«ჩრდილოვანი ეკონომიკის წინააღმდეგ» - პლასტიკური ბარათებით
       

        გასულ კვირას საქართველოს მთავრობის «თათბირზე» (სხდომას ჟურნალისტები არ დაასწრეს) განიხილეს ერთობ საყურადღებო თემა: «ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზება».
        გაუგებარია, თავისუფალი მედიისთვის რატომ «დაიხურა» ეს თათბირი - იქ ხომ (სარწმუნო წყაროთა ცნობით) «სენსაციური» არაფერი თქმულა, არც კონკრეტული «ჩრდილოვანი საწარმოები» დასახელებულა და არც «ჩრდილოვანი მეწარმეები». ითქვა მხოლოდ ის, რაც ისედაც ყველასათვის ცნობილია: ყველა საექსპერტო გათვლით, საქართველოში «ჩრდილოვანი ეკონომიკის» წილი 40 პროცენტს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას, როგორც მინიმუმ, 40 პროცენტით მეტი ბიუჯეტი უნდა ჰქონდეს, ანუ იმდენი, რაც საკმარისია 5-6 წლის განმავლობაში ყველა საგარეო ვალის გასასტუმრებლად, გარდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის 30-წლიანი კრედიტებისა.
        მოხსენება «ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზების» შესახებ წარმოადგინა ეკონომიკის მინისტრმა ვანო ჩხარტიშვილმა. «ჩრდილოვანი ეკონომიკის» მაგალითებად მან, უპირველეს ყოვლისა, დაასახელა ქვეყანაში არსებული «თავისუფალი ეკონომიკური ზონები», ანუ ჩხარტიშვილს ეყო გამბედაობა, ეღიარებინა, რომ ასეთი ზონები საქართველოში არსებობს. ესენია: კონფლიქტური ზონები, ის რეგიონები, სადაც ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია სუსტად ვრცელდება, აგრეთვე ე.წ. «ბაზრობები» დიდ ქალაქებში. უკანასკნელი თითქოსდა წვრილმანია, მაგრამ, სინამდვილეში, ამ «ბაზრობებზე» ყოველთვიურად ათეულობით მილიონი დოლარი და ლარი ბრუნავს სრულიად უკონტროლოდ, იყიდება ფალსიფიცირებული, აღურიცხავი საქონელი (რაც მხოლოდ «ბაზრობებზე» შეიძლება გასაღდეს და არა «სუპერმარკეტებში» ან თუნდაც მაღაზიებში) და თითქმის მთლიანად იმალება შემოსავალი.
        იმავე წყაროს ცნობით, ეკონომიკის მინისტრი «ბაზრობების», საერთოდ, აკრძალვას მოითხოვს, რაც ერთობ რადიკალური ზომა იქნება, ვინაიდან ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ, «ჩრდილოვანი საწარმოებიც» გაჩერდებიან – რაკი მაღაზიებში აშკარად ვეღარ გაყიდიან საქონელს. თუმცა ბევრი დამკვირვებელიო ამ ზომას ილუზორულად მიიჩნევს - მართლაც, საეჭვოა, ხელისუფლებამ ამ ნაბიჯის გადადგმა გაბედოს, ვინაიდან ამას მოჰყვება ომი საქართველოში – ქუჩის ბრძოლებით, ბარიკადებით და ქალაქში მძიმე ტექნიკის გამოყვანით.
        ვანო ჩხარტიშვილმა, როგორც ცნობილმა ბანკირმა, სხვა წინადადებებიც შემოიტანა - კერძოდ, მისი აზრით, მიზანშეწონილი იქნებოდა ნაღდი ანგარიშსწორების საერთოდ აკრძალვა სამეწარმეო საქმიანობისას, ანუ მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების დანერგვა.
        რასაკვირველია, ეს ხელსაყრელია ბანკებისათვის. ასეთი ღონისძიების განხორციელება, მართლაც, ხელს შეუწყობდა აღრიცხვიანობის მოწესრიგებას, ოღონდ ამ ზომას საქართველოს ხელისუფლება ვერ გამოიყენებს, რადგან, ჯერ ერთი, ეს მონეტარისტული პრინციპების დარღვევა იქნება (რასაც სავალუტო ფონდი არასდროს დაეთანხმება), გარდა ამისა, ნებისმიერი მეწარმე მოიგებს პროცესს საკონსტიტუციო სასამართლოში - ანგარიშსწორების ფორმის კანონით განსაზღვრა (როცა საქმე კერძო სამეწარმეო ობიექტებსა და საკუთარ ფულს ეხება) არცთუ უსაფუძვლოდ აღიქმება კონსტიტუციის ფუნდამენტურ დებულებათა დარღვევად.
        გარდა ამისა, ვანო ჩხარტიშვილი მიზანშეწონილად მიიჩნევს საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასების დარიცხვას პლასტიკურ ბარათებზე (ანუ ნაღდი ფულის გაცემაზე უარის თქმას), მაგრამ უახლოეს წლებში ესეც საეჭვოა, განხორციელდეს, რადგან ასეთ შემთხვევაში «ფულის გამცემი აპარატები» (ბანკომატები) ყველაზე მიყრუებულ სოფლებშიც უნდა იდგეს. ამრიგად, რჩება ისევ მამაპაპური მეთოდი: აკრძალვა და «ცეხების დახურვა». ძველი მეთოდია, მაგრამ «ნაღდი».

მერიდიანი, 31 ივლისი, 2000 წელი

მთელ გვერდზე