დუელი 2005 წლის საარჩევნო კანონის თაობაზე 2000 წლის არჩევნების წინ

        «აღორძინების» სუბიექტ პარტიათა უკანასკნელ კონსულტაციებზე, როგორც ჩანს, საბოლოოდ შეთანხმდა საკანონმდებლო ინიციატივა საარჩევნო კანონში ახალი ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელმაც «საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება» უნდა უზრუნველყოს.
        ცვლილებები, უპირველეს ყოვლისა, საარჩევნო კომისიათა დაკომპლექტების წესს შეეხება.
        ოპოზიცია მოითხოვს ცვლილებების დაფიქსირებას კონსტიტუციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ბოიკოტითა და სხვა გართულებებით იმუქრება.
        ბათუმში კონსულტაციებისას «ამოტივტივდა» რეფერენდუმის (პლებისციტის) თემაც, თუმცა ეს უფრო ვირტუალური განზრახულობების სფეროს განეკუთვნება, ვინაიდან იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება აფხაზეთსა და «სამხრეთ ოსეთზე», რეფერენდუმის ჩატარება არა მხოლოდ პრაქტიკულად შეუძლებელია, არამედ ამას კონსტიტუციაც კრძალავს.
        ძნელი მისახვედრი არ არის, რომ სინამდვილეში, «აღორძინება» ამჟამად მსჯელობს არა 2000 წლის, არამედ 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ.
        «აღორძინების» ბლოკის ლიდერებმა შესანიშნავად უწყიან, რომ 2000 წლის არჩევნების ბედი გადაწყვეტილია. მაგრამ ისინი ცდილობენ, დღესვე მოამზადონ ისეთი საარჩევნო კანონი რომელიც მათ ამოცანას გაუადვილებს 5 წლის შემდეგ. ამიტომაც მოითხოვენ ცვლილებების კონსტიტუციურად დაკანონებას. 2005 წელს კი, თითოეული მათგანს, რა თქმა უნდა, პრეზიდენტობის პრეტენზია ექნება. ისინი ერთმანეთის კონკურენტებიც იქნებიან, მაგრამ დღეს მათი ინტერესები თანმხვედრია.
        ასეა თუ ისე, ამჟამად ხელისუფლების უმთავრესი თავსატეხი ოპოზიციის კატეგორიული მოთხოვნაა: შეიტანეთ ცვლილებები «არჩევნების შესახებ ორგანულ კანონში», დააკანონეთ ეს ცვლილებები კონსტიტუციურად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოიკოტს ვუცხადებთ არჩევნებს.
        თუ გავითვალისწინებთ, რომ საუბარია მთელ რეგიონზე (აჭარაზე), ეს მოთხოვნა ხელისუფლებისათვის საკმაოდ მტკივნეულია და, ერთი შეხედვით, გამოსავალი (პოლიტიკური გამოსავალი) შექმნილი ვითარებიდან არც ჩანს.
        ოპოზიციის მოსაწონ საარჩევნო კანონს ხელისუფლება ვერასდროს მიიღებს, - ეს გამორიცხულია. საერთოდ, საარჩევნო კანონი მხოლოდ საბაბია: როგორი საარჩევნო კანონითაც უნდა ჩატარდეს არჩევნები, ედუარდ შევარდნაძე მაინც დაამარცხებს (მეტ-ნაკლები ანგარიშით) «აღორძინების» ნებისმიერ კანდიდატს.
        სამაგიეროდ, «საარჩევნო კანონის გაკეთილშობილება» იმდენად ბუნებრივი და სამართლიანი მოთხოვნაა, მოქალაქეთა კავშირი მას ვერაფერს დაუპირისპირებს, რათა საზოგადოების თვალში თავი იმართლოს.
        მართლაც, «დემოკრატიული საარჩევნო კანონი» სჯობია «არადემოკრატიულს» - ამის შესახებ საზოგადოებაში ორი აზრი არ არსებობს.
        ოპოზიცია კი ნებისმიერ შემთხვევაში, მოგებული დარჩება, ვინაიდან თუ ხელისუფლება დაჰყვება ოპოზიციის ულტიმატუმს, ეს უეჭველად აღიქმება მის სისუსტედ და «უკან დახევად», რაც ოპოზიციას ქულებს ჩაუწერს.
        დამკვიდრდება ნებისმიერი ხელისუფლებისათვის მეტად საშიში სტერეოტიპი: ოპოზიცია პირობებს კარნახობს ხელისუფლებას... ერთი სიტყვით, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებულ «ბათუმურ კოალიციას» ამჟამად სურს რევანშის აღება, ოღონდ არა საპრეზიდენტო არჩევნებში შევარდნაძის დამარცხებით, არამედ მოქალაქეთა კავშირის იძულებით, - ხელი მოაწეროს ფაქტობრივ კაპიტულაციას.
        რასაკვირველია, მოქალაქეთა კავშირს შეუძლია, უბრალოდ, არ განიხილოს ეს საკითხი პარლამენტში, მისი თანხმობის გარეშე იქ არც ერთი გადაწყვეტილება იურიდიულად არ გაფორმდება, ვერ შეიძენს კანონის სახეს. კონსტიტუციაში ცვლილებებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
        მაგრამ თუ მოქალაქეთა კავშირი გამოიყენებს თავის «მექანიკურ უმრავლესობას» პარლამენტში და კენჭისყრით უარყოფს ოპოზიციის წინადადებებს, «აღორძინების კოალიცია» (და, შესაძლოა, მასთან ერთად მთელი საპარლამენტო ოპოზიცია) «მოქკავშირს» ხელისუფლების უზურპაციაში დაადანაშაულებს და, შესაძლოა, პროტესტის ნიშნად სხდომაც (სხდომებიც) დატოვოს.
        ერთი სიტყვით, მოქალაქეთა კავშირი მარცხდება ამ პარტიაში და აგებს საზოგადოებრივ აზრს. ოპოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში, მოგებული რჩება. თითქოს არც არის გამოსავალი... მაგრამ, მმართველ პარტიას აქვს ერთი შანსი, რაც საკითხის შემდეგნაირად დასმაში მდგომარეობს: «კი ბატონო, შევიტანოთ ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში, რომლითაც დაკანონდება თქვენი მოთხოვნები და წინადადებები. მაგრამ რატომ მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციაში? ჩვენი მხრივ, მოვითხოვთ, შევიტანოთ ცვლილებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში, რათა უზრუნველყოფილ იქნას არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება აჭარაში. მაგალითად, დაფიქსირდეს «არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებელთა აუცილებელი დასწრება, პარტიულ დამკვირვებელთა გარანტიები» და ა.შ....
        ასლან აბაშიძე, რა თქმა უნდა, უარს იტყვის აჭარის კონსტიტუციაში ამგვარი ცვლილებების შეტანაზე. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ეს ცვლილებები რაიმე საფრთხეს შეუქმნის «აღორძინების» ძლევამოსილებას აჭარაში ან გაზრდის მოქალაქეთა კავშირის გამარჯვების შანსს ამ რეგიონში.
        სინამდვილეში, ასლან აბაშიძე უარს განაცხადებს იმიტომ, რომ მისთვის (და მთლიანად, აჭარის მმართველი დაჯგუფებისათვის) პრინციპულად მიუღებელი იქნება ასეთი პრეცედენტი: აჭარის კონსტიტუციაში ნებისმიერი ცვლილების შეტანა ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით.

        ასეა თუ ისე, ხელისუფლება – ოპოზიციის (ცენტრი – რეგიონის) დუელის ახალი ეტაპი თავის განვითარებას ელოდება.
        ვნახოთ, აირჩევს თუ არა ხელისუფლებაც იმავე იარაღს, რომელსაც ოპოზიცია სთავაზობს.

მერიდიანი, 17 იანვარი, 2000 წელი

მთელ გვერდზე