წინასაარჩევნოდ გახურებული ვაჭრობა მიმდინარეობს; შეუშინდება თუ არა «მოქკავშირი» სეპარატიზმის საფრთხობელას?

            ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ასლან აბაშიძის «საპრეზიდენტო განაცხადის» შეტანა-არშეტანასთან დაკავშირებული «დრამა» როგორც იქნა დასრულდა: ასლან აბაშიძემ განაცხადი თითქოს გააკეთა ან დღეს გააკეთებს, რაც იმთავითვე ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური მონაწილეობას მიიღებს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში: «აღორძინების ბლოკის» პოლიტიკური მოთხოვნები ძალაში რჩება - ოპოზიციური დაჯგუფება კვლავინდებურად ცდილობს აიძულოს მმართველი პარტია, შეიტანოს ისეთი ცვლილებები საარჩევნო კანონში, რაც უზრუნველყოფს პოლიტიკური ოპოზიციის (ერთად აღებულის) უმრავლესობას ყველა დონის საარჩევნო კომისიაში: ცენტრალურიდან – ადგილობრივამდე.
            ამ გზით სურთ «გაინაღდონ» წარმატება 2002 წლის «ადგილობრივი თვითმმართველობისა» და 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში – რაკი შესანიშნავად ხვდებიან, რომ ამჟამინდელ საპრეზიდენტო არჩევნებში შევარდნაძეს ვერ მოერევიან.
            ზეწოლის მეთოდად კი გამოიყენება ის გარემოება, რომ ხელისუფლებას ხელს არ აძლევს ბოიკოტი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, არჩევნები საერთოდ ჩაიშლება აჭარაში, რის შედეგადაც შეიქმნება ისეთი ვითარება, როდესაც ამ ავტონომიურ წარმონაქმნში ცენტრალური ხელისუფლების (არა «მოქალაქეთა კავშირის», არამედ ზოგადად, ცენტრალური ხელისუფლების) იურისდიქციას იურიდიული საფუძველი აღარ ექნება და საქართველოს ხელისუფლება არ იქნება არჩეული აჭარის მოსახლეობის მიერ!
            ოპოზიცია (ე.წ. «აღორძინება») ამას ხვდება და უმოწყალოდ «ურტყამს» ქვეყნისთვის ყველაზე მტკივნეულ «მზის წნულში», რათა პოლიტიკური სარგებელი მიიღოს. რამდენად ზნეობრივია ამგვარი პოზიცია - სხვა საკითხია. მმართველ პოლიტიკოსებს ზნეობა როდის მოეკითხებოდათ, ახლა რომ მოეკითხოთ?!
            მეორეს მხრივ, არც «მოქკავშირი» აპირებს რაიმეს დათმობას და არჩევნების ობიექტურად ჩატარებისთვის ოპოზიციას სთავაზობს პროფესიულ საარჩევნო კომისიის შექმნას, რაც (სამართლიანობა მოითხოვს ითქვას) მართლაც უფრო მეტად უზრუნველყოფს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიუკერძოებლობას, ვიდრე პოლიტიკური პარტიებისგან შემდგარი კომისია.
            «პოლიტიზებული საარჩევნო კომისია» იმთავითვე არის ბინძური გარიგებების (მათ შორის მმართველ პარტიასთან გარიგებების) და უზნეო ვაჭრობის (პირდაპირი, ფინანსური გაგებით) ასპარეზი.
            რაც ყველაზე საოცარია, «აღორძინების» ზოგიერთი წევრი არც მალავს, რისთვის სჭირდება 1990 წლიდან ოთხჯერ გაუპატიურებული საარჩევნო კანონის კიდევ ერთხელ გაუპატიურება ანუ შეცვლა. თურმე ნუ იტყვით: «არსებული საარჩევნო კანონის პირობებში ვითარების შეცვლა ვერ მოხერხდა, ვინაიდან, სოციალური გაჭირვების მიუხედავად, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მაინც «მოქკავშირს» დაუჭირა მხარი, ამიტომ, უნდა შეიცვალოს «თამაშის წესები».
            ეს გამაოგნებელი განცხადება მსოფლიო პოლიტოლოგიის ქრესთომატიებში უნდა შევიდეს უნიკალურ შემთხვევად!
            როგორც იტყვიან, ქვა და რკინა იყოს «მოქკავშირის» დამცველი, მაგრამ დავაკვირდეთ, რა გამოდის: გამოდის, რომ რაკი სოციალური გაჭირვების მიუხედავად, მოსახლეობამ მხარი მაინც არ დაუჭირა ოპოზიციურ დაჯგუფებას და ამ დაჯგუფებამ წარმატებას ვერ მიაღწია -–აუცილებელია ისეთი საარჩევნო კანონის (თამაშის წესების) შემუშავება, რომ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ბედი არ იყოს დამოკიდებული ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე!!!
