ბოიკოტი! – საქართველოს ახალი საფრთხე ემუქრება; ზატულინისა და მიგრანიანის გასახარად

        ბლოკი «აღორძინება» კვლავინდებურად ცდილობს (არცთუ უშედეგოდ) ამომრჩევლის ცნობიერებაში დაადასტუროს და დააფიქსიროს მხოლოდ ორი პოლიტიკური პოლუსის არსებობა: «ან-ან».
        დუალისტური პოლიტიკური განწყობის შესაბამისად, ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე მოქმედებს ორი ძალა: «აღორძინებად» წოდებული ბათუმური ალიანსი და მოქალაქეთა კავშირი, რომელიც უფრო ცენტრალურ ხელისუფლებასთან ასოცირდება.
        თავიდანვე ნათელი იყო, რომ ამ ორი პოლიტიკური ძალის დაპირისპირება აუცილებლად გამოიწვევდა ურთიერთობათა გამწვავებას ცენტრსა და რეგიონს შორის. თუმცა ეს იმთავითვე ასეც იყო ჩაფიქრებული.
        «აღორძინების» რადიკალური ფრთა კვლავინდებურად სვამს საკითხს საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტის შესახებ. ეჭვი არავის ეპარება, რომ ბოიკოტი აუცილებლად შეიძენს რეგიონულ შეფერილობას – იმ გავლენის გათვალისწინებით, რაც საკუთრივ «აღორძინებას» აქვს აჭარაში.
        ეს ასე იქნება განურჩევლად ბოიკოტის ინიციატორთა პოლიტიკური მოტივაციისა. შეიძლება ასეთი მოტივი არც ჰქონდეთ, მაგრამ საქართველოს უახლესი ისტორიის გაკვეთილის მიხედვით, მთავარია არა მოტივი, არამედ შედეგი, ანუ ის, რაც რეალურად მოჰყვება ქმედებას.
        ნესტან კირთაძემ, ვინც ერთ დროს «შევარდნაძის გუნდში» იყო, ხოლო შემდეგ მოქკავშირის ოპოზიციონერთა ბანაკში გადაინაცვლა, წინა პარლამენტში გამოსვლისას აშკარა გულისტკივილით საინტერესო რამ თქვა: «მე ადრე ვამბობდი, რომ ოპოზიციონერობა არის ადვილი, მაგრამ როცა თავად აღმოვჩნდი ოპოზიციაში, მივხვდი: სინამდვილეში, ოპოზიციონერობა ძალზე ძნელია».
        აქ არ იგულისხმება მხოლოდ ის, რომ ოპოზიციონერს ხშირად უხდება საზოგადოებრივი აზრისა და «უმრავლესობის» წინააღმდეგ წასვლა. უფრო მნიშვნელოვანი სხვა გარემოებაა: ოპოზიცია აუცილებლად (აბა, რისთვის არსებობს) უნდა უპირისპირდებოდეს ხელისუფლებას, მაგრამ მან უნდა დაიცვას ზღვარი, რომლის მიღმა, ხელისუფლებასთან ერთად, მისი ქმედებით თვით სახელმწიფოსა და ქვეყანასაც მიაყენებს ზარალს.
        პოლიტიკა იმთავითვე უზნეობაა და ზნეობაზე პოლიტიკოსებთან საუბარი ელემენტარული სისულელეა. მით უმეტეს, სისულელეა ეს საქართველოში. ქართულმა პოლიტოკრატიამ, რომელიც ასპარეზზე 80-იანი წლების მიწურულს გამოვიდა, უზნეობისა და გათახსირების ყოველგვარი მსოფლიო საკაცობრიო რეკორდი მოხსნა.
        ამიტომ ასეთ საკითხებზე მათთან საუბარი არათუ ფუჭია, არამედ კონტრპროდუქტიულიც. ამდენად, ამომრჩეველს მართებს მეტი გონიერება, რათა განსაზღვროს, რას - რა შეიძლება მოჰყვეს, რათა ობიექტურად (შედეგით) ანტიეროვნულმა დაჯგუფებამ ხმების ის რაოდენობაც ვეღარასოდეს მიიღოს, რაც 31 ოქტომბრის არჩევნებში დააგროვა.
        მართლაც, რატომ არ გამოუცხადა ბოიკოტი (ამავე საარჩევნო კანონის მოქმედების პირობებში) «აღორძინებამ» 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და რატომ უცხადებს საპრეზიდენტოს? პასუხი ნათელია: იმიტომ, რომ განსხვავებით საპარლამენტო არჩევნებისაგან, საპრეზიდენტო არჩევნებში შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი გამარჯვებულიო და შეუძლებელია სახელისუფლო უმცირესობაში აღმოჩნდე.
