პატიაშვილი პოლიტიკური ინტრიგის მსხვერპლი გახდა

        გუშინდელი არჩევნების მთავარი შედეგი გახდა მორიგი სიურპრიზი, რომელიც ასლან აბაშიძემ «ცენტრს» გაუმზადა. მიუხედავად იმისა, რომ მან არჩევნების წინა დღეს კანდიდატურა მოხსნა, აჭარელი ამომრჩევლები მაინც მას აძლევდნენ ხმას. ამით საბოლოოდ «დაგვირგვინდა» პოლიტიკური «მიეთმოეთი», რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყო ასლან აბაშიძესა და ჯუმბერ პატიაშვილს შორის.
        საინტერესოა, ეს უკანასკნელი ახლა მაინც თუ ხვდება, რა ფარსში მიიღო მონაწილეობა, - თანაც, არც თუ სერიოზული პერსონაჟის სახით. ყოველ შემთხვევაში ასეთი «გაწირვა» - მასხრად აგდების» მიზეზს ნამდვილად ვერ ხვდება. შეიძლება მხოლოდ აცნობიერებდეს, რომ საცინლად აიგდეს. მიზეზი კი სულ ადვილად მისაგნებია. ასლან აბაშიძემ თვითონ მოხსნა კანდიდატურა (რაკი პრეზიდენტობის სურვილი არც არასდროს ჰქონია – ვგულისხმობ, რასაკვირველია, საქართველოს პრეზიდენტობას), მაგრამ იგი ვერ დაუშვებდა, რომ აჭარაში ვინმეს (მის გარდა) ამომრჩეველთა ხმები მიეღო. მით უმეტეს მიეღო ჯუმბერ პატიაშვილს.
        საქმე ის არის, რომ ასლან აბაშიძე, უახლოეს მომავალში (ალბათ უკვე 2001 წელს) აჭარაში გეგმავს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას – აჭარის მოსახლეობა პირდაპირი, ფარული კენჭისყრით აირჩევს «რესპუბლიკის მეთაურს». ფაქტობრივად კი პრეზიდენტს (უფლებამოსილებათა გათვალისწინებით), - აბა, სახელწოდებას რა მნიშვნელობა აქვს?
        თუ ჯუმბერ პატიაშვილი აჭარაში ხმების დიდ რაოდენობას დააგროვებდა, შესაძლოა მასაც გასჩენოდა «პრეტენზიები» აჭარის არჩევნებთან დაკავშირებით – რატომაც არა? პატიაშვილი აჭარაში (აჭარის ისტებლიშმენტში) ტრადიციულად დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ბევრი დღევანდელი მუშაკი მისი ხელდასხმულია.
        გავითვალისწინოთ აგრეთვე, რომ «სამეურნეო ისტებლიშმენტი» აჭარაში არც შეცვლილა – შესაძლოა «საქმის პრივატიზება» მოახდინა მხოლოდ. 1988 წლის დეკემბერში (!) - «ნოემბრის აქციების» შემდეგ, ჯუმბერ პატიაშვილს აჭარის პარტიულ კონფერენციაზე მქუხარე ოვაციები გაუმართეს. ეს ყოველივე ასლან აბაშიძეს და მის უახლოეს გარემოცვას, რასაკვირველია, შესანიშნავად ახსოვს, ამიტომ სულაც არ ეპიტნავებოდა პატიაშვილისთვის «ხმების გადამისამართება «- რა იცი რა ხდება და რა მოხდება, რა არგუმენტად გამოიყენებს ამ ხმებს?
        გარდა ამისა, ასე ვითომ «ხუმრობა-ხუმრობაში» ადგილობრივმა ელექტორატმა უთხრა მთელს საქართველოს: თქვენ ვინც გინდათ აირჩიეთ, ჩვენი (აჭარის ავტონომიის) პრეზიდენტი მაინც ასლანიაო.
        გაისად, როცა ასლან აბაშიძე აჭარაში საპრეზიდენტო არჩევნებს ჩაატარებს, რა თქმა უნდა, აღარავის გაახსენდება მისი ხუთი წლის წინანდელი განცხადებები «ერთ ქვეყანაში ორი პრეზიდენტი რა საჭიროაო», ვინაიდან მას შემდეგ საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა, ჩოლოქშიც და მტკვარშიც ბევრმა წყალმა ჩაიარა.
        ამრიგად, გუშინ «დიდი საარჩევნო მარათონი», რომელიც 1997 წელს დაიწყო «ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის» მზადებით, მხოლოდ თბილისისთვის დამთავრდა – ბათუმისთვის იგი გრძელდება. თუმცა ამას უკვე აღარაფერი ეშველება – ასლან აბაშიძემ თავისი პარტია ბრწყინვალედ შეასრულა. მის პარტნიორებს კი, როგორც ჩანს, სიამოვნებთ ტაკიმასხარების სტატუსი და კისერიც უტეხიათ!
        არჩევნების წინასწარი მონაცემების შესაბამისად, ედუარდ შევარდნაძემ კიდევ 5 წლით მიიღო საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის მანდატი. იგი კვლავ კანონიერი, ანუ კანონიერად არჩეული პრეზიდენტია. უპირველეს ყოვლისა, დღის წესრიგში დგება გარდაუვალი ცვლილებები აღმასრულებელი ხელისუფლების მთელს სისტემაში. კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტი ინაუგურაციის შემდეგ ვალდებულია პარლამენტს წარუდგინოს მინისტრების ახალი შემადგენლობა, ან ისევ «ძველი». მაგრამ, რაც მთავარია, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტმა თავიდან უნდა დაამტკიცოს.
        ძნელი მისახვედრი არ არის, რომ მთავრობის «ძველ-ახალი» შემადგენლობის წარდგენა პარლამენტში «ნდობის ვოტუმის» ტოლფასი იქნება – არა პრეზიდენტის, არამედ ზოგიერთი მინისტრის მიმართ. ამრიგად, ურთიერთობა სადღაც მაის-ივნისისათვის შეიძლება მნიშვნელოვნად დაიძაბოს, თუმცა საეჭვოა ზურაბ ჟვანიამ დაუშვას აშკარა განხეთქილება – თუ ზოგიერთი მისი ოპონენტი «მეტისმეტს» არ მოინდომებს.
        მეორე მხრივ, ისიც საეჭვოა, რომ ამჟამინდელი მინისტრების ასი პროცენტი შეინარჩუნებს თანამდებობას – ამგვარი რამ თვით შევარდნაძისთვისაც მიუღებელია, ვინაიდან მისი წინასაარჩევნო დევიზი «განახლებული პოლიტიკის» შესახებ – ქარაგმულად «განახლებულ» კაბინეტსაც გულისხმობდა.
        რა დოზით განახლებულს – სხვა საკითხია. მეორე მხრივ, ედუარდ შევარდნაძე არ დაარღვევს წლების განმავლობაში რუდუნებით შექმნილ წონასწორობას სხვადასხვა ფინანსურ-სამრეწველო ჯგუფებს შორის.
        «საარჩევნო ციკლის» დასრულება საშუალებას აძლევს სახელისუფლებო პარტიას (პრეზიდენტსა და «მოქალაქეთა კავშირს»), დაასრულოს «საგადასახადო არდადეგები» და განახლებული ძალით შეუტიოს «გადასახადების აკრეფის ფრონტზე.»
        თუ ეს არ მოხდა, წლის მეორე ნახევარში ფინანსური ვითარება ქვეყანაში კატასტროფულს მიუახლოვდება.
        ერთი «ციკლის» დასრულებიდან მეორეს დაწყებამდე სულ რაღაც 1 წელია (2001 წლის გაზაფხულზე უკვე დაიწყება მზადება ადგილობრივი არჩევნებისა და აჭარის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის) ეს 12-14 თვე ხელისუფლებისთვის კრიტიკული პერიოდი იქნება, რათა დაუმტკიცოს მოსახლეობას, რომ ნაწილობრივი მაინც შეუძლია შეასრულოს წინასაარჩევნო დანაპირები.
        უპირველეს ყოვლისა (არც ესაა წვრილმანი) - ელექტროენერგიით მომარაგება. თუ მომავალი ზამთარი ისეთივე იქნა ამ თვალსაზრისით, როგორც გასული, «მოქალაქეთა კავშირის» პოზიციები მნიშვნელოვნად შესუსტდება და «მეორე საარჩევნო ციკლს» იგი ვეღარ მოიპოვებს. პრობლემის გადაწყვეტა კი მხოლოდ ერთი მეთოდითაა შესაძლებელი: ისეთი ვითარების შექმნით, როდესაც ელექტროენერგიას მიიღებს ის, ვინც გადაიხდის საფასურს და არავითარ შემთხვევაში, არაფრის დიდებით არ მიიღებს ის, ვინც არ იხდის.
        ამის გაკეთებას ხელისუფლება ვერ ბედავდა, ვინაიდან «საარჩევნო ციკლის» დროს ეს მნიშვნელოვნად დაძაბავდა სიტუაციას ქვეყანაში და გაზრდიდა უკმაყოფილებას. უფრო ზუსტად, გაზრდიდა «პროტესტული ელექტორატის» რიცხვს. სხვათა შორის, ხელისუფლება ამიტომაც ითრევდა (და ითრევს) ფეხს, რათა თბილისში მრიცხველები სადარბაზოებში გამოეტანათ, რაკი მაშინ იძულებული გახდებოდა, ელექტროენერგია მხოლოდ «გადამხდელებისთვის» მიეწოდებინა, ხოლო ისეთი ვითარება, როდესაც ერთი ბინა გაკაშკაშებულია, ხოლო მეორე (მეზობლისა) ჩაბნელებული, ჩვენს ვითომდაც «სოციალურად ჰარმონიულ» საზოგადოებაში, სადაც ვითომდაც არ არსებობს «სოციალური შურის» სინდრომი – უეჭველად შექმნიდა სამოქალაქო ომის წინაპირობას.
        ასეთივე შინაარსის პრობლემებს წააწყდება ხელისუფლება სხვა მიმართულებითაც. იგი დგება მეტად ძნელად გადასალახავი და გადასაწყვეტი დილემის წინაშე: ან უნდა გააგრძელოს რეფორმები, რაც შეუძლებელია მტკივნეული, არაპოპულარული, «პრობლემების შემქმნელი» გადაწყვეტილებების გარეშე, ან გააგრძელოს «ბალანსირება». ოღონდ, «ბალანსირებაც» შეუძლებელიო ხდება.
        აქედან გამომდინარე, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის შემდგომი 5 წელი გაცილებით უფრო «საინტერესო», გაცილებით უფრო «მდიდარი» იქნება მოულოდნელი და რადიკალური გადაწყვეტილებებით, ვიდრე განვლილი 8 წელიწადი. «ეროვნული შერიგების» პარალელურად კი, შესაძლებელია მრავალი კორუმპირებული ჩინოვნიკის თავი დაგორდეს «დემოკრატიულ გილიოტინაზე».

7 დღე, 10 აპრილი, 2000 წელი

მთელ გვერდზე