ასლან აბაშიძემ უკან პირველად დაიხია

            2000 წლის ბიუჯეტთან და საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ გნიასში თითქმის შეუმჩნეველი (ყოველ შემთხვევაში, კომპეტენტურად შეუფასებელი) დარჩა უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტი: აჭარის ხელისუფლებამ თანხმობა განაცხადა, დაუშვას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ბრიტანული კომპანია «აი-თი-ეს»-ი, რომლის მესვეურები საბაჟო ტენდერით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას ძირითადად იმით ხსნიან, რომ სარფის საბაჟოზე და როკის გვირაბთან მუშაობის ნება არ დართეს.
            აჭარის ხელისუფლებამ, თავდაპირველად, თვით ეს ტენდერი და ბრიტანელების საბაჟოზე შემოყვანა სამშობლოს ღალატად გამოაცხადა, თუმცა იმთავითვე ნათელი იყო ჭეშმარიტი მიზეზი: ოფიციალურ ბათუმს ის არ ეპიტნავებოდა, რომ ბრიტანელების მეშვეობით ცენტრალურ ხელისუფლებას პირველად შეეძლო დაემყარებინა რეალური კონტროლი საქართველოს ეკონომიკური საზღვრის აჭარის მონაკვეთზე.
            ამ უარის დროს საქართველოში სხვა ვითარებაა, სხვა ატმსოფერო სუფევდა და ცენტრალური ხელისუფლება აღარ მოერიდა ჩოლოქთან ე.წ. მოძრავი საბაჟო პუნქტის დაფუძნებას აჭარიდან გამომავალი ტვირთების გასაკონტროლებლად.
            ბათუმიდან წამოსულმა პროპაგანდისტულმა კონტრარგუმენტმა (თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ აჭარასთან საზღვარი დააფიქსირა), სათანადოდ ვეღარ იმუშავა, რადგან ბეტონის ბლოკები ჩოლოქის მეორე მხარეს ჯერ კიდევ 8-9 წლის წინ გაჩნდა და მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც ზაფხულში ბათუმი – ქობულეთისაკენ მოძრაობდა, უკვე ისედაც გაღიზიანებულ იყო ისევე, როგორც ისინი, ვისაც ეს ბლოკები მხოლოდ ტელევიზიით ჰქონდა ნანახი.
            რაც მთავარია, აჭარის ხელისუფლებამ შესანიშნავად იცოდა, რომ განსხვავებით «მხედრიონ-გვარდიის» ეპოქისაგან, 1997-1998 წლებში უკვე არანაირი აუცილებლობა ასეთი შემოსაზღვრულობისათვის არ არსებობდა, ანუ ეს იყო სიმბოლო, მაგრამ ამ სიმბოლომ ცენტრალურ ხელისუფლებას მისცა საშუალება, ჩოლოქზე მართლა გაეხსნა ლამის საბაჟო საზღვარი, რაკი ვერ მიაღწია აჭარის ხელისუფლების თანხმობას სარფისა და ბათუმის სასაზღვრო საბაჟოზე უცხოტომელთა ჩაყენების შესახებ.
            თავის მხრივ, უცხოტომელთა შემოყვანის იდეა მხოლოდ იმიტომ გაჩნდა, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო სარფის საბაჟოზე ცხვირის შეყოფა. გოგი შევარდნაძე (სარფის საბაჟოს უფროსი) ედუარდ შევარდნაძის მხოლოდ მოგვარე იყო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, - თანამოაზრე. თუმცა სწორედ შევარდნაძის უფროსობაც, რა თქმა უნდა, გარკვეული შთაბეჭდილების შექმნას ისახავდა მიზნად.
