პოლიტიკური მიმოხილვა; ვახტანგ რჩეულიშვილმა ოცნება აისრულა; ჯორჯ რობერტსონის «ქოლგა»; ფრთხილად ქართველებო!

ვახტანგ რჩეულიშვილმა ოცნება აისრულა
       

        გასულ კვირას საპარლამენტო ოპოზიციამ კიდევ ერთხელ წარმატებით გაათამაშა კოზირი, რომელიც მას «მოქალაქეთა კავშირმა» საკუთარი ხელით ჩააბარა. ვახტანგ რჩეულიშვილის ხანგრძლივი ბრძოლა ვიცესპიკერობის დასაბრუნებლად საბოლოო გამარჯვებით დასრულდა.
        რჩეულიშვილი 1992-1995 წლებში არსულებდა ამ ფუნქციას, რაც არა იმდენად შინაარსობრივად, რამდენადაც «პოლიტიკური ანგაჟირების» საშუალებებით იყო მისთვის საინტერესო, ვინაიდან პერსპექტივებს ქმნიდა, მაგრამ 1994 წელს ედუარდ შევარდნაძემ «მოქალაქეთა კავშირის» გენერალურ მდივნად ზურაბ ჟვანია აირჩია, რაც იმ პერიოდში ზუსტი გადაწყვეტილება იყო, რადგან ვახტანგ რჩეულიშვილი (ეს ერთ-ერთი მიზეზია) მეტისმეტი ნიშნისმოგებითა და სიძულვილით ეკიდებოდა ექსპრეზიდენტის მომხრეებს, რაც გამორიცხავდა «შერიგების» პროცესთა განვითარებას, რაც უცილებელი იყო საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებისათვის ახალ ეპოქაში, რომლის მოახლოებას მაშინ უკვე ყველა გრძნობდა.
        ამან, რასაკვირველია, რჩეულიშვილი გაანაწყენა და მან «სოციალისტური პარტია» შექმნა. თუმცა, 1995-1999 წლებში პარლამენტში «ვიცე-პიკერობისათვის» ბრძოლას აზრი ნამდვილად არ ჰქონდა, ვინაიდან, წინა პარლამენტში ძალთა სულ სხვა განლაგება იყო.
        გარდა ამისა, იმ პარლამენტის პირველივე სხდომაზე ვახტანგ რჩეულიშვილმა უმძიმესი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა და ზურაბ ჟვანიას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას გაუწია წინააღმდეგობა, როდესაც ამას არავითარი აზრი არ ჰქონდა.
        ახალ პარლამენტში (მიუხედავად ძალთა სულ სხვა განლაგებისა) ვახტანგ რჩეულიშვილმა გონიერება გამოიჩინა, ემოცია დაიოკა და ჟვანიას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა, შემდგომმა (მათ შორის გასული კვირის) მოვლენებმა დაადასტურა, რომ რჩეულიშვილი სწორად მოიქცა.
        დარწმუნებით შეიძლება ითქვას: რომ არა ეს «მილოცვა», რჩეულიშვილი ვიცე-სპიკერი ვერ გახდებოდა. რაც შეეხება თვით ვიცესპიკერობას, ეს თანამდებობა სოციალისტთა ლიდერს კვლავ იმავე მიზნით ესაჭიროება, რა მიზნითაც 1995 წელს – შემდგომი პოლიტიკური პერსპექტივის უზრუნველსაყოფად.
        რჩეულიშვილი შესანიშნავად ხედავს, რომ პოლიტიკური სპექტრი საქართველოში ჯერ არ ჩამოყალიბებულა. «აღორძინების ბლოკის» მომავალი გაურკვეველია, ვინაიდან ყველაფერი დამოკიდებულია ასლან აბაშიძის განწყობაზე, რომლის ინტერესები, სინამდვილეში, აჭარის ფარგლებს არ სცილდება.
        ამ ბლოკის ერთ-ერთი სუბიექტი, «ტრადიციონალისტი» აკაკი ასათიანი, «მემარჯვენე ცენტრის» შექმნას ცდილობს (პარტიაზე ჯერ საუბარი ნაადრევია), რა თქმა უნდა, თავად ამ ალიანსის ლიდერობას აპირებს. რა გამოუვა, სხვა საკითხია.
        ვახტანგ რჩეულიშვილიც სერიოზულად ფიქრობს «მემარცხენე ცენტრის» იდეის აღორძინებაზე, რაც 3 წლის წინათ ვერ განხორციელდა, მხოლოდ და მხოლოდ შალვა ნათელაშვილის ფაქტორის მოქმედების შედეგად.
        საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ ვიცე-სპიკერის თანამდებობა მაინც შესანიშნავი «ტრამპლინი» და პოლიტიკური პოზიციაა ადრინდელ განზრახულობათა განსახორციელებლად. მთავარი პრობლემა აქ ბლოკის სხვა ლიდერთა «იჭვნეულობა» იქნებოდა, მაგრამ აკაკი ასათიანს «მემარცხენეთა» გაძლიერება არ აშფოთებს.
        იმავდროულად, «აღორძინების ბლოკმა» ეს ეპიზოდი შესანიშნავად გამოიყენა მმართველ პარტიაში მერყეობისა და უთანხმოების გასაძლიერებლად.
        ტექნოლოგია აპრობირებული იყო მინისტრებისა და «სახალხო დამცველის» დამტკიცების დროს. საკითხი დგება კენჭისყრაზე, ხოლო «მოქალაქეთა კავშირში» ცხადდება ეგრეთ წოდებული «თავისუფალი კენჭისყრა». შედეგად, ოპოზიციის «გაერთიანებულ» ხმებს ემატება მმართველი პარტიის მნიშვნელოვანი ნაწილის ხმები, რჩეულიშვილი ვიცე-სპიკერი ხდება, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით კიდევ ერთხელ ფიქსირდება მერყეობა, შეუთანხმებლობა, არაორგანიზებულობა, დაპირისპირება და არასტაბილურობა მმართველ პარტიაში.
        «მოქალაქეთა კავშირისათვის» იმის წინასწარმეტყველება, რომ ასეთი პოლიტიკური რეალობის დაფიქსირება სიკვდილის ტოლფასია, _ როგორც ჩანს სრული უაზრობაა. «არასტაბილურობა» ამომრჩევლის თვალში იგივე არაპროგნოზირებულობაა. კონსტრუქციული მენტალიტეტის მქონე ამომრჩევლისათვის კი პარტიის «პროგნოზირებადობა» ყველაზე მთავარი თვისებაა. ამ მენტალიტეტის ამომრჩეველს «მოქკავშირი» შეიძლება, სულაც არ ეხატებოდა გულზე, მაგრამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე «აღორძინებას» იგი სწორედ ამ ნიშნით არჩია.
        რაც შეეხება «თავისუფალ კენჭისყრას» _ არა მგონია ესეც კარგი ცხოვრებით იყოს გამოწვეული. უბრალოდ, მმართველი პარტიის მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც ჩანს, არ ცნობს ელემენტარულ პარტიულ და ფრაქციულ დისციპლინას იმ დემაგოგიური არგუმენტით, რომ «ჩვენ ხომ კომპარტია არა ვართ, რომ დისკუსია ავკრძალოთ».
        მერედა ვინ გეუბნებათ, რომ პარტიაში დისკუსია არ უნდა იყოს? თუმცა, ჯერ ერთი, ჩვენს პირობებში ეს დისკუსია არ უნდა გახდეს საჯარო და მეორე (რაც მთავარია), დისკუსია უნდა დამთავრდეს უმალვე, როგორც კი, ფართო პარტიული დისკუსიის შედეგად, პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას (შიდაპარტიული ფარული კენჭისყრით) და განსაზღვრავს თავის პოზიციას.
        ამის შემდეგ უმცირესობა ვალდებულია, იმოქმედოს საერთო-პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე და დაემორჩილოს უმრავლესობას. ეს არის ელემენტარულიო პარტიული «თამაში სწესი» და თუ «მოქალაქეთა კავშირი» ამ წესს არ ცნობს, მაშინ იგი საერთოდ არ ყოფილა პარტია, - ცნების საოყველთაოდ აღიარებული გაგებით.
        ვახტანგ რჩეულიშვილი და ზოგადად «უმცირესობა» მოქმედებდა (ამ შემთხვევაში) პოლიტიკური ტექნოლოგიის სრული დაცვით და პოლიტიკური გამარჯვებაც მოიპოვა. ვგულისხმობ არა იმდენად რჩეულიშვილის არჩევას, რამდენადაც «მოქალაქეთა კავშირის», როგორც პარტიის არასტაბილურობის, ანუ არაპროგნოზირებადობის დემონსტრირებას.

