ჭაჭია სიკვდილსაც დავიწყებია!
       

        პოსტსაბჭოურმა რეალობამ, როგორც ძველად იტყოდნენ, «ახალი ტიპის ქართველი» გამოიყვანა. ბუნებრივი გადარჩევის პროცესი ძირითადად მოსკოვში მიმდინარეობს და იგი, როგორც ჩანს, ერთობ მკაცრია, რაკი, მაგალითად, ჭაჭია და ჭკუასელი გარეგნობით, ხმის ტემბრით, განწყობითა და, რაც მთავარია, აზროვნების სტილით (მოტივაციაზე აღარაფერს ვამბობ) ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.
        პოლიტოლოგიის პროფესორი ალექსანდრე ჭაჭია კარგა ხანია არ შეგვხმიანებია, თუმცა, ამას წინათ «ნეზავისიმაია გაზეტა»-მ გამოაქვეყნა მისი მორიგი სტატია, რომლეშიც იგი რუსეთთან «კონფრონტაციის» გაგრძელების შემთხვევაში, საქართველოს «კატასტროფას» უწინასწარმეტყველებს.
        თავიც რომ დავანებოთ დანაშაულის პრეზუმფციას («საქართველო ებრძვის რუსეთს? საქართველო ესხმის თავს რუსეთს? საქართველომ წაგლიჯა რუსეთს შავიზღვისპირეთის 61 პროცენტი? საქართველო ბომბავდა და ბომბავს რუსეთს? საქართველო უკეტავს რუსეთს გაზის ონკან? საქართველომ მოუწყო რუსეთის პრეზიდენტს 2 ტერაქტი? ხოლო რუსეთი «მხოლოდ თავს იცავს»?), ჭაჭიას სტატიაში ერთი ძალზე საინტერესო მომენტია: პოლიტოლოგი წერს, რომ საქართველოში არ არსებობს ოპოზიცია, რაც სრული ჭეშმარიტებაა და შეუძლებელია, აქ ავტორს შეედავო.
        მართლაც, ჭაჭია ჯერ აღწერს «კატასტროფისწინა მდგომარეობას», შემდეგ კი აღიარებს: ყოველივე ამის მიუხედავად, საქართველოში რეალური ოპოზიცია არ არსებობსო.
        რა არის ამ უცნაური რეალობის მიზეზი?
        ძალიან მოკლედ თუ ვიტყვით, მიზეზი ის არის, რომ საქართველოში ვერავინ ბედავს «ალტერნატიული კურსის» შეთავაზებას, ვინაიდან, კურსი, რომელსაც ამჟამინდელი ხელისუფლება ატარებს, სინამდვილეში მისი ახირება კი არ არის, არამედ იმ საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიურ (აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ) დომინანტებს ეფუძნება, რაც თვით ქართულმა საზოგადოებამ შეიმუშავა უკანასკნელი წლებისა და ათწლეულების განმავლობაში.
        ამიტომ შეუძლებელია, შეიმუშავო «ალტერნატიული კურსი» ისე, რომ თვით ამ დომინანტებს არ დაუპირისპირდე.
        აქვე შევნიშნავ, რომ «დომინანტი», ამ შემთხვევაში, სრულებითაც არ გულისხმობს უმრავლესობის აზრს.
        აქედან გამოლმდინარე, «ოპოზიცია» საქართველოში არც იარსებებს, სანამ იგი ღიად არ დაუპირისპირდება ხსენებულ დომინანტებს.
        რაც შეეხება «რუსეთის მიმართ პოლიტიკას», ჭაჭია-ჭკუასელებს ერთი უცნაურობა სჭირთ: აკრიტიკებენ საგარეო პოლიტიკას, მაგრამ არ ამბობენ კონკრეტულად, თუ მათი აზრით, რა არ კეთდება სწორად, ან რა იქნება «სწორი».
        მაგალითად, ისინი არასდროს ამბობენ ღიად, რომ «არასწორია საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანა», ვინაიდან, როგორც კი პრეტენზია კონკრეტდება, უმალვე ჩნდება კონტრარგუმენტი და კონტრშეკითხვა: «მაშასადამე, სწორი იქნება ამ ბაზების საქართველოში დაკანონება - მერედა რას მიიღებს საქართველო სანაცვლოდ? რასაკვირველია, არაფერს!
        კიდევ ერთი კონკრეტული მაგალითი: საქართველოს დელეგაციამ ევროსაბჭოში გამოიჩინა კეთილი ნება და მხარი დაუჭირა რუსეთისათვის ხმის უფლების აღდგენას. ამის თაობაზე, საქართველოს დეპუტაციას, მოსკოვში ყოფნისას თხოვნით მიმართა პირადად რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ გენადი სელეზნიოვმა.
        კეთილი და პატიოსანი, - რამდენიმე დღის შემდეგ, ნიუ-იორკში უნდა გაიმართოს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილება საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსის პროექტი.
        ამ დოკუმენტს საქართველოსთვის იმ თვალსაზრისით აქვს მნიშვნელობა, რომ უნივერსალური ორგანიზაცია პირველად უყენებს პირობებს სეპარატისტებს. ისინი წინადადებებს, რასაკვირველია, უარყოფენ, რაც მათ წამგებიან მდგომარეობაში ჩააყენებს.
        წინა განხილვისას დოკუმენტი რუსეთმა «ჩააგდო». ვნახოთ, დაუჭერს თუ არა მხარს ამჯერად, როდესაც საქართველომ სტრასბურგში კეთილი ნება გამოამჟღავნა?
        ასეთი კონკრეტული მაგალითებით მსჯელობა უფრო პროდუქტიულია, ვიდრე უაზრო, უსაგნო და აბსტრაქტული გნიასი, რომ «საქართველო ვალდებულია ყველაფერი დათმოს, მაგრამ სანაცვლოდ არაფერი მიიღოს».

 

მთელ გვერდზე