მტირალა მთის ჭეშმარიტება

        რამდენიმე დღეა რუსული მასმედია უპირველეს ცნობად და თვალყურსადევნებელ პროცესად მიიჩნევს ბათუმიდან მოსკოვში, სახელმწიფოთაშორის საავიაციო კომიტეტში ჩატანილ, ეგრეთ ოწდებულ «შავი ყუთების» ბედს, რომელთა მეშვეობით სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავ «ილ-18»-ის კატასტროფის «ნამდვილი მიზეზი» უნდა დადგინდეს.
        ამ ტერმინმა («ნამდვილი მიზეზი») იმდენჯერ გაიჟღერა ეთერში, რომ უკვე ცხადია, იგულისხმება იმ ვერსიის საპირისპირო მიზეზი, რაც წინასწარი გამოკვლევის შედეგად დასახელდა: თვითმფრინავი სწორი კურსით ეშვებოდა ბათუმის აეროდრომზე (ზღვის მხრიდან), მაგრამ მფრინავმა სცადა შტორმისა და ჭექა-ქუხილის ფრონტიდან გამოსულიყო, ან ელვა გარიდებოდა და მთას შეეჯახა, მას შემდეგ რაც შტურვალი ვეღარ დაიმორჩილა.
        მიუხედავად იმისა, რომ ეს ვერსია საკმაოდ სარწმუნოა, არადა არ ცხრებიან ჩვენი მეგობარი რუსი ჟურნალისტები.: არიქა, «შავი ყუთები ჩამოიტანეს», არიქა, მალე გაირკვევა რა მოხდა «სინამდვილეში».
        რასაკვირველია, იმას ელიან, რომ ტრაგედია როგორმე საქართველოს დაბრალდეს: ეგება გაირკვეს, რომ თვითმფრინავში ბომბი აფეთქდა, მით უმეტეს ეს ამბავი ხომ მას შემდეგ მოხდა, რაც ვერ მოახერხეს ჩეჩნებთან საქართველოს შეიარაღებულ ძალთა შეტაკების პროვოცირება ასას ხეობაში.
        ასეთ ვითარებაში მათთვის ნამდვილი «მისწრება» იქნებოდა, თუ აღმოჩნდება «ქართველ ტერორისტთა» კვალი მტირალას მთაზე. აკი იძახდა გრაჩოვი: ქართველები თავის ქალაქებსა და სოფლებს თვითონ ბომბავდნენო. ვითომ, იმას ვერ იტყვიან, «თავი თავად აიფეთქესო?» მიაქციეთ ყურადღება, - ანტიქართველმა გარეწარმა სერგეი შოიგუმ, ვისაც ხელი იდაყვებამდე ქართულ სისხლში აქვს გასვრილი, პირველი, რაც განაცხადა: ათვითმფრინავში სულ სამი საქართველოს მოქალაქე იყოო. ანუ, დანარჩენი რუსები იყვნენ და ქართველები რატომაც ვერ ააფეთქებდნენო.
        აქ კიდევ სხვა მზაკვრობაც არის ჩადებული: ანტიქართული პროვოკაციებით ცნობილმა «ორტ»-მ საქმე ისე წარმოაჩინა, თითქოს სამაშველო სამუშაოების წარმოება მხოლოდ აჭარის ხელისუფლების დამსახურება იყო.
        ასლან აბაშიძე რომ «აჭარის პრეზიდენტად» მოიხსენიეს – ეს კიდევ არაფერი. მთავარი სხვა განზრახვაა: თუ როგორმე მოხერხდა «ქართული» ან «ქართულ-ჩეჩნური» კვალის მიგნება, იგივე «ორტ» და სხვა რუსული «მედია იმპერიები» აუცილებლად შეთითხნიან ახალ ვერსიებს, რათა თბილისსა და ბათუმს შორის ურთიერთობა გაამწვავონ.
        არადა, ბათუმთან მომხდარი ტრაგედია არც «ტერორისტების ბრალია», არც თბილისელი და არც ბათუმელი «დისპეტჩერებისა». ასეთი ავარიები, მხოლოდ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, ათზე მეტი მოხდა რუსულ ავიაციაში.
        «დისპეტჩერის» შეცდომა იქნებოდა თვითმფრინავის წამოყვანა არასწორი კურსით, მთების მხრიდან, ანუ აღმოსავლეთიდან. რაკი თვითმფრინავი ზვიდან მოფრინავდა, მაშასადამე, შესაბამის სამსახურებს სწორად «მოჰყავდათ» ლაინერი მიწიდან, ხოლო დაჯდომა უკვე თვით პილოტის ამოცანაა. მის ნაცვლად ამასა ვერავინ გააკეთებს.
        27 ოქტომბერი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. შექმნილ ვითარებაში ეს იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, რათა შეგვერბილებინა რუსული მედიის ანტიქართული ისტერია, რაც სულ უფრო უხამს ხასიათს იძენს.
        თუმცა, ისიც სათქმელია, რომ როდესაც 1993 წლის სექტემბერში რუსი ინსტრუქტორების მიერ მომზადებულმა საეპარატისტებმა საზღვაო კატარღიდან ნასროლი რაკეტით (ეს რაკეტაც რუსებისგან მიიღეს, ისევე, როგორც ორი «სუ-27 ავიაგამანადგურებელი) ჰაერში ააფეთქეს და ჩამოაგდეს სოჭი-სოხუმის ავიარეისის თვითმფრინავი, რუსეთში გლოვა არავის გამოუცხადებია ათეულობით დაღუპული მშვიდობიანი ქართველის გამო.
        გლოვა კი არა, ერთი თანაგრძნობის სიტყვაც არავის დასცდენია. ახლა 60 ოფიცერი დაეღუპათ და ჩვენგან განსხვავებით, გლოვას არ აცხადებენ, თითქოს საქართველო უფრო მეტად არის ამ უბედურთა ჭირისუფალი.
        პარასკევს, მთელი დღის განმავლობაში იქადნებოდნენ, რუსეთის თავდაცვის სამინიმსტრო დაღუპულთა სიას სულ მალე გადმოგცემსო. გადიოდა საათები – არადა არ დაადგა საშველი სიის გამოქვეყნებას. მოლოდ ეკიპაჟის სია გამოაქვეყნეს და იცით რატომ? რათა რუსულ საზოგაოებას დარჩენოდა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს რუსები (გარდა ეკიპაჟისა) ცოტანი იყვნენ დაღუპულთა შორის და ეს მიუხედავად სერგეი შოიგუს ხსენებული განცხადებისა!
        კიდევ ერთ ძალიან უცნაურ ნიუანსს მივაქციოთ ყურადღება: კრინტს არ სძრავს ოფიციალური სოხუმი. ვითომდაც, არაფერი მომხდარიყოს. ესეც ნიშანდობლივი ფაქტია. ისევე, როგორც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი ივანოვის ჩასვლა ბათუმში.
        რუსული პრესა წყალქვეშა ნავ «კურსკის» ტრაგედიის დროს წერდა, რომ სერგეი ივანოვმა (ისევე როგორც, მისმა პატრონმა) ერთი დღითაც კი არ შეწყვიტა დასვენება რივიერას სამეფო სანატორიუმში, რათა ბარენცის ზღვისკენ მოსაჩვენებლად მაინც გაფრენილიყო და უბედურ მეზღვაურთა ოჯახები გაემხნევებინა.
        მაშ, ახლა რატომ «გამოვარდა» მოსკოვიდან თავქუდმოგლეჯით? არც ეს არის ძნელი მისახვედრი. რუსი ოფიცრებისა და უბედური ქალების, ბავშვების, მოხუცების დაღუპვა «მტირალას მთაზე» შესანიშნავი საბაბია მოლაპარაკების გასამართათ იმავე ბათუმის მოტომსროლელი დივიზიის გაყვანა-არგაყვანასთან დაკავშირებით.
        აი, ასეთ ცინიკოსებთან გვაქვს საქმე. გლოვის გამოცხადებითა და თანაგრძნობით მათ გულს ნამდვილად ვერ ავუჩუყებთ. ამასთანავე, შექმნილ ვითარებაში ეს გადაწყვეტილება (ვიმეორებ), ჯერ ერთი, ზნეობრივად იყო გამართლებული, რაკი საქართველოს მოქალაქეები დაიღუპნენ (თუნდაც ერთი დაღუპულიყო), გარდა ამის,ა მოსკოვს არ მიეცა საშუალება ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით განეხორციელებინა პროვოკაცია.
        ეს ყოველივე მაშინ დამთავრდება, რდესაც ბათუმში, ახალქალაქში, გუდაუთასა და თბილისში საერთოდ აღარ დარჩება რუსული სამხედრო კონტიგენტი და რუსული ბაზები.
        ამის შემდეგ, ღმერთმა დაგვიფაროს და, თუ ოდესმე კვლავ განმეორდა რაიმე მსგავსი – შემთხვევის მიზეზებს საქართველო გამოიძიებს და არა მოსკოვში მდებარე ეგრეთ წოდებული, «დსთ»-ის კომიტეტი», რომელიც მთლიანად იმავე რუსულ სამხედრო უწყებასა და სპეცსამსახურებს ექვემდებარება.
        თუმცა, ამ შემთხვევაში, არც თბილისი, არც ბათუმი იმდენად «არაფერ შუაშია» მომხდართან, რომ მათაც კი გაუჭირდებათ რაიმეს გამოჩხრეკა-შეთითხნა და საქართველოს დადანაშაულება.

ასას ხეობა, როგორც გადაულახავი ჯებირი

        საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ასას ხეობაში განვითარებულმა მოვლენებმა, რომლებიც გასულ კვირას დასრულდა, ეგრეთ წოდებული «რუსული ისტებლიშმენტი» აშკარად გააცოფა, ვინაიდან პროცესი კი დასრულდა, მაგრამ არა ისე, როგორც მოსკოვში მოელოდნენ.
        შესაძლოა, «ბოევიკები» თვითონ არ შემოუშვიათ, გამოეპარათ, ოღონდ შემდგომ კი ნამდვილად ექნებოდათ დიდი სურვილი, ასას ხეობაში ქართველები და ჩეჩნები ერთმანეთს «დაჯახებოდნენ».
        საქმე ის არის, რომ იმავე რუსული წყაროების ცნობით, იჩქერიის ხელისუფლება გეგმავს «ერთა თვითგამორკვევის» უფლების საფუძველზე მოითხოვოს რეფერენდუმის ჩატარება საქართველოსთან კონფედერაციის შექმნის მიზნით.
        რა თქმა უნდა, ვიდრე რუსეთის ჯარი იჩქერიის ტერიტორიის 80 პროცენტს აკონტროლებს (როგორც ამჟამად), ასეთი რეფერენდუმი არარეალურია, მაგრამ მთავარი აქ მაინც პოლიტიკური დემარში ქნება:
        პირველად დაფიქსირდება, რომ რუსეთს ბუმერანგად დაუბრუნდება მისივე დოქტრინა, რომლის შესაბამისადაც იგი სწორედ «ერთა თვითგამორკვევის» პრინციპს იყენებდა საქართველოს დასანაწევრებლად.
        ჩრდილოეთ კავკასიაში ასეთი პრეცედენტის შექმნისა რუსეთს ძალიან ეშინოდა. ამიტომაც, ცდილობდნენ და ცდილობენ საქართველოს ჩათრევას ჩეჩნეთის კონფლიქტში და არ გამოუვიდათ. ღვარძლის ფრქვევა გრძელდება. 25 ოქტომბრის «ნეზავისიმაია გაზეტამ» გამოაქვეყნა ვითომდაც რუკის სახით.
        იგულისხმება ილუსტრაცია სტატიისა «საქართველოს ხელისუფლებას ჩეჩენი ბოევიკებისა ეშინია». ამას რომ «სოლიდურად» მიჩნეული გაზეთი იკადრებს, იმ ქვეყნის საქმე წასულია, თუმცა, ბევრმა თვით რუსეთშივე უკვე დიდი ხნის წინათ შენიშნა: «ნეზავისიმაია გაზეტას» რედაქტორი ვიტალი ტრეტიაკოვი ფსიქიკურად მთლად «დალაგებული ვერ არის».
        ეს მთლიანობაშიც ეტყობა მის გაზეთს, თუმცა, ამ გაზეთში სავსებით «დალაგებული» პროვოკატორებიც იბეჭდებიან. მაგალითად, ჩვენთვის კარგად ცნობილი, საქართველოს «გულმხურვალე მეგობარი», ანდრანიკ მიგრანიანი და მისი «ძმა» კონსტანტინე ზატულინი, თუმცა, ეს «კტბილი წყვილი» ეშმაკსაც წაუღია. ისევ ასას ხეობას დავუბრუნდეთ.
