დამოკლეს მახვილი მინისტრების თავზე

        სატელევიზიო «ვიდეორიგი» მთავრობის გუშინდელი სხდომიდან აშკარად მეტყველებდა, რომ ამჟამინდელი მინისტრების აბსოლუტური უმრავლესობა (თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა), როგორც რუსები იტყვიან, თავის მომავალში დარწმუნებული არ არის.
        პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ (და კიდევ უფრო მრისხანე ტონით) გაუსვა ხაზი, რომ აპრილის ბოლოსათვის მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ რომელ კანდიდატურებს წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად.
        აქედან გამომდინარე, მინისტრებიც დანაღვლიანდნენ. ერთადერთი ბაკურ გულუა გამოდიოდა ჩვეული «რიხით», თუმცა ეს «რიხი», შესაძლოა, სწორედ იმით იყოს განპირობებული, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი დღესვე ემზადება პოსტსამინისტრო-ოპოზიციური მოღვაწეობისათვის.
        ძნელი დასაჯერებელია, რომ იგი უპრობლემოდ გავიდეს პარლამენტში, ხოლო პრეზიდენტს სულაც არ სიამოვნებს ისეთი პრეცედენტის მოხშირება, როდესაც იგი პარლამენტს სთავაზობს კანდიდატურას, ხოლო პარლამენტი ამ კანდიდატურას «აგდებს». ზოგჯერ ეს, მართლაც, «ვითომ წარდგენა» იყო და ამას ძალაუფლების ტექნოლოგია მოითხოვდა, რომელსაც დიდოსტატურად ფლობს პრეზიდენტი, მაგრამ ყველაფერს აქვს, ისევ და ისევ, «ტექნოლოგიური» ზღვარი.
        ამიტომ დღევანდელ პირობებში პრეზიდენტმა, საეჭვოა, რომელიმე კანდიდატურა «ვითომ წარადგინოს», თუ წარადგენს, მართლა წარადგენს, ან, საერთოდ, აღარ წარადგენს, ხოლო «მართლა წარდგენილი» კანდიდატურის ჩაგდება, ამჯერად «მართლა ჩაგდება» იქნებოდა.
        შეიძლება ჩამოვთვალოთ ის მინისტრები, რომელთა «მართლა წარდგენა» უკვე გადაწყვეტილია – ეს არის სახელმწიფო მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, უშიშროების მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი.
        თუმცა, ჩამონათვალი ჯერ კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი უპრობლემოდ დამტკიცდება პარლამენტში. ზოგიერთს შეიძლება ძალიან სერიოზული პრობლემებიც შეხვდეს ბოლოდროინდელ მოვლენათა გათვალისწინებით. მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ედუარდ შევარდნაძე მათ კანდიდატურებს წარადგენს. არის «სპეკულაციები» (მსჯელობა, განხილვა – მ.გ.), თითქოს რაღაც საფრთხე ემუქრება კახა თარგამაძეს. აი, აქ კი ნამდვილად ცდება ირინა სარიშვილი-ჭანტურია. მან თვითონ ვერ «წააქცია» შინაგან საქმეთა მინისტრი (გარკვეული თვალსაზრისით, ამ ბრძოლას გადაჰყვა კიდეც) და ახლა, რატომღაც, მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე კახა თარგამაძეს აღარ დანიშნავენ.
        თუ ეს, მართლაც მოხდა, - უდიდესი მოულოდნელობა იქნება. მაშასადამე, ასეთ შემთხვევაში, ირინა სარიშვილი-ჭანტურია ფლობდა რაღაც ინფორმაციას, რომელიც სხვებისთვის ცნობილი არ იყო. ფართოდ გავრცელებულ და საზოგადოდ ხელმისაწვდომ მასალათა ანალიზი კი ცხადყოფს, რომ კახა თარგამაძის მოხსნა პრეზიდენტისათვის აუტკივარი თავის ატკივებაა – ამ სისტემას ედუარდ შევარდნაძე შესანიშნავად იცნობს: პოლიციაში (მით უმეტეს, დღევანდელ პირობებში) ბალანსისა და სტაბილურობის დაცვა, გავლენიან ჯგუფთა ინტერესების შეჯერება-შეწონასწორება ურთულესი პრობლემაა, რომელსაც თარგამაძემ თავი, ასე თუ ისე, გაართვა. იგი ვერ იქცა (ვერ აქციეს) პოლიტიკურ სამიზნედ და ვერც «რუხი კარდინალის» მანტია მოარგეს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია პრეზიდენტისათვის.
        რაც შეეხება კულტურის მინისტრ ვალერი ასათიანს (მასზე არის საუბარი), ტყუილად ჰგონია, რომ რაკი ჟურნალისტური გამოძიებით უშუალოდ მას დანაშაული არ დაუმტკიცდა, რაკი თვითონ არაფერში ურევია, რაკი არამიზნობრივი ხარჯვა კრიმინალი არ არის- ეს პრობლემას არ შეუქმნის.
        უშედეგო ამქვეყნად არაფერია. ისევე, როგორც უფასო! მიუხედავად იმისა, რომ ვალერი ასათიანი შესანიშნავი პროფესიონალია და ქართული კულტურაც «ხუთი თითივით» იცის.
        მაგრამ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს!

მერიდიანი, 14 აპრილი, 2000 წელი

მთელ გვერდზე