ვინ იტყვის უარს ბიზნესმენთა საბჭოს წევრობაზე

        სახელმწიფო კანცელარიიდან მიღებული ინფორმაციით, სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს პრეზიდენტთან ეგრეთ წოდებულ «ბიზნესმენთა საბჭოს» შექმნის იდეა.
        ასეთ შესაძლებლობას არ გამორიცხავენ ედუარდ შევარდნაძის თანაშემწეები ეკონომიკურ საკითხებში: თემურ ბასილია, გიორგი გაჩეჩილაძე და მირიან გოგიაშვილი. იდეამ მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზეც გაიჟღერა და პრეზიდენტის თანხმობამაც არ დააყოვნა.
        დამკვირვებლებმა ყურადღება მიაქციეს იმ გარემოებას, რომ კონსტიტუციით, პრეზიდენტს აქვს უფლება, შექმნას სხვადასხვა «საკონსულტაციო ორგანო», საბჭოები და კომისიები, თუმცა, ამ უფლებით ედუარდ შევარდნაძეს არც ერთხელ არ უსარგებლია (არც ერთ სფეროში, თუ არ ჩავთვლით დროებით კომისიებს), რასაც თავისი მიზეზი ჰქონდა: ყველა დაინტერესებული, გავლენიანი ფიგურისა და «სოციალური სეგმენტის» სისტემაში მოქცევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
        მაგრამ თვით შევარდნაძემ, როგორც ჩანს, მიიჩნია, რომ ვითარება «მომწიფდა». უკვე მუშაობას შეუდგა «ახალი ეკონომიკური გუნდი», ხოლო პარლამენტში «მეწარმეებს» უპრეცედენტოდ ძლიერი და გავლენიანი წარმომადგენლობა («ლობი» - თუმცა უშუალო წარმომადგენლობას ეს ტერმინი, ალბათ, არ ერგება) ჰყავს, რომლის კონსოლიდირება- სტრუქტურიზების პროცესი განუხრელად მიმდინარეობს.
        აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი, ალბათ, შეეცდება მაქსიმალურად გააფართოვოს «წარმომადგენლობის» სპექტრი. წინასწარი ინფორმაციით, «მეწარმეთა საბჭოში», რომლის ფორმირებაც, ალბათ, სექტემბერში დასრულდება, გაწევრიანდებიან ყველაზე გავლენიანი და «შემძლე» (აქ მხოლოდ კაპიტალის ოდენობა არ იგულისხმება) ბიზნესმენები – არა მხოლოდ «მრეწველები, არამედ იმპორტიორებიც».
        როგორც ჩანს, აქ ნავარაუდევია «კაპიტალის ურთიეთრგაწონასწორება», თუმცა ედუარდ შევარდნაძე ასეთ წვრილმანებზე არ «მოცდებოდა» - მთავარი ფუნქცია, რომელიც საბჭომ უნდა შეასრულოს, უეჭველად იქნება ახალი საგადასახადო კოდექსის მომზადება ან მოქმედ კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა.
        «ბიზნესმენთა საბჭო» ამჯერად არა მხოლოდ წინადადებებს შეიმუშავებს, არამედ, გარკვეულწილად, პასუხისმგებლობასაც იკისრებს შედეგებზე.
        თუმცა, კომპეტენტურ წყაროთა მტკიცებით, «ბიზნესმენთა საბჭო» მხოლოდ და მხოლოდ საკონსულტაციო ორგანო იქნება და პრეზიდენტს არანაირად არ «ევალდებულება», გაიზიაროს მისი წინადადებები. ძნელი გასათვლელი არ არის, როგორ განვითარდება მოვლენები: «საბჭოს» წინადადებითა და მისივე პროპაგანდით (რათა შემდგომ ვეღარ შეძლონ პასუხისმგებლობის თავიდან აცილება), შეიძლება შემცირდეს სოციალური გადასახადები, რაც ბიუჯეტის შესაბამისი (მაგრამ მხოლოდ შესაბამისი) ხარჯების შემცირებას გამოიწვევს.
        მეორე მხრივ კი, «ბიზნესმენთა ელიტა» ვერაფრის დიდებით ვერ მიაღწევს თვით ეკონომიკური კურსის შეცვლას – ლაპარაკი ზედმეტია «პატერნალიზმსა» და «პროტექციონიზმზე»- მით უმეტეს, სავალუტო ფონდთან ურთიერთობის გაწყვეტასა და (ღმერთმა დაგვიფაროს) «შეღავათიან კრედიტებზე» - რაც «კავკასიის ბირჟის» ეპოქაში დაგვაბრუნებს.
        პრეზიდენტთან არსებული სამეწარმეო საბჭო მხოლოდ გააფორმებს არსებულ ეკონომიკურ კურსს, თუმცა, საეჭვოა, რომელიმე ცნობილმა ბიზნესმენმა უარი თქვას ამის გამო საბჭოში მონაწილეობაზე (თუნდაც კრიტიკული გამოსვლებით), ვინაიდან ეს პრეზიდენტთან მეტისმეტად მკვეთრი დაპირისპირება იქნება.

დილის გაზეთი, 5 აგვისტო, 2000 წელი

მთელ გვერდზე