აფხაზეთის პრობლემა რუბიკონს უახლოვდება

        ჯერ კიდევ ფრაქცია «აფხაზეთის» საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლის შემდეგ, ბევრი დამკვირვებელი ვარაუდობდა, რომ ამ დემარშის მოტივაცია შორს სცილდებოდა «ბაკურ გულუას» საკითხს. ძირითადი მიზეზი მაინც ამ ფრაქციის მთავარი ტკივილი – აფხაზეთი იქნებოდა.
        ეს მოსაზრება მთლიანად დადასტურდა მას შემდეგ, რაც ფრაქციამ გაამწვავა აფხაზეთის პრობლემა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვახტანგ ყოლბაიამ, რომელიც «არაფორმალურ ლიდერად ითვლება», ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსის კონსტიტუციონალიზების შესახებ.
        ეს წინადადება შეიძლება ბობოქარ საპარლამენტო ვნებათაღელვის კატალიზატორად იქცეს და ძალიან საინტერესო იქნება, რა პოზიციას დაიკავებენ ფრაქციები, მათ შორის, ფრაქციათა კოალიცია «აღორძინება».
        ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ყოლბაია მოქმედებს «აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის» პრეცედენტის შესაბამისად. თუ პარლამენტმა კონსტიტუციაში ჩაწერა აჭარის ავტონომიური სტატუსი, რატომ არ შეიძლება ანალოგიური «კონსტიტუციური შესწორების» შეტანა აფხაზეთთან დაკავშირებით? თუმცა, იმთავითვე ცხადია: ეს ორი პრობლემა სხვადასხვა სიბრტყეზე ვითარდება და შესაბამისად, სხვადასხვა შინაარსი, განსხვავებული პოლიტიკური ტექნოლოგია და განზრახულობა ახასიათებთ.
        კონსტიტუციაში «აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის» სატატუსის მითითება იმას ნიშნავს, რომ ოფიციალური თბილისი აღარ იტოვებს მანევრისთვის აუცილებელ სივრცეს – იგივე «კომპრომისულ სივრცეს». სწორედ ეს სურს აფხაზეთის ქართულ ელიტას, რომელსაც კვლავინდებურად ეშინია, რომ თბილისი, მისი ინტერესების ხარჯზე, მიაღწევს კომპრომისს სეპარატისტებთან. არადა, ეს სრული ილუზიაა – დღევანდელი ხელისუფლება არასდროს გადადგამს ნაბიჯს, რაც საზოგადოებაში მწვავე დისკუსიასა და დაპირისპირებას გამოიწვევს.
        თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ აფხაზეთთან «სახელშეკრულებო ურთიერთობათა» დამყარების მომხრენი სულ უფრო ხმამაღლა და უშიშრად გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებას.
        «აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის» კონსტიტუირებით წერტილი დაესმება საუბარს «საქართველოს ფედერაციის» შესახებ, ანუ ფორმალურად საქართველო დარჩება ეგრეთ წოდებულ, «რთულ, უნიტარულ სახელმწიფოდ». მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალურად. აჭარის ავტონომიტური რესპუბლიკის კონსტიტუციის «ახალი რედაქციით» განსაზღვრული უფლებამოსილება უნიტარული სახელმწიფოს თვისებათა ჩარჩოებში ნამდვილად არ ეტევა და ზოგიერთ საკითხში ფედერალიზმის პრინციპებსაც კი აჭარბებს. ხოლო ის ფაქტი, რომ უკვე დადასტურებული უფლებამოსილება მხოლოდ ფორმალურად განიხილება «ერთობლივ კომისიაში» და ცენტრალური ხელისუფლება, სულაც არ აპირებს უარყოს რეგიონის უფლებები – უეჭველად ნიშნავს: ეს მოდელი აპრობირებულია სწორედ აფხაზეთისთვის, ოღონდ აჭარაში არანაირი სეპარატიზმი არ არსებობს. ამიტომაც არ არის პრობლემა საქართველოს კონსტიტუციაში აჭარის «ავტონომიური» სტატუსის ჩაწერა. აფხაზეთის შემთხვევაში კი ცნება «ავტონომიის» იურიდიული გაფორმება მთლიანად დაარღვევს ამჟამინდელ სამშივდობო პროცესის ფორმატს – განსაკუთრებით მოლაპარაკებათა პროცესს.
        არადა, არაფერს სასარგებლოს ეს არ მოიტანს. ამ ლოგიკით, მაშინ ყველაზე თანმიმდევრული ის იქნება, თუ მოვითხოვთ რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანას, შევიყვანთ აფხაზეთში საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და განვაახლებთ ომს. მაგრამ რაკი ასეთი განწყობა საქართველოში ნამდვილად არ არის (პირველი ომისა და ჩეჩნეთის ორი ომის მაგალითი თვალწინ გვაქვს), მაშინ შესაძლო კომპრომისის სივრცეს უფრო მეტად უნდა მოვუფრთხილდეთ.
        არ არის გამორიცხული, ვითარების «მომწიფების» კვალობაზე, ხელისუფლებამ როგორც «აჭარის პრეცედენტი», ასევე ვახტანგ ყოლბაიას წინადადება იმისთვის გამოიყენოს, რომ, ბოლოს და ბოლოს, გადაჭრას სოფისტური წინააღმდეგობა კონსტიტუციაში: «საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა განისაზღვრება მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღდგება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა».
        არადა, თავისთავად მოლაპარაკება აფხაზეთის პრობლემაზე ხომ «იურისდიქციის აღდგენის პროცესის» შინაარსობრივი გამოხატულებაა. ყოველ შემთხვევაში, იმ სოფიზმით სეპარატისტები და მათი მხარდამმჭერები აქტიურად სარგებლობენ.
        ამ ვითარებაში, შესაძლოა, კონსტიტუციაში ჩაიწეროს სწორედ საქართველოს ფედერალიზაცია. ეს შესაძლებელია, ვინაიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელწოდებას მისი უფლებამოსილების განსაზღვრა არ მოჰყოლია.
        ვახტანგ ყოლბაია კი (მიაქციეთ ყურადღება) არა მხოლოდ სახელწოდების, არამედ უფლებამოსილების განსაზღვრასაც მოითხოვს.

დილის გაზეთი, 19 სექტემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე