აღორძინებისათვის მთავარია აჭარის სტატუსი, შემდეგ – საარჩევნო კანონი

        «უმრავლესობის და უმცირესობის» ხანგრძლივი პოლიტიკური პაექრობა «საარჩევნო კანონში» ცვლილებების შეტანის თაობაზე «მოქალაქეთა კავშირისა» და «უმრავლესობის» პოლიტიკური მარცხით დასრულდა.
        მთავარი ის არ არის, რომ ოპოზიციამ მიაღწია საარჩევნო კანონში ცვლიოლებათა შეტანას. ბოლოს და ბოლოს, არც ეს ცვლილებები შეცვლის რაიმეს განსაკუთრებულად «სახელისუფლებო ოლიმპზე» ძალთა განლაგების თვალსაზრისით, მაგრამ არსებითი ის გახლავთ, რომ მოქალაქეთა კავშირმა სანაცვლოდ ვერ მიაღწია მთავარს: დათმობების ფასად მაინც ვერ ააცილა ქვეყანას თავს ბოიკოტის საშიშროება.
        თანაც, «მოქკავშირის» სიბეცის წყალობით, ოპოზიციამ შეინარჩუნა ბოიკოტის პოლიტიკური საფუძველი: ე.წ. «მარკირების» საკითხი, ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, «აღორძინებამ» თავისი გაინაღდა, კანონში ცვლილებები შეატანინა უმრავლესობას, მიიღო უმრავლესობა საარჩევნო კომისიებში, ხოლო «ბოიკოტის» თემა მაინც არ მოხსნა დღის წესრიგიდან «მარკირების» საბაბით. თუმცა, იმთავითვე ცხადი იყო, რომ ასეთი ფორმით ამომრჩევლის მარკირებას არც ერთი თავმოყვარე საზოგადოება არ შეურიგდებოდა.
        სხვათა შორის, მოვლენათა ამგვარი სცენარით განვითარების შესაძლებლობას აშკარად გრძნობდა ზურაბ ჟვანია (საამისო ჭკუა და ეშმაკობა მას საკმარისი აქვს) – ამიტომ, როგორც კი ჯემალ გოგიტიძემ უკანასკნელ სხდომაზე (როცა კანონპროექტის ახალი რედაქცია უნდა მიეღოთ) კიდევ დასვა «მარკირების» საკითხი, პარლამენტის თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა «პოზიციათა გასარკვევად». პოზიციათა სხვაობა კი (ოპოზიციის შიგნით) უეჭველად იმაში მდგომარეობდა, რომ «ტრადიციონალისტებს», «სოციალისტებს», «ზვიადისტებს» მარკირების საკითხი განსაკუთრებით არ აღელვებდათ - «რაკი გაინაღდეს» უმრავლესობა საარჩევნო კომისიაში და აიძულეს მმართველი პარტია შეეტანა შესაბამისი ცვლილებები კონსტიტუციაში, აი, საკუთრივ «აღორძინების პარტიისთვის» კი (ვგულისხმობ ასლან აბაშიძის უშუალო გარემოცვას) «მარკირება» მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც ცდილობდენენ შეენარჩუნებინათ საბაბი აჭარაში არჩევნების ჩატარების ასაკრძალად (ვითომც «მარკირების» გამო, სინამდვილეში კი საქართველოს კონსტიტუციაში აჭარის სტატუსის დაფიქსირებაზე უარის თქმის შემთხვევაში) ან იმავე საბაბით, გაემართლებინათ ასლან აბაშიძის უარი, მონაწილეობა მიეღო საპრეზიდენტო არჩევნებში – რასაც იგი ისედაც არც არასდროს აპირებდა.
        ასეთ ვითარებაში «მოქალაქეთა კავშირის» მთავარი ამოცანა უნდა ყოფილიყო, წაერთმია მოწინააღმდეგისათვის (დიახ, პოლიტიკური მოწინააღმდეგისთვის) იმის საშუალება, რომ ერთი მხრივ «გაენაღდებინა» რაც სურდა – მეორე მხრივ კი მაინც შეენარჩუნებინა «ბოიკოტის» არგუმენტირების და გამართლების საშუალება.
        ამის საუკეთესო ხერხი (მეთოდი) იქნებოდა «საარჩევნო კანონის ცვლილებათა კანონპროექტის» პარალელურად, შესაბამისი პოლიტიკური დეკლარაციის (პარლამენტის განცხადების) ტექსტის შემუშავება, რომელშიც შავით თეთრზე ჩაიწერებოდა: ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, ვაცხადებთ, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას «საარჩევნო კანონის» ძირითად დებულებებზე, რის შედეგადაც გამოვრიცხავთ «ბოიკოტს».
        ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამ დეკლარაციას ვახტანგ რჩეულიშვილი, კაკო ასათიანი და ვახტანგ ბოჭორიშვილი ხელს მოაწერდნენ და პარლამენტში შესაბამის განცხადებასაც ხმას მისცემდნენ, ხოლო ჯემალ გოგიტიძე უეჭველად უარს იტყოდა.
        შედეგად, «მოქალაქეთა კავშირი» მიიღებდა საშუალებას, ჯერ ერთი, მოეხდინა ოპოზიციის შიგნით არსებული ფარული განხეთქილების ღია დემონსტრირება და მეორე: საერთოდ უარი განეცხადებინა კანონში ცვლილებათა შეტანაზე - ჯერ «შიგნით» მოილაპარაკეთ და მერე წამოგვიყენეთ ერთიანი მოთხოვნებიო».
        ამ შემთხვევაში, საზოგადოებრივი აზრი უეჭველად მმართველი პარტიის მხარეს იქნებოდა. მაგრამ ამას რატომღაც ვერ მიხვდნენ. თუ მიხვდნენ რატომ არ გააკეთეს?

7 დღე, 1 მარტი, 2000 წელი

მთელ გვერდზე