ავთანდილ მარგიანი «უმადურობას» უჩივის

        ქართული ისტორიის კიდევ ერთი კომიკური ეპიზოდია, რომ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებლები და ლიდერები (მამუკა გიორგაძე, გიორგი კობახიძე, ვანო ხუხუნაიშვილი) დღეს ავთანდილ მარგიანთან ერთად მხარს უჭერენ ჯუმბერ პატიაშვილის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებში.
        არადა, ძნელი გასახსენებელი არ არის, რა დამოკიდებულება იყო მათ შორის დაუვიწყარ «პირველ პარლამენტში» (1991-1995 წლები).
        მაშინ ვანო ხუხუნაიშვილი საჯაროდ აცხადებდა, რომ, «ალბათ, ვერავინ გაბედავს ღიად დაასახელოს ედუარდ შევარდნაძის მიერ ჩამოყალიბებული ანტიკორუფციული კომისიის შემადგენლობაო». ეს შემადგენლობა კი, მართლაც, ერთობ ეგზოტიკური გახლდათ: ავთანდილ მარგიანი, ჯაბა იოსელიანი, იგორ გიორგაძე. კომისიის თავმჯდომარედ ჯაბა იოსელიანი აირჩიეს.
        დღემდე გაურკვეველია, რამდენად წარმატებული იყო ამ კომისიის მუშაობა კორუფციის წინააღმდეგ. მისი შექმნა, თავისთავად, მეტყველებდა ედუარდ შევარდნაძის სახელისუფლო ტექნოლოგიაზე; ცნობილი ტერაქტის შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურმა იგორ გიორგაძე ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვა. თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა – საინტერესოა იმდროინდელი დამოკიდებულება ედპ-სა და ავთო მარგიანს შორის, რომელიც პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე ირინა სარიშვილმა საჯაროდ დაადანაშაულა. ყოველ შემთხვევაში, მისი თქმით (ვახდენ ციტირებას), - «ოთხი ნაძირალიდან ერთ-ერთი, უეჭველად, იყო გია ჭანტურიას მკვლელობის კონტრაქტზე ხელის მომწერი». «ოთხეულში» გულისხმობდა ჯაბა იოსელიანს, ავთო მარგიანს, ვარდიკო ნადიბაიძესა და იგორ გიორგაძეს.
        ბუნებრივია, იმ დროს ედპ-ში განხეთქილება მხოლოდ მწიფდებოდა (მამუკა გიორგაძესა და ირინა სარიშვილს შორის ფარული დაპირისპირების გამო), მაგრამ ამ შეხედულებას ეროვნულ-დემოკრატიულიო პარტია მთლიანად იზრიარებდა.
        თუმცა, შემდგომში ავთო მარგიანმა რაღაცნაირად მოახერხა დაპირისპირების შერბილება, მაგრამ საკუთარ «იმიჯს» ვეღარაფერი უშველა – ედპ-ს გარდა, იმდროინდელ პარლამენტში მას სხვა მტრებიც ჰყავდა.
        საბოლოოდ, ავთო მარგიანი ვერ მოხვდა ახალ მთავრობაში და ამის უპირველესი მიზეზი, ისევ და ისევ, «იმიჯი» იყო, თორემ არც სხვა მინისტრები ყვნენ «მამა აბრამის ბატკნები». დღეს ყოფილი ვიცე-პრემიერი მაინცდამაინც გიორგი ბარამიძეზეა განრისხებული, თუმცა თვითონ მასაც შესანიშნავად ახსოვს, ვინ შეუქმნა «იმიჯი».
        ამიტომ კითხვას: მამუკა გიორგაძის ჯუმბერ პატიაშვილთან მისვლას როგორ აფასებთო? განსაკუთრებული ნიშნისმოგებით უპასუხა: «გავიდა დრო და ეს ახალგაზრდები, ბევრ რამეს მიხვდნენ, ცხოვრებისეული გამოცდილოებაც მიიღეს».
        ამრიგად, ავთო მარგიანი ამ ფაქტს საკუთარი თვალსაზრისის დადასტურებად მიიჩნევს, თორემ ჯუმბერ პატიაშვილისადმი იგი ყოველთვის სიმპათიით იყო განწყობილი: ჯერ კიდევ იმ ეპოქიდან, როდესაც პატიაშვილმა (მაშინ ცკ-ს პირველმა მდივანმა) სვანეთიდან მოსახლეობის ქვემო ქართლში გადმოსახლება დაიწყო და ავთო მარგიანს შესაბამისი მიმართულება ჩააბარა.
        მარგიანის მოღვაწეობის გამოძიება პროკურატურამ აღძრა დაახლოებით 1996 წელს – შესაბამისად პრეზიდენტის ბრძანებულებისა «1991_1995 წლებში მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის გამოკვლევის შესახებ».
        დარწმუნებული ვარ, პროკურატურას რაიმე ხელშესახები რომ ეპოვა, იგი უეჭველად აღძრავდა სისხლის სამართლის საქმეს ავთო მარგიანის წინააღმდეგ, მაგრამ ვიცე-პრემიერი «სუფთად» მუშაობდა და საბაბს არ დატოვებდა.
        ძველ კაბინეტში მარგიანი შეუცვლელი ფიგურა იყო – მას აბარებდნენ ყველაზე საჩოთირო საქმეებს, - როდესაც პურის მარაგი იწურებოდა და სასწრაფოდ ხორბლის «გაიმასქნება» იყო საჭირო.
        მარგიანს ამ თვალსაზრისით უბადლო ნიჭი აღმოაჩნდა – იგი პასუხისმგებლობის თავზე აღებასაც არ ერიდებოდა, ხოლო თვითონ რას აკეთებდა – ამას დღეს უკვე, ალბათ, ვეღარავინ გაარკვევს. ყოველ შემთხვევაში, პროკურატურის წარმომადგენელთა განცხადების თანახმად, ავთო მარგიანის მიერ ხელმოწერილ აქტებში, რომლებიც იურიდიული თვალსაზრისით უკანონოდ ჩაითვალა, ანგარება ვერ აღმოაჩინეს, ხოლო თანამდებობის გადამეტება, მართალია, სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ კორუფციასთან შედარებით, «მსუბუქ დანაშაულად» ითვლება და პრეზიდენტის მიერ გამოცემული რამდენიმე ამნისტია შეეხო (ამნისტიას უკუქცევითი ძალა აქვს).
        ავთო მარგიანს დღეს იმდროინდელ ამბებს ვერ შეუბრუნებენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას არაფერი დაუკარგავს – მისი «იმიჯი», მაინც კიდევ უფრო «განმტკიცდება», ანუ ავთანდილ მარგიანი მთავრობაში, ალბათ, უკვე ვეღარასოდეს დაბრუნდება. მისი «დრო ამოიწურა» - ახლა შეუძლია მხოლოდ ბიზნესის საწარმოებლად გამოიყენოს თავის ნიჭი და ადრე გაკვალული კავშირები.

მერიდიანი, 3 აპრილი, 2000 წელი

მთელ გვერდზე