            მოდი და ნუ გაოგნდები!
            არადა, ამ ე.წ. «აღორძინებას» (მათ შორის, ზემოთ მოყვანილი «შედევრის» ავტორს) არაფრით არ სურს გაიგოს, რომ «აღორძინების» ბლოკის დამარცხება 31 ოქტომბრის არჩევნებში განაპირობა არა მოსახლეობის განსაკუთრებულმა სიყვარულმა ან კეთილგანწყობამ ე.წ. «მოქკავშირისადმი», არამედ თვით «ბათუმური კოალიციის» აშკარა აბსურდულობამ, მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტთა მენტალურმა, სოციალურმა, ისტორიულმა (ანუ წარსულით) შეუთავსებლობამ და იმ ელემენტარულმა გარემოებამ, რომ «აღორძინების კოალიციამ» პროტესტულ ელექტორატს ვერ შესთავაზა (ვერც შესთავაზებდა) მკაფიო, ნათელი, კონკრეტული ალტერნატივა.
            არ აქვს მნიშვნელობა როგორი - სოციალისტური, კაპიტალისტური, კომუნისტური, ბურჟუაზიული, ნაციონალისტური, ინტერნაციონალისტური, ფაშისტური – როგორიც გნებავთ, მაგრამ ნათელი, მკაფიო და კონკრეტული!
            ამ თვალსაზრისით, უაღრესად ნიშანდობლივია, რომ «აღორძინება» პირწმინდად დამარცხდა თბილისში, სადაც ყველაზე ინფორმირებული და მეტ-ნაკლებად პოლიტიკურად გათვითცნობიერებული ელექტორატი ცხოვრობს.
            ამ ელექტორატის ძალიან დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა კონკრეტულ ალტერნატივას («მრეწველებს» «ლეიბორისტებს», «დეპ»-ს) მაგრამ არა «აღორძინების» აბსურდულ კოალიციას. ასეთ პირობებში 100 არჩევნები რომ ჩატარდეს, ასივეს წააგებს «აღორძინების ბლოკი». თუმცა ეს ჯერ კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ ასივეს მაინცდამიანც «მოქკავშირი» მოიგებს.
            31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აუცილებლად მოხდება «მემარცხენე» და «მემარჯვენე» ძალის კრისტალიზაცია – სწორედ ამის ეშინია ყველაზე მეტად «აღორძინების ბლოკს» და ამიტომ ცდილობს შანტაჟის გზით (სანამ გვიან არ არის) ანუ, ფაქტობრივად, აჭარაში ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის საფუძველთა მოშლით, აიძულოს ხელისუფლება შეცვალოს «თამაშის წესები» და არჩევნების შედეგი დაუკავშიროს არა მოსახლეობის ნებას (რაკი ეს მოსახლეობა ამდენად «ჩლუნგი» აღმოჩნდა და «ვერ მიხვდა», თურმე «აღორძინების კეთილშობილებას) არამედ «პოლიტელიტარული» ვაჭრობის შედეგებს მომავალ საარჩევნო კომისიაში, როდესაც არჩევნების რეალური შედეგი მხოლოდ «ერთ-ერთი», მაგრამ არა ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება «სახელისუფლო ოლიმპზე» ძალთა განაწილებისათვის!
            ღმერთმა ნუ ქნას, ამას მიაღწიოს, სჯობს მოხდეს რაც მოსახდენია. ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა ვიდრე საქართველოში ასეთი ბინძური «თამაშის წესი» დამკვიდრდეს და ქვეყანამ დემოკრატიული განვითარების ყოველგვარი პერსპექტივა დაკარგოს, ანუ დამოკიდებული იყოს იმაზე, მიაღწევს თუ არა გარიგებას ნაძირალების ის ხროვა, რომელიც («უმრავლესობიდან» თუ «უმცირესობიდან») თავს «პოლიტიკურ ელიტას» უწოდებს.
            რაც შეეხება ასლან აბაშიძეს, მისი «საბოლოო გადაწყვეტილება» დაფიქსირდება 29 თებერვლამდე – როდესაც იწურება 50 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერათა წარდგენის ვადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
            ამჟამინდელი გადაწყვეტილება მხოლოდ შუალედურია; ამა თუ იმ გადაწყვეტილების მოტივი კი დეკლარირებულ მოტივაციას შორს სცილდება.

7 დღე, 18 თებერვალი, 2000 წელი

მთელ გვერდზე