არჩევნების ქვეყანა

        საქართველოს მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ატეხილი ტრაგიკომიკური გნიასის მიუხედავად, განვლილ დღეს მრავალი სხვა საინტერესო მოვლენაც მოხდა.
        მაგალითად, ვაკის რაიონში პირველად საჯაროდ გამოხატა მომავალ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი «ადგილობრივმა კანდიდატმა» ასმათ ტყაბლაძემ. ზოგიერთი ნიშნით, სწორედ ეს დღემდე პოლიტიკურად უჩინარი ქალბატონი შეიძლება იქცეს ამ არჩევნებში მონაწილე «პოლიტემიგრანტული» ბომონდის ბედისწერად, თუ, რასაკვირველია, მანამდე კიდევ უფრო «მოულოდნელად აქტიური» პიროვნება არ გამოჩნდა ასპარეზზე. ერთი სიტყვით, ვაკის მაჟორიტარულ არჩევნებამდე ჯერ კიდევ, მთელი «ენერგეტიკული სეზონია». აჟიოტაჟი კი დღეს უკვე ლაგოდეხს აღწევს.
        არ ვიცით, რომელმა მოღვაწემ თქვა, მაგრამ შიგ «კაკალ გულში» კი გაარტყა, რომ «ათი წელია, გაუთავებელიო არჩევნებია საქართველოში და ამიტომაცაა კარგად ჩვენი საქმე». საქართველო მართლაც «ყვავილების ქვეყანა» კი არა, გაუთავებელიო «არჩევნების ქვეყანაა», რომელშიც ცხოვრება მიმდინარეობს «ერთი ციკლიდან» - «მეორე ციკლამდე».
        ის იყო დასრულდა 1998-2000 წლების «დიდი საარჩევნო ციკლი», რომ იწყება ახალი, როგორც ჩანს, კიდევ უფრო მძვინვარე და ბობოქარი.
        ახალი საარჩევნო ციკლის «ლაგოდეხი» ვაკესა და წყნეთში გადმოინაცვლებს. თუმცა, ძირითადი მოქმედი გმირები შეიძლება ერთმანეთს ჩაენაცვლონ. მთავარი კანონზომიერება კი უცვლელია. «ადგილობრივი არჩევნები» იწყება «ცალკეული» მაჟორიტარული არჩევნებით, რომელსაც «ნიშანდობლიობის» ფუნქცია ენიჭება.
        თუმცა, ქალბატონი ტყაბლაძე იმთავითვე არღვევს ამ კანონზომიერებას შინაარსობრივად, ვინაიდან თუ «ლაგოდეხში» ტრადიციული პარტიები და მათი წარმომადგენლები «შეასკდნენ» ერთმანეთს, 2001 წლის გაზაფხულის ვაკის არჩევნები, «ქართული პოლიტიკისთვის ტრადიციული» ორი ორგანიზაცია («მხედრიონი» და «ედპ») ისევე, როგორც მათი ლიდერები – ირინა სარიშვილი და ჯაბა იოსელიანი შეიძლება აუტსაიდერების მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ვაკის არჩევნები და შემდგომი «ადგილობრივი არჩევნები» 2001 წლის შემოდგომაზე კიდევ ერთი თვალსაზრისით არღვევს წინა «დიდი საარჩევნო ციკლის» ტრადიციას.
        1998 წლის ადგილობრივი არჩევნები იმითაც იყო საინტერესო, რომ მას მომდევნო წელსვე მოსდევდა საპარლამენტო არჩევნები, როდესაც «ლოგიკური არჩევნების» შედეგი და პოლიტიკური შთაბეჭდილება ჯერ გახუნებული არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ერთი წელი მაინც საკმარისი აღმოჩნდა კორექტივებისთვის: ამაზე მეტყველებს მწვავე დაპირისპირება «ლეიბორისტებსა» და «სოციალისტებს» შორის. ისევე, როგორც შალვა ნათელაშვილის ფანტასტიკური მარცხი ფანტასტიკური წარმატების შემდეგ.
        მომავალი (თუმცა, ალბათ, უკვე მიანც მიმდინარე) საარჩევნო ციკლის დროს კი «ლოკალურ არჩევნებს» მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოსდევს საპარლამენტო არჩევნები, საპარლამენტო არჩევნებს – წელიწადნახევრით – საპრეზიდენტო მარათონი. ასეთმა ინტერვალმა არ შეიძლება ზეგავლენა არ მოახდინოს პოლიტიკურ ძალთა ტაქტიკასა და სტრატეგიაზე. გარდა ამისა, არსი კიდევ ერთი, უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი: 2001 წლის «ლოკალური არჩევნები» იქნება პირველი სრულფასოვანი «ადგილობრივი ხელისუფლების» არჩევნები. იმ აზრით, რომ მოსახლეობა აირჩევს არა მხოლოდ ადგილობრივ საკრებულოებს, სოფლებისა და პატარა ქალაქების მერებს, არამედ, რაიონის გამგებლებს და ექვსი დიდი ქალაქის – მათ შორის, თბილისის – მერებს. დედაქალაქის მერის არჩევა იურიდიულად თითქოს ჯერ გადაწყვეტილიო არ არის, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს უკვე გარდაუვალია. დედაქალაქის ხელმძღვანელის არჩევა კი, სერიოზული ფაქტორი გახდება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მომზადების თვალსაზრისით.
        დარწმუნებით ამჯერად შეიძლება ის ითქვას, დაახლოებით 2001 წლის ზაფხულში, როდესაც ადგილობრივ არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვე დარჩება, პოლიტიკურ სცენაზ ეგამოვა ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც მორიგი «საპარლამენტო გადატრიალების» ორგანიზებას შეეცდება - რამდენად წარმატებით, სხვა საკითხია. ახალი, პოლიტიკური ძალის ფიგურანტები ნელ-ნელა იკვეთებიან. სავარაუდოა, რომ აქ ინტრიგა იტრიალებს სამკუთხედში: შაშიაშვილი-ლორთქიფანიძე-გულუა, ანუ მომავალი საარჩევნო ციკლი შეიძლება იგვიე «მეორე თაობის» მარათონად იქცეს, რომელიც პრეზიდენტმა «გამოტოვა». თუმცა, მათ უნდა გაითვალისწინონ ისიც, რომ ციკლიდან ციკლამდე «მესამე თაობაც» სიმწიფეში შედის.
       
        დილის გაზეთი 21 დეკემბერი, 2000 წ.

        მთელ გვერდზე