ასლანს პრეზიდენტობა რად უნდა? - ასლანი უკვე პრეზიდენტია!

        გუშინ საქართველოს პრეზიდენტი ბათუმს ეწვია.
        როგორც ჩანს, ეს ვიზიტი სულ რაღაც სამი დღის განმავლობაში მომზადდა. ყოველ შემთხვევაში, კვირა საღამომდე ჯერ არავინ იცოდა, კონკრეტულად როდის გაემგზავრებოდა შევარდნაძე ბათუმში, თუმცა ცნობილი გახდა, რომ გასული კვირის განმავლობაში ყველასათვის მოულოდნელად, ასლან აბაშიძემ რამდენჯერმე დაურეკა პრეზიდენტს და აჭარაში ჩასვლა სთხოვა.
        ასეც რომ არ ყოფილიყო, შევარდნაძე წინასაარჩევნო პერიოდში აჭარაში აუცილებლად ჩავიდოდა და წინ, რა თქმა უნდა, ვერავინ აღუდგებოდა (ასეთი წინააღმდეგობა უკვე მეტისმეტი იქნებოდა), მაგრამ როდესაც ეს ხდება თვით «აღორძინების» ლიდერის მიწვევით – ვითარება უკვე სულ სხვა ელფერს იძენს.
        მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ პრეზიდენტის აჭარაში მიწვევისთანავე ჯუმბერ პატიაშვილმა განაცხადი შეიტანა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (უკანასკნელ დღეს) და ამით «გახსნა კარტი», ანუ ნათელყო, რა თამაშს თამაშობდა ასლან აბაშიძე: მას შემდეგ, რაც «აღორძინების ბლოკის» სამმა სუბიექტმა (ხუთიდან) მიაღწია სეპარატისტულ გარიგებას მმართველ პარტიასთან (რამაც ასლან აბაშიძე აშკარად ძალიან გააღიზიანა) მოვლენები შეიძლებოდა მხოლოდ ერთი სცენარით განვითარებულიყო: ასლან აბაშიძე მაინც არ მიიღებდა მონაწილეობას არჩევნებში (მიუხედავად მოქკავშირის დათმობისა), რაც სრულებით გაუგებარი იქნებოდა მისი მომხრეებისათვის, ხოლო აღორძინების ბლოკი დარჩებოდა, საერთოდ, კანდიდატის გარეშე, ვინაიდან შაბათს იწურებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადთა შეტანის ვადა.
        ახლა ნუ დავიწყებთ მსჯელობას იმის თაობაზე, რა სჯობდა ოპოზიციისათვის, - ეს ვარიანტი, თუ ის ტრაგიკომიკური ვითარება, ყოფილი ზვიადისტური და ეროვნული პარტიები ჯუმბერ პატიაშვილს რომ უჭერენ მხარს.
        რაც მთავარია, მოსახდენი მოხდა, - ჯუმბერ პატრიაშვილი რეგისტრირებულია და მან დროზე მოასწრო. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში განგაში სწორედ ბლოკის შედარებით გონიერმა და ჭკვიანმა ნაწილმა (მათ შორის, ვახტანგ რჩეულიშვილმა) ატეხა, რომელიც მიხვდა, რომ ასლან აბაშიძე არ აპირებდა მონაწილეობას არჩევნებში და ედუარდ შევარდნაძესთან სტრატეგიული კომპრომისისათვის ემზადებოდა.
        ასეთი ვითარების ჩამოყალიბება-დამკვიდრება კატასტროფული იქნებოდა აღორძინების ბლოკისათვის. ამიტომ აბაშიძის პატიაშვილით ჩანაცვლება დროზე მოასწრეს და «სახალხოსთანაც» გამართეს მოლაპარაკებები. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ «სახალხოელი» გია მჭედლიძე შეირჩა ჯუმბერ პატიაშვილის რწმუნებულად და ნდობით აღჭურვილ პირად.
        ამრიგად, ბლოკი თითქოს გადაურჩა შერცხვენასა და აშკარა შიდა კონფრონტაციას, მაგრამ მხოლოდ ტაქტიკური (არა სტრატეგიული) თვალსაზრისით.
        ჯუმბერ პატიაშვილი და ასლან აბაშიძე ერთი და იგივე არ არის არც პროტესტული ელექტორატის კონსოლიდირების, არც თვით «აღორძინების ბლოკის» ერთიანობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ამ მხრივ პატიაშვილი აბაშიძეს ნამდვილად ვერ შეცვლის, მაგრამ საქმეც სწორედ ის გახლავთ (ეს არის «აღორძინების ბლოკის» მთავარი უბედურება), რომ ასლან აბაშიძეს, სინამდვილეში, საქართველოს პრეზიდენტობა არც უფიქრია ოდესმე. მთელი პოლიტიკური თამაში, რაც მან წამოიწყო 1997 წლის ზაფხულიდან (პარლამენტში «აღორძინების» ფრაქციის გახლეჩისა და ედვარდ სურმანიძის ფიგურის გაძლიერებისთანავე), ერთადერთ მიზანს ისახავდა: განემტკიცებინა პოზიციები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და უზრუნველეყო ამ თვალსაზრისით ედუარდ შევარდნაძის მხარდაჭერა.
        ამ მიზანს მან უეჭველად, მიაღწია: ედუარდ შევარდნაძის ბათუმში ვიზიტისას საბოლოოდ გაფორმდა სტრატეგიული კომპრომისი. ასლან აბაშიძე (რომელსაც, ვიმეორებ, თავიდანვე არაფერი აინტერესებდა აჭარაში ხელისუფლების მტკიცედ პყრობის გარდა) ედუარდ შევარდნაძეს ხელისუფლებას არ ეცილება.
        იმთავითვე ცხადია, რომ ჯუმბერ პატიაშვილი მხოლოდ ნომინალური ოპონენტი იქნება. მისი პოზიციები ამ თვალსაზრისით გაცილებით სუსტია, ვიდრე თუნდაც 1995 წელს. საქართველოს მაშტაბით, ასლან აბაშიძის პოტენციური ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი მას ხმას არ მისცემს და 9 აპრილის ტრაგედია აქ მთავარი არ არის, უბრალოდ, ჯუმბერ პატიაშვილი გაცილებით ნაკლებად აღიქმება «ალტერნატივა» და მესამე გზად (გამსახურდია-შევარდნაძე, აბაშიძე-შევარდნაძე, გამსახურდია-აბაშიძე...), ვიდრე აჭარის ლიდერი, რომლის მომხრეებს (მთელ საქართველოში) არაფრის დიდებით არ სურდათ იმის დაჯერება და გაგება, რომ ასლან აბაშიძის პრეტენზიები, სინამდვილეში, აჭარის ფარგლებს არ სცილდება.
        მისთვის იდეალური სიტუაცია იქნებოდა, თავად ყოფილიყო ბათუმში, ხოლო საქართველოს მაშტაბით სიტუაცია ემართა საპარლამენტო უმრავლესობის მეშვეობით, მაგრამ ეს მცდელობა 31 ოქტომბერს კრახით დასრულდა.
        ამავე დროს, ჯუმბერ პატიაშვილის მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში უზრუნველყოფს ამ არჩევნების ჩატარებას აჭარის ტერიტორიაზე და გამორიცხავს რეგიონულ ბოიკოტს.
        რაც შეეხება შესაძლო კომპრომისს მეორე მხრიდან, ასლან აბაშიძემ მიიღო მთავარი, რისთვისაც წამოიწყო ყოველივე: შევარდნაძე მას ხელს არ შეუშლის და, რომც სურდეს, ვეღარც შეუშლის, გახდეს აჭარის პრეზიდენტი!
        ასლან აბაშიძე დღეს უკვე არჩეულია (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ) აჭარის რესპუბლიკის მეთაურად. პრეზიდენტი არ ჰქვია, მაგრამ სახელს რა მნიშვნელობა აქვს, - მთავარია უფლებამოსილებათა დონე. აჭარის რესპუბლიკის მეთაურის უფლებამოსილება კი რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოსილებას უტოლდება. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, ვინ აკონტროლებს რეალურად აჭარის საზღვაო აკვატორიას და სარფის საბაჟოს.

მერიდიანი, 23 თებერვალი, 2000 წელი

მთელ გვერდზე