            ასეა თუ ისე, ჩოლოქზე ცენტრალური საბაჟო ამოქმედდება, რამაც, როგორც ჩანს, აჭარის ავტონომიის ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები შეუქმნა, ვინაიდან საბაჟო პუნქტი, ამასთანავე, იქცა საპოლიციო პუნქტად და შეიქმნა პარადოქსული სიტუაცია: ცხოვრება გაურთულდათ აჭარის იმ მოსახლეებსა და საფინანსო-სამრეწველო ჯგუფებს, რომლებიც არანაირად არ არიან დაკავშირებულნი იმპორტთან, ანუ უფრო მეტად აჭარის შიდა პროდუქციის გატანას ახორციელებენ საქართველოს სხვა რეგიონებსა და სომხეთ-აზერბაიჯანში.
            თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ იმპორტის თავისუფალი მოძრაობის შეფასებაც სერიოზულ პრობლემად იქცა. იმპორტიორებმა თანდათან დაკარგეს ინტერესი ბათუმის პორტისადმი. სხვათა შორის, სიმართლეს არ შეეფერება ინფორმაცია, თითქოს «აჭარაში აქციზი, საერთოდ, არ იციან რა არის», ან «იმპორტი საერთოდ, არ იბეგრება» – როგორ გეკადრებათ: აქციზიც არსებობს და იმპორტიც იბეგრება, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რომ სწორედ ამ რეგიონიდან იმპორტი იყოს «მომგებიანი» იმპორტიორისათვის, ხოლო ავტონომიის ბიუჯეტმა სერიოზული შემოსავალი მიიღოს.
            ზუსტად ასეთივე პრინციპით მოქმედებენ ის ძალები, რომლებიც როკის გვირაბს აკონტროლებენ. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ცენტრალურ საბაჟოს ჩოლოქზე უფრო ადვილად შეუძლია ქმედითი ღონისძიებების გატარება, ვიდრე ცხინვალთან, რადგან სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს შიდა რაიონებისკენ ათეულობით არალეგალური გზა მიემართება.
            ამრიგად, აჭარა-გურიის საზღვართან გზების გაკონტროლებამ აჭარის ხელისუფლებას თანდათან ცხოვრება გაურთულა და დაიწყო იმ პროცესის განვითარება, რისიც ყველაზე მეტად ეშინია ასლან აბაშიძეს – უკმაყოფილების ზრდა რეგიონულ ელიტაში, რომელიც თითქმის მთლიანად აჭარის ადგილობრივი ისტებლიშმენტის, ანუ გავლენიანი ფინანსური ჯგუფების წარმომადგენლებისაგან შედგება.
            აქვე უნდა ითქვას, რომ ასლან აბაშიძე სწორედ ელიტის მეტისმეტი გავლენისაგან გაათავისუფლეს.
            შექმნილი პრობლემის გადაწყვეტა ასლან აბაშიძეს შეეძლო მხოლოდ ერთი გზით: «აი-თი-ეს»-ის მეშვეობით აჭარაში და, შესაბამისად, ჩოლოქზე კონტროლის მოხსნით.
            მივაქციოთ ყურადღება: პარლამენტში ბიუჯეტის განხილვისას «აღორძინების» წევრები სწორედ ასე სვამდნენ საკითხს «აი-თი-ეს»-ი აჭარაში შემოვა, თუ მოიხსნება ყოველგვარი შიდა შეზღუდვები საქართველოს ტერიტორიაზე.
            ბუნებრივია, ასლან აბაშიძეს ასეთი უკანდახევა არ სურდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. სამაგიეროდ, იგი არაფრის დიდებით უკან არ დაიხევს ე.წ. განაკვეთების საკითხში და თბილისში (ცენტრალური ბიუჯეტის კუთვნილი შემოსავლებიდან) ერთ თეთრსაც არ გადმორიცხავს.
            «აი-თი-ეს»-ის აჭარაში შეშვებით (რაც, სხვათა შორის, ჯერ კიდევ არ ნიშნავს უშუალოდ სარფის საბაჟოზე შეშვებას), «აღორძინებამ» მოიპოვა საშუალება უსაყვედუროს «მოქკავშირელ» ოპონენტებს: ხომ ხედავთ, ჩვენ დათმობაზე წავედით ასეთ პრინციპულ საკითხში, თქვენ კი განაკვეთების თაობაზე არაფრის დათმობა არ გსურთო.

მერიდიანი, 10 მარტი, 2000 წელი

მთელ გვერდზე