კიევის ვიზიტის ექო

        მას შემდეგ, რაც ადამიანებმა ატომის გახლეჩა ისწავლეს, კაცობრიობა, ფაქტობრივად, უშრეტი ენერგიის მფლობელი გახდა. თუმცა, ატომს დიდი უბედურების მოტანაც შეუძლია. გუშინ უკრაინაში ჩერნობიოლის ატომური სადგური ოფიციალურად დაიხურა. 1986 წლის 26 აპრილს უკრაინაში მომხდარმა კატასტროფამ თავისი გამოძახილი საქართველოშიც ჰპოვა. აფეთქების შედეგად ჰაერში გამოფრქვეულმა რადიაციულმა მტვერმა საქართველოსაც უწია. ჩვენი ქვეყნის ეკოსისტემას და, შესაბამისად, ადამიანთა ჯანმრთელობასაც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.
        გუშინ კიევში გაიმართა ჩერნობილის ავადსახსენებეოლი ატომური ელექტროსადგურის სამუდამო დახურვის საზეიმო ცერემონია, რომელსაც, გადაუჭარბებლად, მთელი მსოფლიო ელოდა და თვალყურს ადევნებდა.
        ყოველ შემთხვევაში, ცერემონია, ათეულობით სახელმწიფოს დელეგაციათა თანდასწრებით, მთელ მსოფლიოში გადაიცემოდა ყველა სატელევიზიო არხით. ჩვენს თაობას მაინც არა აქვს გაცნობიერებული და წარმოდგენილი, რამდენად შეძრა მთელი მსოფლიო 1986 წლის აპრილის მიწურულს ჩერნობილში მომხდარმა ყველაზე მაშსტაბურმა ტექნოლოგიურმა კატასტროფამ მთელი ისტორიის განმავლობაში.
        ჩერნობილის გარშემო 30 კილომეტრის რადიუსით ადამიანი კიდევ 100 წელს ვერ იცხოვრებს, ხოლო თვით ატომური ელექტროსადგურის საბოლოო დაკონსერვებისათვის, რისი პროცესიც გუშინ დაიწყო, 100 წელი იქნება საჭირო.
        ბუნებრივია, ასეთი მოვლენა პოლიტიკური შინაარსისა და ქვესტექსტის გარეშე ვერ ჩაივლიდა. არც ჩაუვლია: ჩერნობილის კატასტროფას დასავლელი ექსპერტები არცთუ უსაფუძვლოდ მიიჩნევენ საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთ მიზეზად, ვინაიდან სწორედ ჩერნობილმა განაპირობა «ანტისაბჭოთა» და «ანტირუსული» განწყობილების მომძლავრება უკრაინაში. ამ ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ლეონიდ კრავჩუკმა უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, «უმაღლეს რადაში» გამოსვლისას, დამოუკიდებლობის დეკლარირების აუცილებლობა ერთადერთი არგუმენტით დაასაბუთა. აი, ეს არგუმენტი: «დამოუკიდებელი უკრაინის სახელმწიფო არასდროს ააშენებდა ათი ხიროსიმის სიმძლავრის ატომურ ელექტროსადგურს დედაქალაქიდან (კიევიდან) ორმოციოდე კილომეტრში».
        იგულისხმება «მოსკალებმა» ააშენეს, ვინაიდან უკრაინელთა და უკრაინის ბედი დიდად არ აღელვებდათ.
        არც ის არის შემთხვევითი, რომ კიევში ამ მოვლენაზე დასასწრებად უკრაინამ, უპირველესად, «სუუამის» ქვეყნები მიიწვია და რუსეთსაც თვალნათლივ დაანახა: უკრაინისათვის «ჩერნობიოლის სინდრომი» კვლავინდებურად აქტუალურია, ხოლო საბჭოთა კავშირის ჰიმნის აკომპანიმენტით რუსეთისათვის დანებებას ეს ქვეყანა არ აპირებს.
        საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მარშრუტი კი ჩვენს ამჟამინდელ მდგომარეობას გამოხატავს: კიევიდან, სადაც გია არსენიშვილი უკრაინის ხელისუფალთ «სუუამის» პერსპექტივაზე ესაუბრებოდა (გაზაფხულზე დაგეგმილია პირველი სამიტი უმაღლეს დონეზე), იგი მოსკოვში მიემგზავრება, რათა განაგრძოს მოლაპარაკება რუსეთის ხელისუფლებასთან საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაციის თაობაზე.
        თუმცა, მოსკოვმა მიანიშნა თბილისს, რომ ვალის რესტრუქტურიზებას არ აპირებს. ანუ, წლის ბოლომდე საქართველოს ბიუჯეტს ან (და) სავალუტო რეზერვს მნიშვნელოვანი თანხა «ჩამოეჭრება». რუსეთის წარმომადგენელმა კრედიტორთა პარიზის კლუბში უკვე გააკეთა შესაბამისი განცხადება.
        დასავლეთსა და სავალუტო ფონდს ამჟამად არ გააჩნიათ რეალური ბერკეტი რუსეთზე ზემოქმედებისათვის. ჯერ ერთი, «საქართველოს გულისთვის» რუსეთთან ფინანსური ომის პრეცედენტს არავინ შექმნის; მეორეც: რუსეთი მოითხოვს იმას, რაც მას ეკუთვნის და მხოლოდ მისი ნებაა, დათანხმდება რესტრუქტურიზაციას თუ არა და მესამე: რუსეთს დასავლეთმა უარი უთხრა მისი ვალების რესტრუქტურიზაციაზე, ვინაიდან ეს ქვეყანა ზღაპრულ შემოსავალს იღებს ნავთობის გაძვირების შედეგად, ანუ ზემოქმედების ეს ბერკეტიც დასავლეთმა ხელიდან გაუშვა.
        შემდგომ რუსულ კრიზისამდე კი (ნავთობის გაიაფების კვალობაზე) მინიმუმ, ერთი წელია დარჩენილი. მაშასადამე, 2001 წლის ბიუჯეტი ამჟამად ბეწვს ჩამოეკიდა – ანუ იმ იმედს, რომ მიუხედავად რუსეთის უარისა, მოახდინოს საქართველოს ვალების რესტრუქტურიზაცია (არადა, რა არის რუსეთისათვის დღევანდელ პირობებში, საქართველოსგან ვალის მომსახურების სახით მიღებული 10-20 მილიონი დოლარი?) საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ გაგვწირავს და მიანც განაახლებს საქართველოსთან თანამშრომლობას.
        როგორც მინიმუმ, ნებას მაინც დართავს მსოფლიო ბანკსა და ევროკავშირს, გამოუყონ საქართველოს დაპირებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები და გრანტები. ასეთ შემთხვევაში, უშუალოდ სავალუტო ფონდის მორიგი კრედიტის დაკარგვა დიდი ტრაგედია არ იქნება, ვინაიდან უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში, ეროვნული ბანკის გონვირული და პრინციპული პოლიტიკის შედეგად, ქვეყნის სავალუტო რეზერვები 65 მილიონი დოლარით გაიზარდა იმის ხარჯზე, რომ შიდა ბაზარზე ეროვნულ ლარზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ბანკი აქტიურად ყიდულობდა დოლლარს.
        მაგრამ თუ სავალუტო ფონდი არც ამაზე წამოვიდა, მაშინ პარლამენტის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი იმთავითვე დაინგრევა, ვინაიდან დეფიციტის დაფარვა ფინანსთა სამინისტროს, ძირითადად, სწორედ ფინანსირების საგარეო წყაროებით ჰქონდა დაგეგმილი.
        ამ სიტუაციამ შეიძლება ქვეყანაში ძალზე მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს. მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც სახელისუფლებო ოლიმპზე იმაზე ძლიერი «შინაგანი ბიძგები» იგრძნობა, ვიდრე გუშინწინდელი მიწისძვრა – თბილისი რომ ერთიანად შეაზანზარა.

დილის გაზეთი, 16 დეკემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე