ჯორჯ ტენეტი საქართველოს არ ტოვებს

        ყველასათვის მოულოდნელად, ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (სააგენტოს) დირექტორი ჯორჯ ტენეტი, რომელიც ჯერ კიდევ ორი დღის წინ უნდა გაფრენილიყო ცენტრალურ აზიაში, თბილისში დარჩა.
        ზუსტი ინფორმაციის მიღება თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ტენეტი კვლავინდებურად კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში ცხოვრობს. ეს იმდენად საოცარია, რომ ტენეტის ვიზიტზე უფრო სერიოზულად დაფიქრების საბაბს იძლევა. ასეთი რამ, მართლაც, ძალზე იშვიათად ხდება – მსოფლიოს ერთადერთი ზესახელმწიფოს სპეცსამსახურის ხელმძღვანელის ვიზიტი ნებისმიერ ქვეყანაში საგანგებო მოვლენაა. მით უმეტეს, მისი დარჩენა რამდენიმე დღით.
        სასაცილო იქნებოდა იმის თქმა, თითქოს ტენეტი «დასასვენებლად» ჩამოვიდა თბილისში და კრწანისზე უკეთესი ადგილი ვერ იპოვა. ტენეტს (სახელმწიფოს ხარჯზე) შეუძლია დაისვენოს მსოფლიოს საუკეთესო კურორტებზე აკუპულკოდან – რივიერამდე.
        მაშასადამე, კრწანისში «დასასვენებლად» არ ჩამოვიდოდა. არც «გაცნობასა» და, ჩვეულებრივ, «განზრახულობათა დაფიქსირებას» დასჭირდებოდა ერთი კვირა – სავსებით იკმარებდა ორი საუბარი.
        ერთი სიტყვით, კავკასიაში შექმნილ თანამედროვე რეალიებსა და ამერიკის ძველი პოლიტიკის გათვალისწინების შემთხვევაში, ტენეტი (ისევე, როგორც მისი წინამორბედი კოლბი) თბილისში სულ რამდენიმე საათით უნდა ჩამოსულიყო და ედუარდ შევარდნაძეს (აგრეთვე ვახტანგ ქუთათელაძეს) აეროპორტში შეხვედროდა.
        მაგრამ საქმეც სწორედ ის არის, რომ რუსეთში «დერჟავნიკული დაჯგუფების» გამარჯვების შემდეგ ამერიკის პოლიტიკა პოსტსაბჭოურ სივრცეში რადიკალურად იცვლება.: ვაშინგტონში (ლენგლიში) უკვე სერიოზულად ფიქრობენ იმ ბერკეტების ამოქმედებასა და კოზირების გამოყენებაზე, რომელსაც ადრე სტრატეგიულ რეზერვად თვლიდნენ.
        მაშასადამე, ტენეტის ვიზიტი აღარ არის ცერემონიული ხასიათისა – ამერიკის სპეცსამსახურის შეფი თბილისში «საქმის საკეთებლად» ჩამოვიდა და საქართველოს ხელისუფლებასთან სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
        სხვაგვარი ახსნა მისი თბილისში შეყოვნებისა, უბრალოდ, არ არსებობს – საპრეზიდენტო არჩევნებში ედუარდ შევარდნაძის კანდიდატურას აშშ, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს, მაგრამ საამისოდ სულაც არ იყო აუცილებელი პირადად ტენეტის ჩამოსვლა თბილისში და ერთი კვირით მისი მოწყვეტა ამერიკული სპეცსამსახურის ოპერაციათა ხელმძღვანელობისაგან მთელ მსოფლიოში – საკმარისი იქნებოდა რამდენიმე სპეციალისტის გამოგზავნა, მაგრამ ტენეტს თვითონ სურდა მოლაპარაკება ქართველ კოლეგებთან და საქართველოს ხელმძღვანელობასთან. საეჭვოა, მას ამერიკის პრეზიდენტის მითითებით ემოქმედა.
        ამერიკული (ან ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის) სპეცსამსახური სწორედ იმით განსხვავდება ტოტალიტარული ქვეყნების სპეცსამსახურებისაგან, რომ მოქმედებს არა მითითებით, არამედ საერთო პოლიტიკური სტრატეგიის გათვალისწინებით – ამ პოლიტიკის კონტექსტში.
        აქედან გამომდინარე, ტენეტი «საქმის კურსში» ჩააყენებდა ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების მრჩეველს უშიშროების საკითხებში ან უშიროების საბჭოს მდივანს, მაგრამ თვით ოპერაციის ჩატარების აუცილებლობა თავად სპეცსამსახურის დასკვნა იყო – თანაც, პირადად ტენეტის მონაწილეობით.
        ამრიგად, უეჭველია, რომ ტენეტი საქართველოში ჩამოვიდა (და დარჩა) სამუშაოდ და არა დასასვენებლად (რა სისულელეა), ან თუნდაც «ცერემონიალური ვიზიტით».
        გასარკვევი გვრჩება თვით სამუშაოს არსი, ანუ ის, თუ რას შეეხება ტენეტის მოლაპარაკება – რა ისეთი საკითხები ჰქონდა გასარკვევი, რომ მხოლოდ პირადად უნდა გაემართა მოლაპარაკება, თანაც, რამდენიმე დღის განმავლობაშიჰ
        ამის დადგენა თითქმის შეუძლებელი ჩანდა, - ტენეტის ქართველმა კოლეგებმა ყველაფერი იღონეს საიდუმლოების დასაცავად. ეს მათთვის, ალბათ პრესტიჟისა და პროფესიული ღირსების საქმეც იყო – შედეგად, ტენეტი თბილისი არავის უნახავს, რა თქმა უნდა, უშიშროების მინისტრის, სამთავრობო დაცვის უფროსის (!) და სამთავრობო დაცვის თანამშრომლების, აგრეთვე კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის მომსახურე პერსონალის გარდა.
        თუმცა, ეს სავსებით საკმარისია, რათა რუსეთის სპეცსამსახურებს საკუთარ წყაროებით, ანუ ჩამოთვლილს შორის უკანასკნელ კატეგორიაში (ალბათ) ჩაენერგილი აგენტების მეშვეობით შეეტყოთ მოლაპარაკებათა შინაარსი.
        ყოველ შემთხვევაში, რუსული პრესის ფურცლებზე (სპეცსამსახურთა წყაროებზე დაყრდნობით) უკვე გაჩნდა ცნობები იმის თაობაზე, რომ ჯორჯ ტენეტის მოლაპარაკებათა მთავარი საგანი გახდა საქართველოში რადიოლოკაციური დაზვერვის ამერიკული სადგურების მოწყობა.
        ასეთი ცნობები აშკარად წინასწარ განზრახული «გაჟონვით» დაიბეჭდა გაზეთ «ვეკ»-სა და « რასისკიიე ვესტში». ეს ინფორმაცია სიმართლეს ჰგავს. მართლაც, ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია საქართველოში დააფუძნოს რადიოდაზვერვის სადგურები, რომელთა მეშვოებით შეეძლება აკონტროლოს (ინფორმაციულად) ვითარება ჩრდილოეთ კავკასიასა და სამხრეთ რუსეთში.
        საქართველოს ტერიტორია ამ თვალსაზრისით, მართლაც რომ იდეალურია ყველა მოსაზრებით. ბუნებრივია, ლენგლი ასეთ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს, ხოლო საქართველოს თანხმობა გარანტირებულია.
        პრორუსულიო ორიენტაციის თაობაზე საუბარი საქართველოში თითქმის იწურება, ვინაიდან უკვე ცხადია, რომ ამა თუ იმ მიზეზით რუსეთი არც მოინდომებს და ვერც შეძლებს რაიმე შეცვალოს აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით.
        რაც შეეხება რუსეთის სამხედრო ბაზებს – ეს ვერ გახდება რადიოდაზვერვის ცენტრებისათვის ხელისშემშლელი ფაქტორი, ვინაიდან უშუალო ჩარევა გამორიცხულია.
        გარდა ამისა, ბაზების ასეთი სადგურებით გარსშემორტყმა საშუალებას მისცემს აშშ-ს, სრული ინფორმაცია ჰქონდეს რუსეთის სამხედრო სისტემის მართვის თავისებურებათა შესახებ – შესაძლოა, ეს გარემოება რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის დაჩქარების ფაქტორად იქცეს, თორემ დღევანდელ პირობებში მათი საქართველოში ყოფნა ანეკდოტად იქცა – სად გაგონილა, ქვეყანა ამერიკის სპეცსამსახურებთან (თუ ეს მართალია) რადიოსადაზვერვო სადგურთა განლაგებაზე აწარმოებდეს მოლაპარაკებას და ამ დროს რუსეთის სამხედრო ბაზების არსებობასაც ეთანხმებოდეს?
        ეს კიდევ ერთი ქართული ფენომენია.

მერიდიანი, 31 მარტი, 2000 წელი

მთელ გვერდზე