        როგორ შეიძლებოდა სხვაგვარად მოქცეულიყო ქართული მხარე? თუ გავაანალიზებთ, დავრწმუნდებით, რომ ალტერნატივა მიღებულ გადაწყვეტილებას არ გააჩნდა.
        განურჩევლად იმისა, რუსებმა წინასწარგანზრახულად შემოუშვეს ჩეჩნები საქართველოში, თუ ისინი მართლაც შემოიპარნენ რუს მესაზღვრეთა კორდონების გავლით.
        ფაქტია, რომ 20 ოქტომბერს უკვე იმყოფებოდნენ საქართველოში. დავუშვათ, მათი რიცხვი სინამდვილეში 50-ს არ აღემატებოდა. მათგან 25 მოითხოვდა მკურნალობას და ამ პირობით თანახმა იყო ჩაებარებინა იარაღი.
        დანარჩენები იფიცებოდნენ, რომ დატოვებდნენ საქართველოს ტერიტორიას.
        ასას ხეობა ყოველმხრივ ბლოკირებული იყო. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ბოევიკთა საქართველოში აღმოჩენის შესახებ, ყველა გადასასვლელი, რასაკვირველია, ჩაკეტეს რუსებმაც.
        საქართველოს ჩეჩენთა ძალით განიარაღება არ შეეძლო. ეს თვით რუსებმაც ვერ შეძლეს: სამხედრო სპეციალისტთა აზრით, ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომების დროს, არ ყოფილა თანაბარ სამხედრო ფორმირებათა არც ერთი შეტაკება, რომელიც რუსებს მოეგოთ.
        იყო, ასე ვთქვათ, «ფრედ» დამთავრებული ბრძოლები, მაგრამ არა რუსების გამარჯვება. ქართველ მეომრებს რატომ უნდა შეეკლათ თავი «რუსული საქმისათვის?»
        იმისთვის, რათა რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტ პუტინს რუსები თავს ლაფს დაასხამენ (როგორც უკლებლივ ყველა ხელმძღვანელს ლენინიდან - ელცინამდე), გამოჩნდეს რომელიღაც რუსი ჟურნალისტი და ჩეჩნების გულის მოსაგებად გამოაქვეყნოს სტატიები აღწერით, თუ როგორ ჩასცეს ქართველებმა ჩეჩნებს დანა ზურგში მაშინ, როდესაც ჩეჩენი ხალხი პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ «იბრძოდა»!
        ნუ გაიკვირვებთ – ზუსტად ასეთი სტატიები ქვეყნდებოდა ეგრეთ წოდებული «პერესტროიკის» გარიჟრაჟზე. მაგალითად, ერთი წერდა, რომ მაშინ, როდესაც ჩეჩენი ხალხი სტალინური რეჟიმის წინაღმდეგ იბრძოდა, ქართველები ჯალათების ფუნქციას ასრულებდნენ, რუსების ნაცვლად სწორედ ქართველები (თურმე) ხალისით მონაწილეობდნენ ჩეჩენთა გასახლებაში, ხლო «ვირთხა ბერიამ» (სიტყვასიტყვით ასეა – ავტ.) საკუთარ კაბინეტში შამილის დატყვევების სურათის ჩამოკიდებაც კი გაბედა, რითაც (მიაქციეთ ყურადღება) «შეურაცხყო როგორც რუსი ხალხი, ასევე ამაყი კავკასიელი მთიელები».
        ეს დღეს ჩანს დაუჯერებლად, თორემ «პოსტპუტინურ» ეპოქაში დაალოებით ასეთი რამ აუცილებლად დაიწერებოდა მეორე ჩეჩნური ომის აღწერისას.
        ამიტომ საქართველოს არაფრის დიდებით არ უნდა დაეშვა ჩეჩნების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის პრეცედენტი.
        გავიხსენოთ, თუნდაც პირველი ჩეჩნური ომი: მაშინ საქართველომ პოლიტიკურად მხარი დაუჭირა რუსეთს (აფხაზეთში ჩეჩენთა როლის გათვალისწინებით). უშუალოდ სამხედრო მოქმედებებში არ ვმონაწილეობდით, მაგრამ, რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზეც ჩავაყენეთ რუსი მესაზღვრეები საქართველოს მხრიდან.
        მერედა, რა მიიღო საქართველომ რუსეთისგან სანაცვლოდ? «მიიღო» 1998 წლის მაისის მოვლენები გალში, ანუ ეთნიკური წმენდისა და გენოციდის მორიგი ეტაპი!
        და საეროთდ, უკვე არაერთგზის ითქვა, რომ მოსკოვთან კომპრომისის მიღწევა შეუძლებელი ხდება იმის გათვალისწინებთი, რომ რუსეთი ძალიან ღრმად «ჩაეფლო» ჩრდილოეთ კავკასიაში და რომც სურდეს, ვეღარ გაბედავს ჩრდილოეთ კავკასიური ელიტების განაწყენებას, რათა ეს რეგიონი «ერთ მთლიან ჩეჩნეთად» არ გადააქციოს.
        სხვა შემთხვევაში, რუსეთს სავსებით შეუძლია შემოგვთავაზოს, მაგალითად, ასეთი კომპრომისი: სავიზო რეჟიმის შემოღების დროს მხარეები თანხმდებიან, რომ ერთადერთი კანონიერი საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე იქნება «ზემო ლარსი», ანუ საქართველოს სამხედრო გზა. «როკა» («სამხრეთ ოსეთის») და ფსოუ (აფხაზეთი) კი იკეტება.
        თუ სეპარატისტები არ დათანხმდებიან დაუშვან იქ ქართველი მესაზღვრეები და მებაჟეები. არც ოსი, არც აფსუა სეპარატისტები ამას არ დათანხმდებიან, ხოლო როკისა და ფსოუს საკონტროლო გამშვები პუნქტების ჩაკეტვა, ფაქტობრივად, სეპარატისტული რეგიონების სრულ იზოლირებასა და ბლოკადას გამოიწვევს. სანაცვლოდ, საქართველო მიდის სტრატეგიულ კომპრომისზე «ბაზების საკითხში».
        რატომ არ უნდა იყოს მაინც (თუნდაც ჩრდილოკავკასიურ სირთულეთა გათვალისწინებით) რუსეთისთვის ამგვარი კომპრომისი მისაღები?
        იმიტომ, რომ სინამდვილეში მისი მიზანია არა მხოლოდ და არა იმდენად საქართველოში სამხედრო ყოფნის შენარჩუნება, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის შემდგომი დანაწევრება.
        ამგვარი მისწრაფება, რუსეთის მხრიდან, სავსებით ბუნებრივია – მისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ვინაიდან «სამხედრო ყოფნით» თავისი გრძელვადიანი ინტერესების უზრუნველყოფა მაინც «არამდგრადი» იქნება:
        გავა ათი წელი, მოვა სხვა ხელისუფლება და ის მოითხოვს რუსის ჯარის გასვლას... სულ სხვა საქმეა, თუ მოხერხდა საქართველოს შემდგომი საბოლოოო დანაწევრება.
        ასეთ შემთხვევაში «რუსეთის ყოფნა» სამხრეთ კავკასიაში მარადიული გახდება, ვინაიდან ფაქტობრივად, დამოუკიდებელ «სამთავროთა» ელიტები ერთმანეთის ჯიბრით, ერთმანეთის შიშით, რუსეთს (რუსის ჯარს) აქცევენ თავიანთი უსაფრთხოების გარანტად.
        და ამ დოქტრინის განხორციელების სიმპტომები უკვე არის კიდეც.
        აი, ამიტომ არის შეუძლებელი «ინტერესთა თანხვედრა» რუსეთთან და ამიტომაც იყო სწორი გადაწყვეტილება არაფრის დიდებით არ შეგვექმნა ანტიჩეჩნური პრეცედენტი ასას ხეობაში მაშინ, როცა რუსეთი თავის მხრივ, არაფერს აკეთებს საქართველოს დანაწევრების მოსურნე ძალებთან ურთიერთობათა «გასაფუჭებლად».

დილის გაზეთი, 30 ოქტომბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე