუსეთშიც კი, რომელიც მოსკოვის უახლოეს მოკავშირედ ითვლება, საკუთრივ რუსეთის სამხედრო ბაზები არ არის. ანუ საქართველოში ამ ბაზების არსებობა აშკარად სხვა ელფერს იძენს. მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა, ფაქტობრივად, უარი განაცხადა მოეხდინა რუსეთ-საქართველოს «მეგობრობის შესახებ» ხელშეკრულების რატიფიცირება.
        უბრალოდ სასაცილოა ასეთ პირობებში ქართული გენერალიტეტის ზოგიერთი წარმომადგენლის აღშფოთება: «ნატო-ს წევრი ქვეყნები იარაღს რატომ არ გვაძლევენო». არადა, როდესაც უცხო ქვეყნის ოთხი სამხედრო ბაზა გაქვს საკუთარ ტერიტორიაზე _ იარაღს, რა თქმა უნდა არავინ მოგცემს რუსეთის შიშით: სამხედრო სტრატეგიულ საკითხებში, დიდ ქვეყნებს შორის ურთიერთობისას გარკვეული დაუწერელი კანონები მოქმედებს.
        სავიზო რეჟიმის შემოღების პროცესში გარდაუვალი ეკონომიკური დანაკარგის კომპენსირებას საქართველო უკრაინის მეშვეობით აპირებს. ამ თემაზე ისაუბრეს ლეონიდ კუჩმამ და ედუარდ შევარდნაძემ პარასკევს საღამოს. ამ თვალსაზრისით უკრაინა – საქართველოსთვის იგივე რუსეთია, ოღონდ კრემლის გარეშე.
        დღეს, ლივადის სასახლეში გაიმართება ძირითადი ღონისძიება, ანუ სახელმწიფოს მეთაურთა არაფორმალური შეკრება. თითოეულ მათგანს ექნება შვიდი წუთი თავის აზრის გამოსათქმელად.
        თანმიმდევრობა წინასწარ განსაზღვრული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ «თანამეგობრობის» პრობლემატიკაზე შეიძლება უმწვავესი დისკუსია გაიმართოს.
        მთლიანობაში კი, ბოლო დროს მოძლიერებულ კუჩმას არ გამოუვიდა «ქეიფი – ჟამიანობისას», რადგან ატომური წყალქვეშა ნავის ტრაგედიამ მართლაც ბევრი რამ შეცვალა.

დილის გაზეთი, 19 აგვისტო, 2000 წელი

მთელ გვერდზე