ბიუჯეტმა კისერი გამოიჭრა

        გუშინ სახელმწიფო კანცელარიაში გვიანობამდე გაგრძელდა «საგანგებო საფინანსო კომისიის» სხდომა, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი გია არსენიშვილი ხელმძღვანელობდა. კომისია დახურულ კარს მიღმა მუშაობდა, ანუ ჟურნალისტები ახლოსაც არ გაგვაკარეს. საღამოს 9 საათზეც არ იყო ცნობილი, მიიღებდა თუ არა პრეზიდენტი სხდომის მონაწილეებს. ზოგიერთი ცნობით, «საგანგებო კომისიის სხდომა» მძვინვარე დებატებით მიმდინარეობდა, რაც არ არის გასაკვირი - ძირითადად, საბიუჯეტო შემოსავლებისა და სეკვესტრის საკითხები განიხილებოდა.
        ჯერ კიდევ «საგანგებო საფინანსო კომისიის» სხდომამდე, ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი უნდა შემცირდეს 684 მილიონ 500 ათასი ლარიდან 526 მილიონ 600 ათას ლარამდე, ანუ თითქმის 158 მილიონი ლარით. მათ შორის, საგადასახადო შემოსავლები – 98 მილიონ 500 ათასი ლარით. არასაგადასახადო შემოსავლები – 3 მილიონ 200 ათასი ლარით, ხოლო უცხოური გრანტები - 56 მილიონი ლარით.
        აჭარის ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემები ცენტრალურ ბიუჯეტს კიდევ 13 მილიონ 700 ათას ლარს მოაკლებს.
        საქართველო იძულებულია, უარი თქვას ევროკომისიიდან განსაკუთრებული ფინანსური დახმარების გრანტის მიღებაზეც 42,2 მილიონი ლარის ოდენობით.
        ყოველივეს მიზეზი კი 2000 წლის ბიუჯეტის «სტრუქტურული სისუსტეა», ანუ დაუბალანსებლობა. ბიუჯეტმა ბევრი ისეთი ხარჯი გაითვალისწინა, რისი დაფინანსებაც მას, უბრალოდ, არც შეეძლო.
        ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთა ცნობით, საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლების ოდენობა (სეკვესტრის გათვალისწინებით) თითქმის 500 მილიონი ლარი იქნება. მათ შორის, «საგადასახადო შემოსავლები» - 446 მილიონ 300 ათასი ლარი. «საგადასახადო შემოსავლები» შემცირებულია თითქმის 125 მილიონი ლარით. ფანტასტიკურად შემცირდა (თუ ამას «შემცირება» ჰქვია) პრივატიზებიდან მისაღები თანხები: ნაცვლად დაგეგმილი 100 მილიონისა, ბიუჯეტი წლის ბოლოსთვის მხოლოდ 10 მილიონ ლარს მიიღებს. ძირითადი პრობლემა ისევ და ისევ «ტელეკომის» პრივატიზების პროცესია. მართალია, ეროვნული ბანკი უფრო მეტ სახსრებს გამოყოფს კრედიტის სახით (65 მილიონი ლარი), მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ თანხა საგარეო ვალების მომსახურებას უნდა მოხმარდეს.
        საერთოდ კი (თუ შევაჯამებთ), 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მილიარდ 500 მილიონი ლარიდან მცირდება 766 მილიონ ლარამდე. ძირითადი მიზეზი ისევ და ისევ კონტრაბანდა-ფალსიფიკაციაა. სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, სეკვესტრი არ შეეხებათ მხოლოდ დაცულ მუხლებს (პენსიებსა და ხელფასებს), ისიც მხოლოდ წლევანდელ დავალიანებას.

დილის გაზეთი, 4 ივლისი, 2000 წელი

მთელ გვერდზე