ედპ-სახალხო: სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა
   

    როგორც ჩანს, მომავალი საარჩევნო კამპანიისა და თვით არჩევნების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინტრიგა იქნება დაპირისპირება ირინა სარიშვილი-ჭანტურიას ეროვნულ--დემოკრატიულ პარტიასა და ამ პარტიის ყოფილ ელიტას, - «სახალხო პარტიას» შორის.
    «კეთილისმსურველების» მიერ გამოთქმული აზრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და თვით ეროვნულ-დემოკრატიულ იდეალთა გადასარჩენად ამ ორი პარტიის შერიგება-გაერთიანების შესახებ ირინა სარიშვილ-ჭანტურიამ და მისმა ოპონენტებმა სერიოზული ყურადღების ღირსადაც არ ჩათვალეს.
    თანაც, ნამდვილად ძნელი სათქმელია, ყოფილი ედპ-ს რომელი განაყოფია უფრო შეურიგებელი - ალბათ, ორივე ერთნაირად.
    საქართველოში სხვაგვარად არც ყოფილა ოდესმე და არც შეიძლება იყოს, - ოდითგანვე, საუკუნეთა განმავლობაში, ყველა საქმეს, თანაც კარგად დაწყებულს, პიროვნული ამბიცია ღუპავდა, ანუ «უჩემოდ ვით იმღერეთა».
    არადა, ორივე მხარე უნდა აცნობიერებდეს, რომ სამკვდრო-სასიცოცხლო საშიშროების წინაშე დგას და შეიძლება ისე მოხდეს (ეს უფრო სავარაუდოა, ვიდრე სხვა ვარიანტი), რომ 5-პროცენტიანი ბარიერი მომავალ არჩევნებში ვერც ერთმა ვერ გადალახოს, ანუ სამუდამოდ, დიახ სამუდამოდ(!) აღმოჩნდეს იქ, სადაც უკანასკნელი 6-7 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ამბიციური ქართველი პოლიტიკოსი აღმოჩნდა.
    «ორივე ედპ»-ს მცდელობა, გამოიყენოს 1999 წლის ბიუჯეტის დამტკიცება მთავრობის გადაყენებისა და კოალიციური (მემარჯვენე) მთავრობის შექმნისათვის, რათა ამ გზით განიმტკიცოს წინასაარჩევნო პოზიციები - უეჭველად კრახით დასრულდება.
    «მოქალაქეთა კავშირს» ეყოფა პოლიტიკური რესურსი, რათა მთელი ძალების მობილიზება მოახდინოს (თუნდაც საზღვარგარეთიდან ჩამოიყვანოს წევრები); ეს უკანასკნელი კენჭისყრაც მოიგოს და დაამტკიცოს 1999 წლის ბიუჯეტი, რის შემდეგაც ხელისუფლებაზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტი (ქუჩის გარდა, რაც უკვე გვიან არის) აღარ დარჩება.
    მაშასადამე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიაც და «სახალხოც» მხოლოდ ელექტორალურ სტიქიას მიენდობიან - ელექტორატის განწყობა კი მემარჯვენე პარტიებისათვის არც თუ სასარგებლოდ იცვლება.
    «ადგილობრივ არჩევნებში» მემარცხენეების წარმატება სწორედ ამის მანიშნებელია.
    «მოქალაქეთა კავშირი», როგორც სახელისუფლებო პარტია, ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება პოლიტიკურ ლანდშაფტზე, მაგრამ რა ელის ყოფილ «ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას?
    დამკვირვებელთა უმრავლესობა იმ დასკვნამდე მიდის, რომ 1999 წლის შემოდგომის არჩევნების შედეგად, «ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის» ორივე განაყოფიდან მხოლოდ ერთი შეძლებს 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვას.
    გასარკვევი მხოლოდ ისაა, მაინც რომელი მათგანი მოახერხებს ამას და რა რესურსებზე დაყრდნობით.
    «სახალხო პარტიამ», განვლილი ორი წლის განმავლობაში, თავისი პოლიტიკა ედპ-ს მიმართ ძალზე ჭკვიანურად წარმართა. «სახალხოს» გამოცდილი ლიდერები მიხვდნენ, რომ ირინა სარიშვილი - ჭანტურიასთან აშკარა, საჯარო დაპირისპირება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს გააძლიერებდა.
    ამიტომ მათ სხვა ტაქტიკა აირჩიეს, რაც გარეგნულ პიეტეტსა და თავშეკავებას გულისხმობდა.
    გიორგი კობახიძეს მხოლოდ ერთხელ უმტყუნა ნერვებმა და ეს შეცდომა, ალბათ, ახლაც ვერ უპატიებია საკუთარი თავისათვის.
    სამაგიეროდ, 15 ნოემბრის არჩევნების შედეგად მოსახლეობას ისეთი შთაბეჭდილება (ხაზს ვუსვამ, შთაბეჭდილება) დარჩა, რომ «სახალხომ» ედპ დაამარცხა.
    არადა, ეს შთაბეჭდილება არც თუ ბოლომდე სამართლიანია, თუ ყურადღებით გავაანალიზებთ არჩევნების შედეგებს არა მხოლოდ თბილისის, არამედ სრულიად საქართველოს მასშტაბით.
    თუმცა, მეორე მხრივ, ირინა სარიშვილი-ჭანტურიას სერიოზულ წარუმატებლობად უნდა ჩაითვალოს ის, რომ მან «სახალხო» გამანადგურებელი ანგარიშით ვერ დაამარცხა, - რასაც აშკარად მოელოდა.
    სარიშვილი-ჭანტურიამ შეცდომა დაუშვა, - «ადგილობრივი არჩევნების» წინ მან აქცენტი არა დედაქალაქზე (აქ საკითხი გადაწყვეტილი ეგონა), არამედ რაიონებზე გააკეთა სადაც, სხვათა შორის, ედპ მანდატების რაოდენობით «მოქალაქეთა კავშირის» შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა.
    მაგრამ ეს მარცხი ქალბატონი ირინასათვის ერთი მხრივ მომგებიანიცაა, ვინაიდან შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობას აძლევს. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 1999 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია მთელი ძალების კონცენტრაციას სწორედ თბილისზე გააკეთებს.
    «ადგილებზე» მათი «თვითმმართველობები» იმუშავებენ.
    გარდა ამისა, ირინა სარიშვილი-ჭანტურია აამოქმედებს თავის მთავარ იარაღს, რასაც დღემდე «შავი დღისთვის» ინახავდა, - საპარლამენტო დებატებში აქტიურ მონაწილეობასა და ორატორულ ნიჭს;
    მეორე მხრივ, ედპ-ს ლიდერმა შეიძლება სერიოზული შეცდომა დაუშვას, რისი ნიშნებიც სახეზეა. მაგალითად, უპატიებელი და გამოუსწორებელი შეცდომა იქნება კახა თარგამაძესთან დაპირისპირების გაგრძელება, თუ სარიშვილი-ჭანტურიას არ ექნა 100 პროცენტიანი გარანტია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს «წააქცევს».
    ამგვარ გარანტიას კი მას ვერავინ (უპირველესად, 2000 წლის მოლოდინში მყოფი პრეზიდენტი) ვერ მისცემს.
    ასევე სერიოზულ ტაქტიკურ შეცდომას უშვებს სარიშვილი-ჭანტურია, როდესაც ნაბიჯებს დგამს ჟვანიასთან შეურიგებელი დაპირისპირებისაკენ.
    ამით თავად იზღუდავს მანევრისათვის აუცილებელ სივრცეს (შემდგომ შერიგება ან გარიგება უკვე თვით «მოქალაქეებისათვისაც» შეუძლებელი გახდება რენომეს დაკარგვის შიშით) და ივიწყებს, რომ მისი ელექტორატი («სახალხოს» ელექტორატისაგან განსხვავებით) არ არის «პროტესტული», ამიტომ ხელისუფლებასთან მკვეთრი დაპირისპირებით, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ედპ მხოლოდ ხმებს დაკარგავს.
    ეს ეხება ედპ-ს და არ ეხება «სახალხოს», რომლის ელექტორატი, სწორედაც «პროტესტულია», ოღონდ «მემარჯვენე-პროტესტული», განსხვავებით რჩეულიშვილი-ნათელაშვილის «მემარცხენე-პროტესტული» ამომრჩევლისაგან.

მერიდიანი, 18 იანვარი 1999 წელი

მთელ გვერდზე