2005 წლამდე სისტემის კონსტიტუციური ცვლილება მოსალოდნელი არ არის

        გასული კვირის მოვლენებმა ცხადყო, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი წესწყობილებისა და მმართველობითი სისტემის ღრმა რეფორმა (ფაქტობრივად, მთლიანი შეცვლა) საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელ, აუცილებელ და პერმანენტულად აქტუალურ ფენომენად იქცა.
        ამას მოწმობს შევარდნაძე-ჟვანიას დაუსწრებელი დიალოგი. პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ 2005 წლისათვის (ანუ მოქმედი პრეზიდენტის ვადის ამოწურვასთან ერთად) საქართველოში უნდა გუქმდეს საპრეზიდენტო მმართველობა და დაფუძნდეს «საპარლამენტო რესპუბლიკა».
        ტრადიციულ ბრიფინგზე ედუარდ შევარდნაძემ არცთუ აგრესიულად უპასუხა ამ ინიციატივას. მისი გამოხმაურების არსი ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: «არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჯერ ადრეა».
        დაკვირვებული თვლა (და ყური) უეჭველად შეამჩნევდა განსხვავებას ამ რეაქციასა და იმ მკვეთრ, საკმოად მკვახე განცხცადებებს შორის, რაც მოჰყვა ადრინდელ წინადადებას «მინისტრთა კაბინეტის» აღდგენის შესახებ.
        თუ გახსოვთ, მაშინ ედუარდ შევარდნაძემ «მოქალაქეთა კავშირის» მთავარი საბჭოს სხდომაც კი მოიწვია და თანაპარტიელები გვარიანად «გაწურა». მაგრამ მაშინ პრეზიდენტის მწვავე რეაქცია უფრო იმან გამოიწვია, რომ «მინისტრთა კაბინეტის» შემოღებას დაუყოვნებლივ აპირებდნენ, რაც შევარდნაძემ აღიქვა, როგორც მისი უფლებამოსილების შეკვეცის მცდელობა.
        ამჯერად საქმე ეხებოდა არა მინისტრთა კაბინეტის დაუყოვნებლივ დაფუძნებას, არამედ თითქოსდა ჰიპოთეტურ მსჯელობას 2005 წლისთვის საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე, რომელიც მთლიანად შეცვლის ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების მოდელს.
        ედუარდ შევარდნაძის განწყობა უეჭველად იმით განისაზღვრება, რომ 2005 წლისთვის იგი სულაც არ აპირებს პოლიტიკური კარიერის დასრულებას.
        მოქმედი კონსტიტუცია კატეგორიულად კრძალავს «მესამე საპრეზიდენტო ვადას». კონსტიტუციური ნორმის შესაბამისად, ერთი და იგივე პიროვნება შეიძლება მხოლოდ ორჯერ იყოს არჩეული საქართველოს პრეზიდენტად.
        ქართული პოლიტიკური კლასი ადვილად არ შეელევა შევარდნაძეს, განურჩევლად დღევანდელი «პოზიცია-ოპოზიციურობისა». მაგრამ კონსტიტუციაში მხოლოდ «მესამე ვადასთან» დაკავშირებული ცვლილების შეტანა ბევრ სირთულესთან იქნება დაკავშირებული. ამიტომ უმჯობესია იგივე განხორციელდეს სხვა ფორმით: 2005 წლისთვის (ანუ მეორე საპრეზიდენტო ვადის ბოლოს), ედუარდ შევარდნაძე თანახმა იქნება შეიცვალოს მმართველობის სისტემა. პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ არ გაუქმდება, მაგრამ იგი შეიძენს დაახლოებით ისეთ ფუნქციას, როგორიც გერმანიის ან ისრაელის პრეზიდენტს ეკისრება. მთავარი ფიგურა კი პრემიერ-მინისტრი გახდება.
        ამრიგად, გარკვეული კონსესუსი უკვე მიღწეულია. ორივე მხარე, ორივე მთავარი სუბიექტი შეთანხმდა, რომ 2005 წლამდე სერიოზული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ამჟამინდელი ძალთა განლაგება აღმასრულებელ ხელისუფლებაში უცვლელი დარჩება. პრეზიდენტი უშუალოდ ხელმძღვანელობს მთავრობას, ხოლო სახელმწიფო მინისტრი, ფუნქციათა ზრდის მიუხედავად, მაინც არ არის «პრემიერი» ან «მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე» თუნდაც იმიტომ, რომ არსებობს მთავრობა (მთლიანობაში, როგორც პრეზიდენტის საკონსულტაციო ორგანო), მაგრამ არ არსებობს მინისტრთა საბჭო ან მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც დამოუკიდებლად შეეძლება რაიმე გადაწყვეტილების მიღება. სხვაგვარად თუ ვიტყვით, მინისტრები კი არიან «კოლეგები», მაგრამ მთავრობა არ არის «უფლებამოსილი კოლეგიალური ორგანო».
        2005 წლის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო გაძლიერდებიან არატრადიციული «ახალი ფიგურები», ამიტომ მეორე ალტერნატიულ ალბათობად შეიძლება განვიხილოთ ის ვარიანტი, რომ 2003 წლის (საპარლამენტო არჩევნების) მოახლოებასთან ერთად შედგება გარკვეული შეთანხმება პარლამენტში მოქმედ პარტიებს შორის, რათა შეიცვალოს კონსტიტუცია და 2005 წლისათვის დაფუძნდეს საპარლამენტო რესპუბლიკა.
        2003 წლის საპარლამენტო არჩევნები იმიტომ იქცევა ძირითად ორიენტირად, რომ ამჟამინდელ საკანონმდებლო ორგანოში მოქმედ ფიგურებსა და დაჯგუფებებს არ ექნებათ სამომავლო გარანტია. მოქმედი სისტემა («ამერიკული მოდელი») და შესაბამისი საარჩევნო კანონი (მაღალი საარჩევნო კვოტით), არ უზრუნველყოფს მათ დარჩენას პარლამენტში ანუ ახალ პარლამენტში მოხვედრას.
        საეჭვოა კვლავ განმეორდეს 1999 წლის კონფიგურაცია. ასლან აბაშიძე რას ფიქრობს და რას აპირებს, მხოლოდ უზენაესმა უწყის. საქართველოს პრეზიდენტობას, რომ არ აპირებს, ცხადია. ამიტომ პარლამენტი შეეცდება «მიოასწროს» კონსტიტუციის შეცვლა, თანაც, იმავდროულად პრეზიდენტ შევარდნაძის ინტერესებიც გაითვალისწინოს. პროცესი გაიწელება 2005 წლამდე, შევარდნაძე კი დაიკავებს ახალი ტიპის პრეზიდენტის პოსტს.
        ეს ყოველივე მხოლოდ ვარაუდია. სხვა საკითხია, რომელი «მოდელი» უფრო მისაღებია ზოგადად ქვეყნისათვის - «გერმანული» თუ «ამერიკული».
        შესაძლოა მოვლენები და პროცესები სულ სხვაგვარად განვითარდეს, თუმცა ზემოთაღწერილი სცენარიც სავსებით რეალურია და შესაძლებელი.
        და მაინც, გარანტირებულად მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ 2005 წლამდე არავინ კანონიერად (ანუ, ყოველ შემთხვევაში კონსტიტუციურად) ლეგალურ ძალთაგან, პრეზიდენტ შევარდნაძის უფლებამოსილებას არ ხელყოფს.

მერიდიანი, 8 ნოემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე