ეროვნულ-დემოკრატიული პარტია 20 წლისაა
       

        გასულ კვირას ედპ-მ აღდგენის 20 წლისთავი აღნიშნა. აღნიშნა იმ მაშსტაბით, რაც ეკადრება პარტიას, რომელიც (პარლამენტს გარეთ დარჩენის მიუხედავად)  თავს «ჩამოწერილად» არ მიიჩნევს.
        მართლაც, ედპ კვლავ რჩება ასე თუ ისე ანგარიშგასაწევ მოთამაშედ საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე. მისი უმთავრესი პოლიტიკური კაპიტალი სწორედ ეს 20 წელია. ამიტომაც ნიშანდობლივია და ბუნებრივი, რომ პარტიამ ასეთი მაშსტაბით აღნიშნა თარიღი-მიღება საქართველოს ყველაზე პრესტიჟულ დარბაზში.
        პრეზიდენტის მისალმება, პოლიტიკური ბომონდი და ასე შემდეგ. თუ ამ პოლიტიკურ კაპიტალს ირინა სარიშვილი ჭკვიანურად გამოიყენებს, კიდევ აქვს შანსი დიდ პოლიტიკაში დაბრუნებისა, ოღონდ უკვე არა როგორც დამოუკიდებელ და «თვითკმარ» პოლიტიკურ პარტიას.
        1980 წლიდან, როდესაც გია ჭანტურიამ სპირიდონ კედიას «ედპ» აღადგინა, მთელი ეპოქა გავიდა, - ბობოქარი პოლიტიკური და ადამიანური ვნებებით, რომელთაც საბოლოოდ კიდეც შეეწირა პარტიის ხელმძღვანელი.
        და მაინც, მიუხედავად გია ჭანტურიას უდავო პოლიტიკური ნიჭისა, საეჭვოა, საქართველოს ისტორია 1994 წლიდან დღემდე თვისებრივად სხვაგვარად განვითარებულიყო.
        მაშინ უკვე მწიფდებოდა ის პროცესები, რაც ამჟამად თვალნათელი გახდა. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია იმ სულისკვეთების შვილია, რომელიც 1980 წელს ნამდვილად არსებობდა, მაგრამ ამჟამად აღარ არსებობს. აქ იგულისხმება არა პოლიტიკური ან სახელმწიფოებრივი ფაქტურა («აღსრულებული» დამოუკიდებლობა და სხვა), არამედ იმ იდეალთა დევალვირება, რომელთა საფუძველზეც შეიქმნა «ეროვნულ-დემოკრატიული პარტია».
        აქ დევალვაცია კონკრეტული პოლიტიკის (ან კონკრეტული ხელისუფლების) ბრალი არ არის - იგი იმის შედეგია, რომ სინამდვილეში დეკლარირებული საბოლოო მიზანი ერის თვისებრივ. შინაგან მისწრაფებათა გამოხატულება არ ყოფილა!
        სწორედ ეს გახდა «ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის» და მისი თავმჯდომარის პიროვნული უბედობის უმთავრესი მიზეზი. არ არის შემთხვევითი, თუ 20 წლისთავს «ეროვნულ-დემოკრატიული პარტია» გახლეჩილი შეხვდა. უფრო სწორად, აწ უკვე «სახალხოდ» ფორმალიზებული ყოფილი პარტიული ელიტა სამუდამოდ დაშორდა ორგანიზაციას, რომლის ჩამოყალიბება-განვითარებაში (გია ჭანტურიასთან და ირინა სარიშვშილთან ერთად) ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.
        ამ პარტიას მომავალი არ აქვსო, ვერავინ იტყვის, მაგრამ მხოლოდ ახალ საფუძველზე, თვისებრივად შეცვლილი ვითარების გათვალისწინებლით და 20 წლიანი პოლიტიკური კაპიტალის ყაირათიანად გამოყენებით.

დილის გაზეთი, 12 თებერვალი, 2001 წელი

მთელ გვერდზე