ჰეიდარ ალიევმა აზერბაიჯანის «სატარიფო წილი» გვაჩუქა

        როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ვიზიტი ტრიუმფალური შედეგით დასრულდა: ერთობლივ პრესკონფერენციაზეც და დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზეც ჰეიდარ ალიევმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სატრანზიტო ტარიფების საკუთარ წილს საქართველოს უთმობს.
        იმისათვის, რათა გავარკვიოთ, რა მნიშვნელობა აქვს ამ დათმობას, აუცილებელია გავიხსენოთ, როგორ იწყებოდა მოლაპარაკება ტარიფებზე, რომელმაც კინაღამ ჩაშალა მთელი პროექტი.
        თავდაპირველად, საქართველოს შესთავაზეს მინიმუმი – 3 ცენტი თითოეულ ბარელზე, რაც, მაქსიმალური გამტარუნარიანობის (50 მილიონი წელიწადში) შემთხვევაში, საქართველოს ყოველწლიურად მისცემდა დაახლოებით 10 მილიონი დოლარის შემოსავალს.
        რა თქმა უნდა, ეს მიზერი იყო თუნდაც იმასთან შედარებით, რაც დაკარგა ქვეყანამ რუსეთის მხრიდან «სამაგიეროს გადახდის» გამო, - სავიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ;
        თავის დროზე 3-ცენტიანი ტარიფის შემოთავაზებამ თბილისში გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია, თუმცა აღსაშფოთებელი აქ, სინამდვილეში, ბევრი არაფერი იყო – უბრალოდ, ისევე, როგორც თურქეთის ბაზარზე, აღმოსავლური ვაჭრობის ტრადიციისამებრ, საქონელში დაბალი ფასი შემოგვთავაზეს ნამდვილი ვაჭრობის დასაწყებად.
        საპასუხოდ, ქართულმა მხარემ იმავე ხერხს მიმართა და მთელი გატარებული ნავთობის 3 პროცენტი მოითხოვა, რაც აღმოსავლური ვაჭრობის დაუწერელ კანონთა დარღვევა იყო.: საქმე ის არის, რომ არარეალური შესასყიდი ფასის სანაცვლოდ, რასაც მყიდველი გვთავაზობს, გამოცდილი გამყიდველი დაასახელებს ნამდვილ ფასს, ანუ ე.წ. ბოლო ფასს, რითაც ცრუპენტელა მყიდველს იმთავითვე წამგებიან მდგომარეობაში აყენებს.
        ჩვენს შემთხვევაში კი, გამყიდველის მიერ დასახელებული სამი პროცენტი იმდენად მაღალი ტარიფი აღმოჩნდა, რომ მყიდველმა ის საქართველოს დისკრედიტაციისთვის გამოიყენა.
        აქვე უნდა ითქვას: მყიდველიცა და გამყიდველიც შესანიშნავად ხვდებოდა და ხვდება: სატრანზიტო ტარიფი, სინამდვილეში, მეშვიდეხარისხოვანი საკითხია იმ მრავალმხრივ მოგებასთან შედარებით (ე.წ. გეოპოლიტიკურ სარგებელს აღარ ვგულისხმობ), რასაც საქართველო მიიღებდა თვით პროექტის განხორციელების, ანუ მშენებლობის პროცესში.
        მიუხედავად ამისა, საქართველოშიც და აზერბაიჯანშიც ხელისუფლება ანგარიშს უწევდა საზოგადოებრივ აზრს - «დათმობა» აზერბაიჯანისათვის ისევე მტკივნეული იქნებოდა, როგორც საქართველოსათვის.
        თუმცა სატრანზიტო ტარიფებით მიღებული შემოსავალი აზერბაიჯანისათვის მაინც მიზერია იმ მოგებასთან შედარებით, რასაც ეს ქვეყანა ნავთობის გაყიდვით მიიღებს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 2010 წლისათვის აზერბაიჯანი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკათაგან უმდიდრეს ქვეყნად იქცევა და კუვეითის დონეს გაუტოლდება.
        რა თქმა უნდა, ძალზე საეჭვოა, ეს რუსეთმა და სომხეთმა დაუშვან. კრემლი უკანასკნელ მომენტში კასპიის ზღვაში ომს დაიწყებს, ან სომხურ კოზირს აამოქმედებს, ვინაიდან აზერბაიჯანის ესოდენი გაძლიერება მას ხელს არ აძლევს.
        აქედან გამომდინარე, ისევ და ისევ, საქართველოს მოგება უკავშირდება მშენებლობას, ანუ უზარმაზარ ინვესტიციებს, რაც საქართველოში დაიხარჯება «დიდი ნავთობსადენის» მშენებლობის პროცესში, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას და ა.შ.
        ამრიგად, პოზიციათა დაჯახება «ტრანზიტის ტარიფების» საკითხში, რაც თითქოს მხოლოდ 2004 წლისათვის გახდებოდა ხელშესახები და აქტუალური – უფრო პოლიტიკური შინაარსის მატარებელი იყო, როგორც შევარდნაძისათვის, ასევე ალიევისთვისაც – მით უმეტეს, 9 აპრილს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
        ჰეიდარ ალიევი მიხვდა, რომ შევარდნაძე ამ საკითხში არაფრის დიდებით არ დაუთმობდა და იძულებული გახდა თავად წასულიყო დათმობაზე, რათა მისი ქვეყნისათვის, ყველა თვალსაზრისით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება ეჭვქვეშ არ დაეყენებინა.
        საუბარი «ირანის ალტერნატიულ მარშრუტზე» იმთავითვე ბლეფი იყო: სულ რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას «ნავთობისა და გაზის სფეროში ირანის წინააღმდეგ შემოღებული ემბარგოს ვადის გაგრძელების შესახებ».
        გარდა ამისა, ირანზე სტრატეგიული დამოკიდებულება არახელსაყრელი იყო თურქეთისთვისაც და ბოლოს: მიუხედავად აზერბაიჯანელი ლიდერების განცხადებებისა, თითქოს საქართველოს უარის თქმის შემთხვევაში მათ შეიძლება ირანის გავლით გაიყვანონ «დიდი ნავთობსადენი» (ეს განცხადებებიც სწორედ საქართველოს დაშინებას ისახავდა მიზნად), სინამდვილეში, ირანზე დამოკიდებულება თვით აზერბაიჯანისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია, ვინაიდან თურქული წარმოშობის ხალხთა ერთობის გასახლეჩად ირანი, უკვე ტრადიციულად, სომხეთს უჭერს მხარს და საეჭვოა, მან ეს პოლიტიკა შეცვალოს.
        XXI საუკუნეში ირანი არასოდეს შეურიგდება თურქეთის (მასთან ერთად, თურქულენოვანი «ცენტრალური აზიის») პროდასავლურ ორიენტაციას, ამიტომ სომხეთი მის «სტრატეგიულ მოკავშირედ» დარჩება უახლოეს ათწლეულში.
        საბედნიეროდ, შევარდნაძე (ზემოთქმულის გათვალისწინებით) ამჯერად გაჯიუტდა და, საერთოდ აღარაფერი დათმო. ბოლოს და ბოლოს, ალიევი მართლაც იძულებული გახდა «გატეხილიყო».
        ტრანზიტის საფასურად მიღებული 50-60 მილიონი დოლარი (ყოველწლიურად) საქართველოსათვის არის მნიშვნელოვანი თანხა, თორემ აზერბაიჯანი, მთლიანობაში, 40-50 მილიარდი დოლარის მოგებას ელის მხოლოდ «ნავთობის პროექტით», პარალელურად კი, მუშავდება «დიდი გაზსადენის» პროექტიც აზერბაიჯანიდან – საქართველოს გავლით – თურქეთსა და ევროპისაკენ.
        «დიდი გაზსადენიც» ვერაფრის დიდებით მხარს ვერ აუქცევს ჩვენს ქვეყანას, ამიტომ ოფიციალურ ბაქოს თბილისთან ურთიერთობის გაფუჭება არ ეპიტნავება. აქედან გამომდინარე, ალიევმა გულუხვი ჟესტით დაუთმო საქართველოს «თავისი წილი» ტარიფებიდან და ამით პოლიტიკური სარგებელიც ნახა. ამიერიდან საქართველო პოლიტიკურად დავალებულია.
        ეკონომიკური თვალსაზრისით, აზერბაიჯანის «დათმობა» იმან განაპირობა, რომ საქართველო თავისას არ იშლიდა (განსხვავებით ბაქო-სუფსის ნავთობსადენისაგან, როდესაც თბილისი ძალიან დაბალ ტარიფებზე დათანხმდა), ხოლო სატრანზიტო ხარჯების მომატების შემთხვევაში, პროექტის ოპერატორი, «ბრითიშ პეტროლიუმი» საერთოდ უარს აცხადებდა მასში მონაწილეობაზე – ნავთობზე საერთაშორისო ფასები ხომ მარად არ დარჩება ისეთ «ასტრონომიულ სიმაღლეზე», როგორც დღეს არის.

მერიდიანი, 24 მარტი, 2000 წელი

მთელ გვერდზე