დაპირისპირება კახა თარგამაძესა და მმართველ პარტიას შორის კვლავაც გაგრძელდება

        უკვე რამდენიმე დღეა პოლიტიკით დაინტერესებული საზოგადოება (ამ საზოგადოების სოციალური ასპარეზი და რიცხვი საქართველოში, საბედნიეროდ, დღითი დღე მცირდება) გაფაციცებით ადევნებს თვალს დაპირისპირებას მმართველ პარტიასა და შინაგან საქმეთა მინისტრ კახა თარგამაძეს შორის
        ამ პოლიტიკურ მოვლენას მრავალი საინტერესო ასპექტი აქვს, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ერთ მათგანზე შევაჩერებთ მკითხველიოს ყურადღებას: პოლიტიკური ბომონდი, უპირველესად, «ზვიადისტური» ოპოზიცია, ვერ ამჩნევს, რომ მისივე უმეცრების, უნიჭობისა და უტვინობის შედეგად, საერთოდ, სტრატეგიისა და მოტივაციის გარეშე რჩება.
        მოდით, დავაკვირდეთ, როგორ განვითარდა მოვლენები უკანასკნელი თვეების განმავლობაში. უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ კახა თარგამაძე, მართლაც, ძალიან ძლიერი მინისტრია – ალბათ, ყველაზე ძლიერი შინაგან საქმეთა მინისტრი 1992 წლიდან.
        მისი სიძლიერე გამოიხატება არა მხოლოდ უნარში, მტკიცედ აკონტროლის პროცესები საკუთარ (ურთულეს) სისტემაში, არამედ მთელ ქვეყანაშიც (სადაც ვრცელდება თბილისის იურიდიქცია) და, იმავდროულად, არ მისცეს მოწინააღმდეგეს საშუალება, აქციოს იგი დარტყმის მთავარ ობიექტად.
        ჩვეულებრივ, «მარტივ» პოლიტიკურ დისპოზიციაში ხელისუფლების მოწინააღმდეგენი (ანუ, ჩვენს შემთხვევაში, პოლიტიკური ოპოზიცია) ცდილობენ ხელისუფლებაში შეარჩიონ საყრდენი ფიგურა, რათა სწორედ მას დაარტყან, იგი აქციონ უმთავრეს სამიზნედ და მისი დასუსტებით შეასუსტონ ხელისუფლებაც.
        ამ ლოგიკით მთავარ სამიზნედ სწორედ კახა თარგამაძე უნდა ქცეულიყო. მაგრამ კახა თარგამაძე და შინაგან საქმეთა მინისტრის პარტნიორები ხელისუფლებაში უფრო ეშმაკურად მოიქცნენ.
        დავაკვირდეთ ტექნოლოგიას: რამდენიმე თვის წინ თარგამაძის ინიციატივითა და ძალისხმევით, ზესტაფონში განხორციელდა შეიარაღებული დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის აკაკი ელიავას დაკავების ან ლიკვიდაციის ოპერაცია.
        დარწმუნებული ვარ, მისი მოკვლა დაგეგმილი არ ყოფილა, მაგრამ არც გამოირიცხებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოვლენები ისე განვითარდებოდა, როგორც განვითარვდა.
        ელიავამ საშველად უხმო პოლიციის გენერალ რუბენ ასანიძეს და სცადა იგი სამეგრელოსკენ წაეყვანა, მაგრამ სპეცდანიშნულების რაზმმა თავისი საქმე გააკეთა, თანაც, გააკეთა ძალზე მაღალპროფესიულად. ხოლო კახა თარგამაძემ უჩვეულო ალღო გამოამჟღავნა და ელიავასთან დაკავშირებულ ეპიზოდს თავიდანვე დაასწრო დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ოპერატორი (ან შემდგომ მიაწოდა ჩანაწერი ამ ტელეკომპანიას) რათა აღარავის ჰქონოდა საშუალება ეჭვი შეეტანა მომხდარის ოფიციალურ ვერსიაში:
        აკაკი ელიავას სიკვდილის მიზეზი ის იყო, რომ მას იარაღის ჩაბარება და დანებება არ სურდა. მძევალი აიყვანა და მასთან ერთად აპირებდა დასავლეთ საქართველოში გამგზავრებას. ამიტომ ოპოზიციას, ამ შემთხვევაში, «ზვიადისტურ» ოპოზიციას, არაფერი გაუვიდა და მისი ვერსიები არავინ დაიჯერა.
        მეორე ეპიზოდი: ზუგდიდში აპატიმრებენ პარტიზანული მოძრაობა «ტყის ძმების» მეთაურს დათო შენგელიას, რომელიც, როგორც ჩანს, პარტიზანობას ათავსებდა «თხილის ბიზნესთან».
        მაგრამ მისი მოქმედება გალში ქმნიდა 1998 წლის მაისის მოვლენების განმეორებისა და ძლივს სამურზაყანოში დაბრუნებული 60 ათასი დევნილის უკან გამოძევების საფრთხეს.
        ხელისუფლება, რომელმაც საბოლოოდ აიღო ხელი (და სწორადაც მოიქცა) აფხაზეთის ძალისმიერი გზით დაბრუნების გეგმაზე, რა თქმა უნდა, ვერ დაუშვებდა გალში დივერსიული მოქმედებების გაგრძელებას. მით უმეტეს, რომ არძინბამ თბილისი ერთმნიშვნელოვნად გააფრთხილა: თუ დივერსიული აქტები გაგრძელდება, გალის ქართულ მოსახლეობას ახალი სადამსჯელო ოპერაცია არ ასცდება.
        აქედან გამომდინარე, კახა თარგამაძე მოიქცა აბსოლუტურად სწორად, როდესაც გააკეთა ყველაფერი, მოსალოდნელი უბედურების თავიდან ასაცილებლად.
        მესამე ეპიზოდი: 1 ოქტომბერს ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაიქცნენ «ლოთი ქობალია და სხვები». მათგან სწორედ ლოთი ქობალია იყო ყველაზე საშიში, ვინაიდან თუ იგი მოახერხებდა სამეგრელოში გადასვლას, უეჭველად, შეუერთდებოდა ხსენებულ ტრაიბალისტურ ბანდებს (ანუ იქცეოდა ახალ «კაკო ელიავად») და დესტაბილიზაციის,ა ხალი სამოქალაქო ომის საფრთხესაც შექმნიდა.
        აქვე უნდა ითქვას, რომ ე.წ. ზვიადიზმი უკვე საბოლოოდ გადაგვარდა და, რასაკვირველია, არაფერი აქვს საერთო ზვიად გამსახურდიას იდეებთან და მის მოღვაწეობასთან. კახა თარგამაძემ ლოთი ქობალიას ძებნა-დაკავების ოპერაციაც წარმატებით ჩაატარა: ქობალიამ, აბსანძემ და ეჯიბიამ ისევ ციხეში ამოყვეს თავი. რა თქმა უნდა, ამას არ შეეძლო «ზვიადისტების» დაბოღმვა არ გამოეწვია.
        მეოთხე ეპიზოდი: 28 ოქტომბერს პოლიციამ დაარბია «ზვიადისტების» მიტინგი თავისუფლების მოედანზე. დაარბია იმ მოტივით, რომ მიტინგი არასანქცირებული იყო: მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ გადაწყვიტა არ შეეტყობინებინა მერიისათვის მიტინგის გამართვის თაობაზე, ვინაიდან ეს «ხუნტა-პუტჩისტური ხელისუფლების აღიარება იქნებოდა». შედეგად, პოლიცია მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერ ქვეყანაში.
        ოთხივე ეპიზოდში ცენტრალური ფიგურა კახა თარგამაძე იყო. თითქოსდა «ზვიადისტების» რისხვა, უპირველესად, მის წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო მიმართული, მაგრამ აღმოჩნდა ახალი ფაქტორი: დაიწყო დაპირისპირება მმართველ პარტიასა და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ნელთბილი, ზოგჯერ ცივი და ზოგჯერ მწვავე (შიგადაშიგ შერიგებებით) დაპირისპირება მმართველ პარტიასა და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის, კვლავაც პერმანენტულად გაგრძელდება. თუმცა ქვეყანაში მაინც შენარჩუნებულია სტაბილურობა და ნორმალური პოლიტიკური პროცესი მორიგ საარჩევნო ციკლამდე და ამ ციკლის ჩათვლით.

მერიდიანი, 3 ნოემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე