2001 წლის ბიუჯეტი, როგორც პოლიტიკური ლაკმუსი

        გუშინ პარლამენტი შეუდგა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას, რომელიც საკონსტიტუციო ვადების სრული დაცვით შევიდა საკანონმდებლო ორგანოში.
        მაგრას ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროექტი ვადების «სრული დაცვით» წარედგინება პარლამენტს, ოღონდ იურიდიული პედანტურობა წმინა წყლის ფორმალობად იქცევა, ვინაიდან ყოველთვის ჩნდებოდა საფუძველი ბიუჯეტის პროექტის ძირფესვიანი გადამუშავებისა.
        შედეგად, საბოლოოდ მიღებული «ძირითადი ეკონომიკური კანონი» თვისებრივად განსხვავდებოდა თავდაპირველი ვარიანტისგან.
        ამ ტენდენციის მიზეზი ის გახლავთ, რომ ბიუჯეტის პროექტი, ძირითადად, აგვისტო-სექტემბერში იგეგმება, როდესაც მიმდინარე წლის შედეგები ჯერ გამოკვეთილი არ არის.
        ყოველწლიურად ოქტომბერ-ნოემბერში ჩამოდის სავალუტო ფონდის მისია, რომელიც ჩვენი ფინანსისტების ოპტიმიზმს აქარვებს მკაცრ რეალობაზე მითითებით.
        ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, სავალუტო ფონდის პესიმისტური პროგნოზი არ გამართლებულიყო. მაშინაც კი, როდესაც ქართული მხარე ამ პროგნოზს საკუთარ შესაძლებლობათა დაკნინებად აღიქვამდა.
        შეგახსენებთ, კლასიკურ მაგალითად აღიარებულ 1997 წელს, როდესაც ფინანსთა სამინისტრომ იმდენად «სისულელედ მიიჩნია» სავალუტო ფონდის პესიმიზმი, რომ ფორმალურად კი დაიცვა შეთანხმებული პარამეტრები, მაგრამ ცალკე 160-მილიონიანი «საპრეზიდენტო პროგრამა» შეიმუშავა.
        შედეგად, არათუ ეს პროგრამა ვერ შესრულდა, არამედ ბიუჯეტიცკი! ამის შემდეგ ფონდმა პირველად მკაცრად გააფრთხილა საქართველოს მთავრობა. ამ შემთხვევის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების ოპტიმიზმმა იკლო, მაგრამ ბიუჯეტი ქრონიკულად არ სრულდება, ხოლო ფონდი ჯიუტად და პრინციპულად მოითხოვს «ძლიერ ბიუჯეტს». იგულისხმება მკაცრად დაბალანსებული, ანუ უდეფიციტო ბიუჯეტი.
        წელსაც იგივე მეორდება. სავალუტო ფონდის მისია გაეცნო «ქამარმოჭერილი» ბიუჯეტის პროექტს და კატეგორიულად მოითხოვა დეფიციტის შემცირება.
        როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტროს პროექტით დეფიციტი ოდნავ აჭარბებდა 250 მილიონ ლარს (შემოსავლები – მილიარდ 50 მილიონი, ხარჯები- მილიარდ 30 მილიონი ლარი), ფონდს კვლავ მიაჩნია, რომ ბიუჯეტი არ არის დაბალანსებული.
        უფრო ზუსტად, «დაბალანსებულია» უცხოური კრედიტებისა და გრანტების ხარჯზე».
        ასეთ პირობებში, ფინანსთა სამინისტრო უმძიმეს პირობებში ვარდება: ამჟამინდელი საბიუჯეტო პარამეტრებიც კი (ხარჯვით ნაწილში) ძლივ-ძლივობით შეთანხმდა მთავრობაში და ლამის პოლიტიკური კრიზისის მიზეზი გახდა.
        სწორედ ეს პროექტი წარედგინა პარლამენტს 1 ოქტომბრამდე (კონსტიტუციის შესაბამისად), მაგრამ თუ საქართველოს სურს, ფონდთან და (შესაბამისად, სხვა დონორ ორგანიზაციებთან) ურთიერთობის განახლება, ბიუჯეტის პროექტის შეცვლა გარდაუვალია.
        სწორედ ეს იქცა გუშინ შეხლა-შემოხლის უმთავრეს მიზეზად. პროექტის «შეცვლა» ხომ «ხარჯების შემცირებას» გულისხმობს, ეს ყველასთვის იმთავითვე ნათელი იყო, მაგრამ შემცირება «დაცულ მუხლებს» ვერ შეეხება.
        მაშასადამე, შემცირდება «არამწარმოებლური მიმართულებები», ანუ ძალისმიერი სტრუქტურები.
        ამ სისტემის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს მძვინვარე პროტესტი და ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებენ მთავრობის სხდომებზე.
        აგრეთვე, შეეცდებიან, ჩართონ პროცესში პრეზიდენტი, მაგრამ თუ ხარჯები არ შემცირდება, დეკემბერში სავალუტო ფონდი ვაშინგტონში უარყოფით გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს კი ბიუჯეტს მთლიანად დაანგრევს.
        ერთი სიყტვით, ვაის შევეყარე – ვუის გავეყარე, ან პირიქით.
        რაც შეეხება «საბიუჯეტო პროცესის» მიმდინარეობას პარლამენტში, 2001 წლის ბიუჯეტის პროექტი პირველი «სინჯი» გახდება ამჟამინდელი (ანუ ახალი) ძალთა განლაგებისა საკანონმდებლო ორგანოში.
        2000 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა ახლად არჩეულმა პარლამენტმა, როდესაც ძალთა გადანაწილება ჯერ არ იყო დაწყებული.
        მომავალი წლის ბიუჯეტი კი ახალი ბრძოლის ველზე ხვდება და პოლიტიკურ ძალთა თვითდამკვიდრების საბაბად თუ მექანიზმად იქცევა.

დილის გაზეთი, 1 ნოემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე