9 აპრილს საქართველოს ფედერალური მოწყობა გადაწყდა

        2000 წლის 9 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ მესამედ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი. სახელმწიფოს მეთაურის პოსტი ედუარდ შევარდნაძემ შეინარჩუნა. რამდენ პროცენტსაც არ უნდა შეადგენდეს «გაყალბება», იმთავითვე ცხადია, რომ მას არ შეეძლო სერიოზული ზეგავლენა მოეხდინა შედეგებზე. ისიც იმთავითვე ცხადი იყო, რომ ამ არჩევნებში პატიაშვილი დამარცხდებოდა.
        მაგრამ ის, რაც ასლან აბაშიძემ გააკეთა, უეჭველად, პოლიტიკურ ქრესტომათიაში უნდა იქნას შეტანილი, როგორც საკუთარი ინტერესების ცინიკური და პრაგმატული დაცვის უბრწყინვალესი მაგალითი. რა თქმა უნდა, «საკუთარ ინტერესებში» ვგულისხმობთ აგრეთვე აჭარის ავტონომიის ინტერესებსაც.
        ასლან აბაშიძის პარტნიორები იმიტომაც აღმოჩნდნენ თავლაფდასხმულნი, რომ არ სურდათ გაეთვალისწინებინათ მთავარი: აჭარის ლიდერი ყოველთვის მოქმედებდა, მოქმედებს და კვლავაც იმოქმედებს ზემოხსენებული ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ინტერესებს კი სულაც არ შეესაბამებოდა მწვავე კონფრონტაცია ედუარდ შევარდნაძესთან, ან თუნდაც ისეთი ვითარების შექმნა, როდესაც აჭარაში ხმების უმრავლესობას შევარდნაძის კონკურენტი მიიღებდა. საქმე ის არის, რომ თუ შევარდნაძე მაინც გაიმარჯვებდა (არადა, ცხადია, მაინც გაიმარჯვებდა) და აჭარის პრობლემები არ გადაწყდებოდა, აჭარულ ისტებლიშმენტში გაიზრდებოდა ასლან აბაშიძით უკმაყოფილება: აქაოდა, შევარდნაძე გადაგვეკიდაო. ახლა კი ეს არგუმენტი მოისპო. სამაგიეროდ, შეიქმნა სხვა არგუმენტი: წარმოიდგინეთ, ჩვენ ხმა მივეცით, ის კი მაინც არ გვაძლევს თავისუფალ ეკონომიკურ ზონას და ა.შ.
        დარწმუნებული ვარ, შევარდნაძე და ჟვანია, საერთოდაც რომ არ ჩასულიყვნენ ბათუმში, საერთოდ რომ არ გაემართათ რაიმე მოლაპარაკება ასლან აბაშიძესთან, აჭარის ლიდერი მაინც ისე მოიქცეოდა, როგორც მოიქცა, ანუ უზრუნველყოფდა (ფარული, თუმცა ძალიან ძლიერი ბერკეტებით) შევარდნაძის გამარჯვებას.
        ბათუმური მოლაპარაკება შევარდნაძესა და ზურაბ ჟვანიასთან ასლან აბაშიძეს იმისათვის დასჭირდა, რათა შეექმნა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს არსებობს რაღაც გარიგება იმავე «თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან», იმავე «სტატუსთან», ან აჭარაში (ფაქტობრივად) საპრეზიდენტო ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, თუ მომავალში «არსებული შეთანხმება» დაირღვევა, შევარდნაძის თბილისური ოპოზიცია ისევ ცენტრს დაადანაშაულებს.
        ერთი სიტყვით, მთელ ამ პოლიტიკურ საარჩევნო ორომტრიალში, რომელიც ორი წლის წინ ლაგოდეხის ეპოპეით დაიწყო – გაიმარჯვა მხოლოდ ასლან აბაშიძემ (ოპოზიციიდან). მხოლოდ მან შეძლო რენომესა და პოლიტიკური წონის შენარჩუნება, მაშინ, როდესაც უკლებლივ ყველა მისი პარტნიორი აღორძინების ბლოკიდან (აღორძინების პარტიის გარდა), ტაკიმასხარულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
        და მაინც, ყველაზე მთავარი შედეგი 2000 წლის 9 აპრილისა, როგორც ჩანს, ის არის, რომ უახლოესი ერთი-ორი წლის განმავლობაში, უეჭველად გადაწყდება საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხი.
        შეგახსენებთ, რომ დღემდე აჭარის ხელისუფლება წინააღმდეგი იყო კონსტიტუციაში ამ თავის შეტანისა (რაკი შესაბამისი გარანტიები არ ჰქონდა) და პროცესის ჩასაშლელად ოსტატურად იყენებდა 1995 წლის კონსტიტუციაში იმდროინდელი ოპოზიციის მოთხოვნით ჩაწერილ დებულებას, რომლის თანახმადაც საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი იურისდიქციის აღდგენის შემდეგ.
        ამ დებულებამ საშუალება მისცა აფხაზ და ოს სეპარატისტებს, დემაგოგიურად განეცხადებინათ, რომ თვით მოლაპარაკება მათი სტატუსის შესახებ არის იურისდიქციის აღდგენის პროცესი და ვიდრე ეს პროცესი არ დამთავრდება, იურისდიქცია არ შეიძლება ჩაითვალოს აღდგენილად.
        როგორც ჩანს, ეს სულელური დებულება კონსტიტუციიდან ამოღებულ იქნება და ამის წინაპირობა გახდება აჭარის სტატუსის განსაზღვრა. შესაძლოა, უახლოეს მომავალში კონსტიტუციაში, მართლაც ჩაიწეროს «აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა», მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ უმალვე განისაზღვრება ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა გადაწყდეს საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის პრობლემა. მათ შორის, აჭარის სტატუსის საკითხიც.
        იმავე კონტექსტში მომავალ წელს აჭარის მოსახლეობა აირჩევს არა მხოლოდ აჭარის უზენაეს საბჭოს, არამედ აჭარის რესპუბლიკის მეთაურსაც.
        და, რაც მთავარია, თავლაფდასხმული და ყოველმხრივ «თვითდისკრედიტებული» ოპოზიცია საქართველოს ფედერალიზაციას ხელს ვერ შეუშლის – საკმარისი იქნება მხოლოდ ასლან აბაშიძის თანხმობა და მორჩა!
        მაშასადამე, საქართველოს პარლამენტი არა მხოლოდ აჭარის ძალიან მაღალ სტატუსს დაადგენს და ზოგიერთ იმ უფლებამოსილებასაც დაუთმობს, რაც კონსტიტუციის «ადრინდელი» რედაქციით «ცენტრის» ეჭვმიუტანელ პრეროგატივას განეკუთვნებოდა, არამედ საქართველოს გამოაცხადებს ფედერაციულ რესპუბლიკად (სფრ) და განსაზღვრავს, რომ ურთიერთობა აჭარის რესპუბლიკასთან, აფხაზეთის რესპუბლიკასთან და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან (დიახ, დიახ) დადგინდება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციური კანონით, არამედ სპეციალური ხელშეკრულებით, რომელიც გაითვალისწინებს თითოეული პრობლემის სპეციფიკურობას.
        «საქართველოს ფედერალიზაციის» შესახებ ბრალდებას კი ოპოზიცია საკუთარი მიზნებისათვის ვეღარ გამოიყენებს, ვინაიდან ამით არა მხოლოდ შევარდნაძესა და მოქალაქეთა კავშირს დაუპირისპირდება, არამედ ასლან აბაშიძესა და აღორძინების პარტიასაც, ხოლო «აღორძინების ბლოკის» საბოლოო დაშლა უკვე გადაწყვეტილია.
        ასლან აბაშიძესთან დაპირისპირება ნამდვილად არ გამოუვა იმ ხალხს, ვინც მისი ხელიდან ჭამდა სულ ცოტა ხნის წინ. ამიტომაც საქართველოს ფედერალიზაციის პროცესი სრულებით უმტკივნეულოდ ჩაივლის –საკითხი უკვე მომწიფებულია და ამ მიმართულებით გადამჭრელიო ზომების განსახორციელებლად ხელისუფლებას ყველა წინაპირობა აქვს.

მერიდიანი, 12 აპრილი, 2000 წელი

მთელ გვერდზე