        «აღორძინების» ბლოკის ძალზე მნიშვნელოვან ნაწილს (არ ვგულისხმობ, რასაკვირველია, «ტრადიციონალისტებსა» და «სოციალისტებს») 31 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება და საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება, სინამდვილეში, არც სურდათ.
        მათ სავსებით აკმაყოფილებდათ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი. მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება უკვე ძალიან სერიოზული პოლიტიკური მარცხი იქნება. ამიტომ, გამორიცხულია, ასლან აბაშიძემ მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში.
        ამიტომაც იძებნება საბაბი, რათა «აღორძინებამ» არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. მეთოდი იმთავითვე არარეალური და შეუსრულებელი მოთხოვნების წამოყენებაა.
        რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობა არაფრის დიდებით არ დათანხმდება, რომ საარჩევნო კომისიებში მის ნაცვლად უმრავლესობა «მოსისხლე ოპოზიციას» ჰქონდეს. ამას არც ერთი პარტია არ დათანხმდებოდა არც ერთ ქვეყანაში. ასეთივე არარეალური მოთხოვნაა ვიცეპრეზიდენტის პოსტის შემოღება და ა.შ.
        თუმცა ეს არ არის მთავარი. ბოლოს და ბოლოს, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები უშუალოდ არც ერთ პარტიას არ უკავშირდება.
        მთავარი ის გახლავთ, რომ ბოიკოტი დღევანდელ პირობებში აუცილებლად ეჭვქვეშ დააყენებს საქართველოს იურისდიქციას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საერთაშორისო-სამართლებრივი თვალსაზრისითაც კი.
        რუსული პრესა უკვე აქტიურად ამუშავებს საქართველოსა და აჭარის «რესპუბლიკათშორისი» ურთიერთობების თემას, იმავე კონტექტსში, იმავე ტონალობაში, როგორც ადრე ამუშავებდა «აფხაზეთს» და «სამხრეთ ოსეთს».
        «აღორძინების» ბოიკოტი, უეჭველად იმას ნიშნავს, რომ აჭარის მოსახლეობა არ მივა საპრეზიდენტო არჩევნებზე. შესაძლოა, ამომრჩევლის ნაწილი საქართველოს სხვა რეგიონებშიც მეტ-ნაკლებად აჰყვეს ბოიკოტს, მაგრამ ეს არ არის საშიში, ვინაიდან ბოიკოტი მხოლოდ ნაწილობრივ იქნება. აჭარაში კი, თუ «აღორძინება» მოუწოდებს: «ჩვენ ბოიკოტს ვაცხადებთ, მაგრამ თქვენ მაინც მიდით, არ გიშლით და ვინც გნებავთ, ის აირჩიეთო», აჭარის მოსახლეობას შეეშინდება, რადგან ჩათვლის, რომ ვინც მივა, იმას, უეჭველად «დაიმახსოვრებენ» და, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გადაუხდიან სამაგიეროს, ან რაღაცაში ხელი შეეშლება – ერთი სიტყვით, რატომ აიტკივებს აუტკივარ თავს?
        არმისვლით არანაირი პრობლემა არ შეექმნება. მისვლით შეიძლება რაღაც პრობლემა შეექმნას. – რას აირჩევს?
        აჭარაში ბოიკოტის წარმატება შესანიშნავ საბაბს მისცემს საქართველოს დაუძინებელ მტრებს რუსეთში, დაიწყონ მტკიცება, რომ საქართველოს ხელისუფლებას არა აქვს უფლება ილაპარაკოს აჭარის ავტონომიის სახელით, ვინაიდან «რეგიონული ბოიკოტი» არის უარყოფა არა კონკრეტული პიროვნების (ვთქვათ, ედუარდ შევარდნაძის), არამედ თვით ინსტიტუტის (საპრეზიდენტო ინსტიტუტის) ძალმოსილებისა ამ ტერიტორიაზე.
        ამდენად, დღევანდელ პირობებში ბოიკოტი ნამდვილად უსაზიზღრესი დანაშაულია არა შევარდნაძის ან მოქკავშირის, არამედ ქვეყნის წინაშე.

მერიდიანი, 16 თებერვალი, 2000 წელი

მთელ გვერდზე