ანტიკორუფციული პროგრამა საპარლამენტო ვერდიქტს ელის

        გუშინ პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ «ანტიკორუფციული პროგრამა» თვის ბოლოსთვის იქნება მზად, ანუ «ძირითადიმიმართულებების» შემდეგ უკვე თვით პროგრამაც გამოქვეყნდება და იგი არ არის «დეკლარაციული».
        ამის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ ძალზე სიმპტომატური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, «გარკვეული ძალები ცდილობენ ხელი შეუშალონ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ზოგადად ყველა კორუფციის წინააღმდეგია, მაგრამ, როგორც კი კონკრეტულ პიროვნებას ან კონკრეტულ ჯგუფს შეეხება საქმე, უმალვე, ამა თუ იმ ფორმით იწყება წინააღმდეგობა და ცდილობენ დააშინონ იმ მოღვაწეები, რომლებიც ებრძვიან კორუფციას».
        ეს განცხადება მართლაც მრავლისმეტყველია და ადასტურებს მთავარს: დიდი ენთუზიაზმით დაწყებული პროცესი შესამჩნევად შეფერხდა, ანუ ფარულად ამოქმედდნენ გარკვეული კლანები, რომლებიც ძალიან ეშმაკურ ხერხებს იყენებენ. მაგალითად, ყოფილ ფინანსთა მინისტრს (ვის არაკორუფცირებულობაში ეჭვი არავის ეპარება) სპეციალურად «ჩააწვეთეს» ყურში აშკარად შეთითხნილი ბრალდება, რათა ამ საქმისადმი პოლიტიკური ელფერი მიეცათ. შედეგმაც, როგორც ჩანს, არ დააყოვნა – ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტს უეჭველად ეს უნდოდა ეთქვა.
        ამ ფონზე კიდევ უფრო საინტერესო ხდება «ანტიკორუფციული პროგრამის» მომავალი განხილვა პარლამენტში, რაც 30 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი.
        ბუნებრივია, უმალვე კიდევ წამოიწევს «საპარლამენტო ანტიკორუფციული კომისიის» რეანიმაციისა და ამოქმედების საკითხი. ამასთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს, უცნაური ვითარება იქმნება: საპარლამენტო ოპოზიცია კომისიის ამოქმედებას არ ეთანხმება და «სავსებით საკმარისად» მიაჩნია ის კომისია (კონკრეტულად ენერგოკრიზისის მიზეზთა შესასწავლად), რაც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შექმნა.
        მართლაც, საოცარია, ვინაიდან ოპოზიცია თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული ყოველგვარი «მაკონტროლებელ-შემაწუხებელი» კომისიების მოქმედებით, ხოლო მმართველი პარტია, ვისაც ძლიერი წარმომადგენლობა აქვს მთავრობაში, თითქოს ამას უნდა ეწინააღმდეგებოდეს.
        «ანტიკორუფციული პროგრამის» ძირითად მიმართულებათა განხილვა, რა თქმა უნდა, ამ პროგრამის შემოქმედი «შვიდკაცას» მოსმენაში გადაიზრდება, რასაც შეუძლებელია კონფლიქტური სიტუაციები არ მოჰყვეს. თუნდაც იმ განცხადებათა გათვალისწინებით, რაც კომისიის წევრებმა გააკეთეს «რეფორმატორთა» წინააღმდეგ.
        ოპოზიცია ამ განცხადებებს უეჭველად «ჩაავლებს» და შეეცდება განხილვა იმ სიბრტყეში გადაიტანოს, რაც მისთვის თვისებრივი და ხელსაყრელია. არ არის გამორიცხული საპარლამენტო უმრავლესობის შემდგომი კრისტალიზაცია სწორედ ამ თემის (ანტიკორუფციული პროგრამის) ირგვლივ.
        გიორგი ბარამიძე, ვინც, სხვათა შორის, მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა, კორუფცირებულ კლანთა მზის სინათლეზე გამოსათრევად, შეიძლება კვლავ აღმოჩნდეს ყოველდღიურობის ცენტრში. «საპარლამენტო ანტიკორუფციული» კომისიის აღდგენას უფრო «უმრავლესობა» მოითხოვს, ოღონდ მისი სახელი იმდენადაა შერწყმული გიორგი ბარამიძის მოღვაწეობასთან, შესაძლოა კვლავ დადგეს დღის წესრიგში ბარამიძის ამ კომისიაში მოღვაწოების საკითხი.
        მართალია, იგი ამჟამად «თავდაცვისა და უშიშროების» კომიტეტს ხელმძღვანელობს, მაგრამ არც ფორმალურად, არც შინაარსობრივად ერთიმეორეს ხელს არ უშლის, თუმცა, იმ არგუმენტით, რომ კორუფციაზე უფრო მეტი «ეროვნული საფრთხე» დღეს ნამდვილად არ არსებობს.
        ერთი სიტყვით, ძალიან საინტერესო Hearing-ი გველის. საპარლამენტო ოპოზიცია აუცილებლად დაიწყებს პრობლემის პოლიტიზებას და (რაც კიდევ უფრო მოსალოდნელია) შეეცდება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა დაუკავშიროს საკუთარ პროლიტიკურ კონცეფციებსა და პროგრამებს.
        მაგალითად, მოითხოვენ გადასახადების შემცირებას იმ მოტივით, რომ «სწორედ დიდი გადასახადები უწყობს ხელს კორუფციას». თუმცა, ამ ლოგიკით, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა გადასახადების საერთოდ გაუქმება, ვინაიდან, თუ არ იქნება გადასახადი, აღარ იქნება კორუფცია. ხოლო გადასახადების შენარჩუნების შემთხვევაში, კორუფციაც შენარჩუნდება _ როგორი მცირეც არ უნდა იყოს ეს გადასახადი.
        აშკარა სკანდალს გამოიწვევს «ანტიკორუფციული შვიდკაცას» ზოგიერთი სხვა წინადადებაც. მაგალითად, უმაღლეს სასწავლებლებში სამხედრო კათედრების გაუქმება. გარდა ამისა, ძალიან საინტერესოა, როგორ შეხვდებიან უძრავი ქონების 20-პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის წინადადებას ის დეპუტატები, ვისაც 5-6-7 სართულიანი ვილები აქვთ თბილისის პრესტიჟულ გარეუბნებში.
        ამრიგად, «ანიტიკორუფციული კომისიის» სხდომა ხმაურის გარეშე არ ჩაივლის. ყველაზე საინტერესოა, გაახსენდებათ თუ არა დეპუტატებს პრეზიდენტთან საგანგებო ანტიკორუფციული ორგანოს შექმნის იდეა (საგამოძიებო უფლებებით), რომელიც რაღაცნაირად ჩაიკარგა დოკუმენტებში.

დილის გაზეთი, 29 ნოემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე