ამერიკელები ჯარს ნატოსთვის გვიმზადებენ

        საქართველოში ნატო-ს მაღალჩინოსანთა ვიზიტები უკვე აღარავის უკვირს, თუმცა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ეს თითქმის წარმოუდგენელი იყო.
        «გარღვევა» განახორციელა არა ამერიკის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის უფროსმა, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილმა (მისი ვიზიტები უფრო სიმბოლური ხასიათისა იყო, თუმცა არც ესაა უმნიშვნელო ფაქტორი), არამედ ბუნებისმეტყველების ესპანელმა პროფესორმა, ხავიერ სოლანამ.
        სწორედ სოლანას ვიზიტის შემდეგ გახდა სავსებით რეალური და შესაძლებელი მჭიდრო თანამშრომლობა ნატო-სა და საქართველოს შორის.
        ამრიგად, ევროპაში ნატო-ს ჯარების სარდლის მოადგილის, ადმირალ ჩარლზ ებოტის საქმიანი ვიზიტიც აღარავის გაუკვირდა. თუმცა, ებოტის ჩამოსვლას მაინც მოჰყვა რუსული პრესის «გაავებული» კომენტარები.
        კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ადმირალ ებოტის კონკრეტული ფუნქცია: ამერიკის თავდაცვის მინისტრის, უილიამ კოენის დავალებითა და ევროპაში ნატო-ს ჯარების სარდლის, უესლი კლარკის მითითებით, ადმირალი ებოტი (ესეც დღემდე გაუგონარი და გამაოგნებელი ფაქტია) კურირებს სპეციალურ ჯგუფს, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალთა რეფორმირების გეგმას ამუშავებს.
        ბუნებრივია, «რეფორმირებაში» იგულისხმება ნატო-ს სამხედრო სტანდარტებთან მიახლოება – ყოველ შემთხვევაში, ამის წინაპირობების შექმნა.
        სხვაგვარი «რეფორმირება» ნატო-ს გენერლებს ვერც წარმოუდგენიათ და არც შეუძლიათ. როგორც აღმოჩნდა, ეს ჯგუფი უკვე რამდენიმე თვეა, რაც მუშაობს. სწორედ მისი ფუნქციობა უნდა ჩაითვალოს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ხანგრძლივი პროცესის დასაწყისად.
        «ებოტის ჯგუფმა» უკვე შეიმუშავა კიდეც რამდენიმე კონკრეტული რეკომენდაცია. მათ შორის, სამხედრო ბრიგადათა რიცხვის ორჯერ შემცირება (ექვსიდან – სამამდე) და სამხედრო-საჰაერო ძალების გაძლიერება (ძირითადად სამხედრო ვერტმფრენების ხარჯზე), რაც სავსებით რეალურია თუ გავითვალისწინებთ, რომ თბილისის საავიაციო ქარხანამ როგორც იქნა იპოვა ბაზარი სუ-25 ტიპის თვითმფრინავების გასაყიდად (აფრიკაში).
        ეს ავიაგამანდგურებელი «მფრინავი ტანკები» კი ნამდვილად შეიძლება გაიყიდოს თითოეული რამდენიმე ძველი მოდიფიკაციის სამხედრო ვერტმფრენზე.
        რეკომენდაციები აგრეთვე გულისხმობს სანაპირო დაცვის გაძლიერებას და ა.შ. რაც მთავარია, ნატოელი სპეციალისტები გვირჩევენ, შევქმნათ ისეთი არმია რომელიც შეესაბამება ქვეყნის ფინანსურ შესაძლებლობებს, ანუ გვყავდეს იმდენი ჯარისკაცი, რამდენსაც გამოვკვებავთ, რომ აღარაფერი ვთქვათ შეიარაღებასა და წვრთნაზე.
        მაგალითად 50 ათასიანი არაბრძოლისუნარიანი არმიის ყოლას სჯობს გვყავდეს თუნდაც 10 ათასიანი, მაგრამ მაძღარი და კარგად შეიარაღებული არმია.
        რაც მთავარია, თავდაცვის სამინისტრო არ არის განწყობილი შეეწინააღმდეგოს ამ რეკომენდაციებს საკმაოდ მარტივი ლოგიკით – საქართველო მაინც ვერ გაუმკლავდება ნებისმიერი მეზობელი ქვეყნის აშკარა აგრესიას, ხოლო «ფარული აგრესიისა» და «ლოკალური კონფლიქტების» სამართავად მცირე არმიაც საკმარისია, თუ იგი კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი იქნება.
        2001 წლისთვის საქართველოში (აჭარის ტერიტორიაზე) დაგეგმილია საქართველო-ნატოს პირველი ერთობლივი სამხედრო სწავლება «კოოპერატივ-2001», რომელიც გონიოს პოლიგონზე გაიმართება.
        ადმირალი ებოტი უეჭველად გულისხმობს, რომ უახლოეს წლებში გადაწყდება საქართველოდან რუსეთის სამხედრო კონტინგენტის გაყვანის საკითხი – 1999 წლის 19 ნოემბერს სტამბოლში ხელმოწერილი ცნობილი დოკუმენტის თანახმად. ამის გარეშე ყოველგვარი საუბარი «დასავლურ ორიენტაციაზე» მხოლოდ თავისა და პარტნიორების მოტყუება იქნებოდა.

7 დღე, 22 მარტი, 2000 წელი

მთელ გვერდზე