ჯორჯ რობერტსონის «ქოლგა»

        გასულ კვირას ნატოს გენერალურმა მდივანმა, ჯორჯ რობერტსონმა თბილისში პრესკონფერენციაზე («კავკასია დღეს – რეგიონალური თანამშრომლობისა და ნატოსთან პარტნიორობის პერსპექტივები) განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური კავშირი «აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს სთავაზობს «პოლიტიკურ ქოლგას» ცნობილი პროგრამის სახით, რომელსაც «პარტნიორობა – მშვიდობისათვის» ეწოდება. ეს პროგრამა პოლიტიკური ურთიერთქმედების ისეთ სისტემას აფუძნებს, რომელსაც მართლაც შეუძლია, ერთგვარი გარანტია შექმნას. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც რუსეთი სულ უფრო აძლიერებს აგრესიას.
        ამას ადასტურებს ხუთშაბათს რუსულ პრესაში გავრცელებული, ერთი შეხედვით, უწყინარი ინფორმაცია: მომავალ კვირას რუსეთის სახელმწიფო სათათბირო განიხილავს რუსეთსა და საქართველოს შორის 1995 წლის სექტემბერში პარაფირებულ ხელშეკრულებას «ბაზების თაობაზე».
        ხელშეკრულება ითვალისწინებდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის 4 სამხედრო ბაზის დაკანონებას – ახალქალაქში, ბათუმში, გუდაუთასა და ვაზიანში (ფაქტობრივად, თბილისში). თანაც, არა, უბრალოდ, დროებით, არამედ 25 წლით – შემდგომ ვადის გაგრძელების უფლებით.
        უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ? რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დღემდე არ განუხილავს «დიდი ხელშეკრულება» რუსეთსა და საქართველოს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის შესახებ.
        არადა, მას ხომ უფრო ადრე მოეწერა ხელი? კერძოდ, 1994 წლის 3 თებერვალს, საქართველოში ბორის ელცინის «ელვისებური» ვიზიტისას.
        ამ ხელშეკრულების განხილვა რუს დეპუტატებს აზრადაც არ მოსვლიათ მთელი ამ წლების განმავლობაში. ეს გასაგებია, მაგრამ არც «ბაზების თაობაზე» გაფორმებულ ხელშეკრულებას რომ არ იხილავდნენ? ეს რითიღა აიხსნება? ერთი შეხედვით, თითქოს უაზრობაა, ოღონდ მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში, რუსეთის სახელმწიფო სათათბირო იმიტომ არ ჩქარობდა «ბაზების თაობაზე» ხელშეკრულების რატიფიცირებას, რომ არ სურდა ცალმხრივად ეკისრა ის ვალდებულებები, რასაც ეს ხელშეკრულება თივალისწინებს. რა ენაღვლებოდა – ბაზები რეალურად მაინც არსებობდა საქართველოში, თითქოს რა მნიშვნელობა ჰქონდა, დაამტკიცებდნენ ხელშეკრულებას თუ არა? ასეთ ვითარებაში «დაუმტკიცებლობა» უფრო ხელსაყრელიც კი ჩანდა.
        ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც საქართველომ დასვა ბაზების ლიკვიდაციის საკითხი და საერთაშორისო გარანტიები მოიპოვა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების თაობაზე სტამბოლში გაფორმებული ადაპტირებული ხელშეკრულების სახით. ჯორჯ რობერტსონის «ქოლგაც» სწორედ ამ იურიდიულ «საბაბს» გულისხმობდა.
        აი, სწორედ ამ გარემოებამ «შააფუცხუნათ» ახალ სიტუაციაში და გადაწყვიტეს, «ბაზების» თაობაზე ხელშეკრულების ცალმხრივად რატიფიცირება. კვლავ ისმის ლოგიკური კითხვა – რატომ ცალმხრივად? მათ ხომ შესანიშნავად უწყიან – საქართველოს პარლამენტს ეს ხელშეკრულება არ განუხილავს. პირიქით, ოფიციალური თბილისი უკვე გადაჭრით მოითხოვს ბაზების ლიკვიდაციას. თუ ასეა, რა აზრი აქვს ამჟამად ხელშეკრულების ცალმხრივად რატიფიცირებას? ქართული მხარის თვალთახედვით, აზრი არა აქვს, მაგრამ საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ მიუხედავად სტამბოლში ხელმოწერილი დოკუმენტისა, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნისა, მიუხედავად ადრე გაკეთებული თვალთმაქცური განცხადებებისა, განურჩევლად დაპირების თუ დეკლარაციებისა, რუსეთი არსადაც არ აპირებს საქართველოდან წასვლას და რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, აზრადაც არ მოსდის ბაზების ლიკვიდაცია!
        ამის უტყუარი საბუთია ის, რომ რუსულ «გოსდუმას» უეჭველად რუსეთის მთავრობიდან სთხოვეს ხელშეკრულების რატიფიცირება, ვინაიდან თუნდაც ცალმხრივად რატიფიცირებული ხელშეკრულება მაინც იძენს გარკვეულ ლეგიტიმურობას და გამოადგება რუსეთს ერთ-ერთ არგუმენტად, როდესაც ცხადი გახდება, რომ მას არ გაჰყავს ჯარები საქართველოდან.
        მაქსიმუმი, რასაც საქართველომ შეიძლება მიაღწიოს, იქნება რუსეთის სამხედრო ტექნიკის ნამეტანი ოდენობის გატანა პროპორციულად ოთხივე ბაზიდან, რაც სრულებითაც არ ნიშნავს ცოცხალი ძალის გაყვანას ან ბაზების ლიკვიდაციას.
        ამით რუსეთი მოიპოვებს დემაგოგიურ არგუმენტს, რომ მან შეასრულა სტამბოლის ხელშეკრულება იმ ნაწილში, რომელიც უკავშირდებოდა ვენის დოკუმენტს (ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირებისა და ფლანგური შეზღუდვების თაობაზე) ხოლო საქართველოდან ბაზების გატანა უკვე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებათა «თავნია», რაშიც დასავლეთი არ უნდა ჩაერიოს - «ხომ ხედავთ, არსებობს ხელშეკრულება 25 წლით ბაზების განლაგების თაობაზე», რომლის რატიფიცირება რუსეთმა განახორციელა სულ რამდენიმე დღის წინ. აღარავინ მიაქცევს ყურადღებას იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებას, სხვა ვითარებაში, შეიძლება ითქვას, სხვა ეპოქაში მოეწერა ხელი.
        ყოველ შემთხვევაში, რუსებს სწორედ ასეთი გეგმა აქვთ. გამოუვათ თუ არა, ქართული ისტებლიშმენტის კონსოლიდირებულობაზე იქნება დამოკიდებული, ანუ იმ თვისებაზე, რომლითაც ეს ისტებლიშმენტი (მათ შორის, მისი პოლიტიკური სეგმენტი, ანუ, ეგრეთ წოდებული, «პოლიტიკური ელიტა») არასდროს გამოირჩეოდა.
        ამაში დავრწმუნდებით, თუ თვალს მივადევნებთ მოვლენათა განვითარებას ოქტომბერში, როდესაც საქართველოში დაგეგმილია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის ვიზიტი (ხსენებული რატიფიკაციის შემდეგ) და მოლაპარაკებათა მორიგი ეტაპი ბაზების ლიკვიდაციის თაობაზე – რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერ ილია კლებანოვის მონაწილეობით.

ფრთხილად ქართველებო!

        ძალიან მცირე კომენტარი გაზეთ რელიგიური ფუნდამენტალისტების მიერ «რეზონანსის» დარბევასთან დაკავშირებით. აქ ყველაზე აღმაშფოთებელი ხელისუფლების პასიურობა კი არ არის (როგორც ზოგიერთს სურს წარმოგვიდგინოს) არამედ ისევ და ისევ საზოგადოების გულგრილობა. უფრო სწორად, ხელისუფლება სწორედ იმიტომ არის პასიური, რომ ხედავს: მომხდარი საქართველოში არავის განსაკუთრებულ აღშფოთებას არ იწვევს, არ არსებობს «საზოგადოებრივ-სოციალური შეკვეთა», რათა ხელისუფლებამ აღკვეთოს ასეთი ქმედებანი და, თუ ასეა, ხელისუფლებამ რატომ აიტკიოს აუტკივარი თავი?
        თანაც იმ ვითარებაში, როდესაც (დააკვირდით) პოლიტიკური ოპოზიციაც კრინტს არ სძრავს – თითქოს არაფერი მომხდარა. არადა, ეს ექსცესი რომ საზოგადოების აღშფოთებას იწვევდეს და მისი მეშვოებით «ქულების დაგროვება» რომ შეიძლებოდეს, ქვეყანას დააქცევდნენ, ანუ მთავარი მიზეზი იმ «რიგითი ამომრჩევლის», «ჩვეულებრივი ობივატელის» გულგრილობაა, ვისაც საკუთარი კომფორტის გარდა არაფერი აინტერესებს – ოღონდ თვითონ იყოს კარგად და თვითონ ჰქონდეს უფლება, გააკეთოს ის, რაც სურს.
        მაგალითად, - «ჩემპიონთა ლიგის» მატჩებს უყუროს ცივი ლუდის კათხით ხელში. ხოლო რაკი «იეჰოვა» სულ არ აინტერესებს (მაგრამ არც მართლმადიდებლობისთვის იკლავს თავს), სულაც არ აღელვებს, თუ სხვას სხვები აუკრძალავენ არჩევანის უფლებას.
        ამაში კი მწარედ ცდები ძვირფასო ქართველო ბიურგერო! აი, საკუთარ სახლში ფეხბურთის ყურებას როცა აგიკრძალავენ (იმ მოტივით, რომ წმინდა წერილში ფეხბურთზე არაფერია ნათქვამი), მაშინ მიხვდები, რამდენად საშიშია გულგრილობა, როდესაც სხვას არ აძლევენ არჩევნის უფლებას.
        მიხვდები, მაგრამ გვიან იქნება.

დილის გაზეთი, 2 ოქტომბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე