«ბალანსირება» მთავრდება. 1995 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალი «ოლიგარქიული კონსტრუქცია» პირწმინდად დაიმსხვრევა

        რომელიღაც დიდ მოღვაწეს უთქვამს, რომ პოლიტიკოსის ნიჭი უპირველესად მოთმინებით განისაზღვრება. ანუ არა სიმტკიცით, შორსმჭვრეტელობით, სიმკაცრით, არამედ სწორედ მოთმინებით _ ვინაიდან მოთმინება თავისთავად მოიცავს ყველა ამ თვისებას. მოთმინებიდან გამომდინარეობს სწორედ «პაუზის» უნარი, რაც სახელისუფლებო ტექნოლოგიის განუყოფელი, თავისთავადი ნაწილია.
        ედუარდ შევარდნაძე ამ ხელოვნებას უზადოდ ფლობს, რაც ბოლოდროინდელ მოვლენებშიც გამომჟღავნდა. დღემდე ვერავინ იტყვის დანამდვილებით, რას უპირებს პრეზიდენტი მთავრობას, ან თუნდაც სახელმწიფო მინისტრს. ზუსტ პასუხს ამაზე ალბათ ვერც იმ შეკრებათა მონაწილენი გაგვცემენ, რომლებიც უშუალოდ ესწრებოდნენ პრეზიდენტის შეხვედრას მინისტრებთან და საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელებთან.
        პარლამენტარები დარწმუნებულნი არიან, რომ ედუარდ შევარდნაძემ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება მთავრობის «ძირფესვიანად გადახალისების» შესახებ – მათ შორის, სახელმწიფო მინისტრის საკითხიც «უარყოფითად გადაწყდა», მაგრამ თვით პრეზიდენტი ამ თემაზე ჯერჯერობით დუმს. არ ტარდება ტრადიციული რადიოინტერვიუები და ბრიფინგები, რომელთა მსვლელობისას, ჟურნალისტებს ჰქონდათ საშუალება მისთვის პირდაპირ დაესვათ კითხვა. ამან ხელი შეუწყო «პაუზის» გაგრძელებას, თუმცა, იმავე ტექნოლოგიის შესაბამისად, მასაც გარკვეული ზღვარი აქვს. ალბათ ორშაბათს ან სამშაბათს პრეზიდენტი უკვე იტყვის სათქმელს, აშკარად მორიგი რადიოინტერვიუს დროს ან ჟურნალისტებთან სპეციალურად მოწყობილ შეხვედრაზე.
        მომავალი კვირის ბოლოს კი მთავრობის «ახალი» შემადგენლობა ნამდვილად «გამოიკვეთება» - მათ შორის სახელმწიფო მინისტრის პრობლემაც გაირკვევა. თუ სიმართლეს შეესაბამება ის ცნობა (ოფიციალურად იგი ჯერ არ დადასტურებულა), რომ ედუარდ შევარდნაძე დაეთანხმა პარლამენტის ხელმძღვანელობის მოთხოვნას სახელმწიფო მინისტრის გადაყენების შესახებ, მაშინ მოვლენათა შემდგომი განვითარების რამდენიმე შესაძლო ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ: ვაჟა ლორთქიფანიძეს შესთავაზებენ «პოლიტიკურად საპატიო თანამდებობას» მმართველ პარტიაში – ისევე, როგორც თავის დროზე ნიკო ლეკიშვილს.
        სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ ნიკო ლეკიშვილი ამჟამინდელი სახელმწიფო მინისტრის ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური მოწინააღმდეგე აღმოჩნდა. სატელევიზიო ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მისი მინისტრობისას «გარღვევა სულ 8 მილიონი იყო, ამჟამად კი 300 მილიონია». იგივე გაიმეორა პრეზიდენტთან შეხვედრის დროს.
        როგორც ცნობილია, ნიკო ლეკიშვილი საქართველოში საბიუჯეტო კრიზისის აფეთქებამდე გადადგა, რის შემდეგ ვითარება გამოსწორების ნაცვლად კიდევ უფრო გართულდა – ამით იგი რაღაც თვალსაზრისით რუსეთის პრემიერ-მინისტრ ჩერნომირდინს დაემსგავსა. თუმცა, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პოლიტიკიდან არ წასულა – მან დაიკავა ჯერ მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილის, შემდეგ კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტი. დაახლოებით იმასვე შესთავაზებენ უეჭველად ვაჟა ლორთქიფანიძეს, რომელიც მოქალაქეთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელია. შესაძლოა მან დაიკავოს პარტიის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი – თუ, რასაკვირველია, თვითონ მოისურვებს.
        მეორე სცენარი გულისხმობს სახელმწიფო «მინისტრის წინააღმდეგობას – თუ პრეზიდენტმა მაინც წარადგინა მისი კანდიდატურა პარლამენტში (რაც გამორიცხული არ არის), მმართველი პარტიის უდიდესი ნაწილი მას მხარს არ დაუჭერს. შესაძლოა ამ საფუძველზე მოხდეს ფარული განხეთქილება მოქალაქეთა კავშირში და კენჭისყრისას ლორთქიფანიძეს მისი პარტიის ნაწილმა მაინც მხარი დაუჭიროს. უეჭველად დაუჭერს მხარს ოპოზიციის ნაწილიც (ისინი ამას ღიად აცხადებენ), რათა გააღვივონ დაპირისპირება «მოწინააღმდეგეთა» ბანაკში, მაგრამ მოვლენათა ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში ვითარება ხელისუფლებაში ძალზე დაიძაბება – რაც ნამდვილად არ აძლევს ხელს მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს.
        თანაც, იგულისხმება, რომ ვაჟა ლორთქიფანიძემ პოლიტიკური განცხადებებიც უნდა გააკეთოს, რაც უკვე გამორიცხავს მის დაბრუნებას მმართველი პარტიის ელიტაში და «ოპოზიციაში» გადასვლას გულისხმობს.
        ლორთქიფანიძეს საკმარისი «სახელისუფლო ქარიზმა» აქვს მოსახლეობის ერთ ნაწილში, რათა მის მიერ (სავარაუდოდ) ჩამოყალიბებული ოპოზიციური პარტია, არ იქცეს «მარგინალურ პარტიად», მაგრამ ეს არ არის საკმარისი ჭეშმარიტად გავლენიანი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად. ძალიან ძნელად წარმოსადგენია ვაჟა ლორთქიფანიძე «ბათუმურ ორბიტაზე» - გარდა ამისა, პოლიტიკური სპექტრის ოპოზიციურ ფლანგზე ყველა სეგმენტი დაკავებულია გარდა ერთისა - «ერეკლე II-ის სახელობის საზოგადოება», ვახტანგ გოგუაძესთან და ვალერი კვარაცხელიასთან ერთად.
        ოღონდ ისევ და ისევ, - მოინდომებს კი ამას თავად ვაჟა ლორთქიფანიძე? – ძალზე საეჭვოა! სავარაუდოდ, სამი-ორის წინააღმდეგ, იგი მაინც შეეცდება დარჩეს მმართველი პარტიის ელიტაში, მაგრამ ამისთვის აუცილებელი გახდება «დინების წაყოლა».
        ამ მომენტში გამოჩნდება სწორედ, რამდენად პრაგმატული პოლიტიკოსია ვაჟა ლორთქიფანიძე: თუ იგი პრაგმატულ ქმედებას გადაწყვეტს, მაშინ თვითონ სთხოვს პრეზიდენტს, აღარ წარადგინოს კანდიდატურა პარლამენტში განსახილველად, ვინაიდან საპარლამენტო ფრაქციის ლიდერებმა «გადალახეს რუბიკონი» და უკან ვეღარ დაიხევენ. ვაჟა ლორთქიფანიძე არ არის «სკანდალური» ფიგურა და საეჭვოა მას «სკანდალი» ხელს აძლევდეს – მით უმეტეს, მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი წლით ადრე. დრო კი ყველაზე მეტად «მსახვრალია» სწორედ პოლიტიკური მოღვაწისათვის.
        ბუნებრივია, სახელმწიფო მინისტრს «მიჰყვება» მთელიო ეკონომიკური ბლოკი. მათ შორის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები, რომლებიც აგრეთვე მოქალაქეთა კავშირის აქტიური წევრები და პროტეჟეები იყვნენ. თანამდებობები ახალ მთავრობაში გარანტირებული აქვთ მხოლოდ «ძალოვან მინისტრებს», ანუ შინაგან საქმეთა, თავდაცვის, უშიშროების უწყებათა ხელმძღვანელებს, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსს და გენერალურ პროკურორს.
        დანარჩენთა საკითხი «სათუოა» - როგორც ჩანს, სკანდალი გარდაუვალია სოფლის მეურნეობის მინისტრთან დაკავშირებით: ბაკურ გულუა «ნებით არ დათმობს» და იმას მაინც მიაღწევს, რომ პრეზიდენტმა წარადგინოს მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად პარლამენტში. პრეზიდენტმა მისი დარწმუნება ვერ შეძლო – ამას მოჰყვება გულუას კანდიდატურის «ჩაგდება» და ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრის პოლიტიკური მოღვაწეობის ახალი ეტაპის დასაწყისი – ამჯერად ოპოზიციაში.
        ყველაზე მთავარი მაინც ახალი სახელმწიფო მინისტრის ვინაობაა. უკვე ასახელებენ რამდენიმე კანდიდატურას, მათ შორის გია არსენიშვილს, მიხეილ მაჭავარიანს, ვანო ჩხარტიშვილს, ვანო ზოდელავას, ზოგჯერ «სხვას» - არ არის გამორიცხული სრულიად ახალი ფიგურის გამოჩენაც, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება მოღვაწე, რომელიც იკისრებს პასუხისმგებლობას შიდაპოლიტიკური კურსის გარდაუვალი გამკაცრებისათვის.
        უკვე გარდაუვალი ხდება მკვეთრი განხეთქილება «ოლიგარქიაში», რომელიც დღემდე ასე თუ ისე ახერხებდა წონასწორობის დაცვას შევარდნაძე-ჟვანია-ლორთქიფანიძე-აბაშიძის პოლიტიკურ ოთხკუთხედში. «ბალანსირება» მთავრდება – შემდეგი «პოლიტიკური ხუთწლედი» იქნება ძალზე რადიკალური გადაწყვეტილებების პერიოდი, როდესაც პირწმინდად დაიმსხვრევა 1995 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალი «ოლიგარქიული კონსტრუქცია» და ბევრი ან ციხეში ამოჰყოფს თავს, ან ემიგრაციაში.

7 დღე, 5 მაისი, 2000 წელი

მთელ გვერდზე