გაეროს დიდი წყალსანაყის აუცილებლობა

        დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კიდევ ერთხელ (მგონი, მეოცედ) მიიღებს გადაწყვეტილებას «ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში» დისლოცირებული დსთ-ს სამშვიდობო ძალების მანდატის გათვალისწინებით, - სამხედრო მეთვალყურეთა ვადის გაგრძელების შესახებ.
        მიაქციეთ ყურადღება: ყველა რეზოლუციაში, რომელიც დღემდე მიიღო გაერთიანებულიო ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ, საგანგებოდაა აღნიშნული, რომ დსთ-ს სამშვიდობო ძალთა მანდატში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შემთხვევაში, გაეროს სამხედრო მისია დაუყოვნებლივ წყვეტს ფუნქციონირებას, ანუ საკმარისია საქართველომ მოითხოვოს (ვთქვათ) რუსეთის სამშვიდობო ძალთა გაყვანა კონფლიქტის ზონიდან, რომ მას დაუყოვნებლივ მიჰყვება გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მისია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველო მათ დარჩენას მოითხოვს.
        ასეთია აფხაზეთის სამშვიდობო პროცესის «გაეროსეული» კონფიგურაცია, რომელიც ჯერ კიდევ 1994 წელს გამოძერწა რუსულმა დიპლომატიამ.
        საერთოდ, აფხაზეთის სამშვიდობო პროცესი რუსული დიპლომატიის ჭეშმარიტი «ტრიუმფია». დიპლომატიისა და პოლიტიკის ქრესტომათიაშია შესატანი, თუ როგორ დაიცვა და განახორციელა ამ შემთხვევაში რუსეთმა საკუთარი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესები.
        მართალია, 1994 წელს მან ვერ მიაღწია სამშვიდობო ოპერაციის გამართვას გაეროს ეგიდით (ვინაიდან გაეროს წესდება კრძალავს მეზობელი ქვეყნის მონაწილეობას სამშვიდობო აქციაში), სამაგიეროდ, თვითონ უზრუნველყო გაეროს დამკვირვებელთა მისიის აფხაზეთში შეყვანა.
        ამით დასავლეთმა აღიარა რუსეთის «ექსკლუზიური უფლება» პოსტსაბჭოურ სივრცეზე სამშვიდობო ოპერაციათა განხორციელების თვალსაზრისით.
        საქართველომ შედეგად ვერაფერი მიიღო ექვსწლიანი «წყლის ნაყვის» გარდა. თვით გაეროს უშიშროების საბჭო ყოველწლიურად ამზადებს დიდ სანაყავ ქოთანს, თუმცა ამ პროცედურის ყველა მონაწილემ შესანიშნავად იცის, რომ წყლის ნაყვა ფუჭი საქმიანობაა და შედეგს ვერ გამოიღებს.
        შესანიშნავად იცის ეს საქართველოს ხელისუფლებამაც. თუ ასეა, რატომ აგრძელებს წყლის ნაყვას?! ერთი შეხედვით, თითქოს უაზრო საქციელია, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში კი, «წყლის ნაყვა» შედეგის თვალსაზრისითაა უაზრო, თორემ თვით პროცესს აზრი და მიზანშეწონილობა ამ შემთხვევაში ნამდვილად არ აკლია.
        აქ გასათვალისწინებელია საქართველოს გასაოცარი თავისებურება. გავიხსენოთ ბრიყვული რწმენა ე.წ. «საერთაშორისო სამართლის» ყოვლისშემძლეობისა, რომელიც ახასიათებდა ქართულ საზოგადოებას «მოძრაობის» ეპოქაში.
        ესოდენ მყარ ილუზიას აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა ხელისუფლების შესაბამისი, ანუ ხსენებული ქმედება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ხელისუფლება წაილეკებოდა საზოგადოების გაოცებული შეკითხვით: «კი მაგრამ, რატომ არ მიმართავთ გაეროს?» ვერაფრის დიდებით ამ საზოგადოებას ვერ შეაგნებინებდი, რომ გაერო ამ შემთხვევაში სრულიად უძლურია და რომ, პირიქით, გაეროში აფხაზეთის საკითხის განხილვა მავნებელიც კი შეიძლება გამოდგეს, ვინაიდან გაერო საერთაშორისო ორგანიზაციაა, განიხილავს მხოლოდ სახელმწიფოთაშორის კონფლიქტებს და ამით, გარკვეულწილად, არძინბას აფხაზეთის «სამართალსუბიექტურობას» ვაფიქსირებთ.
        ანუ 1994 წელს შევარდნაძეს რომ გაეროსათვის არ მიემართა, «თავისებურ» ქართულ საზოგადოებაში, უეჭველად, დამკვიდრდებოდა სტერეოტიპი: «აი, გაეროსათვის რომ მიემართა . . . . . . . «, «აი, ეუთოსათვის რომ მიემართა. . . . . «, «აი, ნატოსათვის რომ მიემართა . . . . « და ა.შ. იმავდროულად, იარსებებდა საპირისპირო სტერეოტიპებიც. თუ, მაგალითად, შევარდნაძე 1994 წელს უარს იტყოდა რუსეთის სამშვიდობო ძალთა შემოყვანაზე (რაკი იმთავითვე ნათელი იყო, რომ ეს არავითარ შედეგს არ გამოიღებდა), მაშინ: «აი, რუსეთის ჯარი რომ შემოეყვანა . . . . « და ა.შ.
        ამიტომ გაეროსაც მიმართა, ეუთოსაც (ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით), ნატოსაც (განცხადება 2005 წელს ალიანსში გაწევრიანების შესახებ), იმავდროულად, რუსეთსაც, «თანამეგობრობასაც» და ა.შ.
        ერთი სიტყვით, ყველაფერი სცადა, - საქართველოში სხვანაირად შეუძლებელია.
        სწორედ ამით განსხვავდება ვითომდაც «კულტურული» საქართველო, ვთქვათ, აზერბაიჯანისაგან, რომლის პრეზიდენტმა არც კი იკადრა დამჯდარიყო მოსალაპარაკებლად ყარაბაღელ სეპარატისტთა ლიდერებთან. მაგრამ აზერბაიჯანში არავის მოსვლია აზრად, ეთქვა: «აი, მოლაპარაკება რომ გაემართა...» ჩვენში კი, ანალოგიური შემთხვევისას, შევარდნაძეზე, უეჭველად, იტყოდნენ: «არძინბასთან მოლაპარაკება რომ გაემართა... «

მერიდიანი, 31 იანვარი, 2000 წელი

მთელ გვერდზე